ავტოსპორტი

4:51 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაია ჩინეთში მერვე ადგილს დასჯერდა

TCR-ის საერთაშორისო სერიის მეცხრე ეტაპს ჩინეთის ქალაქ შაოსინის ჟეძიანის უახლესმა ტრეკმა უმასპინძლა, რომლის მშენებლობაც შარშან დასრულდა. იქ ჩატარებული ორი რბოლის შემდეგ, ჩემპიონატში აშკარა ლიდერი გამოიკვეთა. ესაა ფრანგი ჟან-კარლ ვერნეი, რომელმაც პირველ რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა, მეორეში მე-12 ადგილს დასჯერდა და დარჩენილი ორი რბოლის წინ, უახლოეს მდევარ ატილა ტაშის 21 ქულას უგებს.

სამწუხაროდ, ორი ჩინური რბოლიდან, მხოლოდ ერთის დასრულება შეძლო ქართულ-იტალიურ გუნდ „GE ფორსის“ ქართველმა მრბოლმა დავით ქაჯაიამ, ვისაც კლასიფიკაციაში 71 ქულით მე-12 ადგილი უკავია. შინ უქულოდ დაბრუნდა დათას სერბი თანაგუნდელი დუშან ბორკოვიჩი, ვინც მეორე რბოლის სტარტზეც არ გამოსულა, რადგან პირველში დაზიანებული მანქანის მომზადება ვერ მოესწრო.

დათამ კვალიფიკაციაში მე-9 დრო აჩვენა, რისი წყალობითაც, მეორე რბოლაში სტარტის წინ რიგიდან აღების უფლება მოიპოვა. კვალიფიკაციაში უსწრაფესები „ჰიუნდაი i30-ით“ მოასპარეზე ალენ მენუ და გაბრიელე ტარკვინი იყვნენ, მაგრამ იმის გამო, რომ მათი ავტომობილი ჯერაც არაა ჰომოლოგირებული და ისინი ჩათვლის გარეშე ასპარეზობდნენ, სტარტზე მათ მე-13 და მე-14 ადგილები მიუჩინეს. პოული კი რობ ჰაფს ერგო, ვისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში ბოლო რბოლები იყო.

დათამ პირველი რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა. მას სტარტი არ გამოუვიდა და თავიდან მე-11 ადგილზეც იყო, მაგრამ ბრძოლით წაიწია წინ, მე-14 წრეზე კი ჯეიმს ნაში ჩამოიტოვა და ფინიშის ხაზი მერვემ გადაკვეთა. გამარჯვება კი 55 წლის ტარკვინიმ მოიპოვა, ვისაც 1980-90-იან წლებში, ფორმულა 1-ის შვიდ სეზონში აქვს მონაწილეობა მიღებული. იტალიელმა კარგი სტარტი აიღო და შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიტოვა რობ ჰაფი, ჟან-კარლ ვერნეი და ბოლოს პეპე ორიოლა, რომელსაც მე-11 წრეზე გაასწრო.

მეორე რბოლაში ქაჯაიას თავის გამოჩენის კარგი შანსი ჰქონდა. სტარტზე მას ნაშმა გაასწრო, რომელიც კვალში ვერვიშს ჩაუდგა. რამდენიმე მოსახვევში, ქაჯაიამ ორივეს ერთდროულად გაასწრო, მაგრამ ნაშმა უკეთესი ტრაექტორიის წყალობით შეძლო დაწინაურება. ქაჯაიას კი ვერვიში დაეჯახა, თუმცა წონასწორობა ვერ დააკარგვინა და ქართველი მეორეზე დარჩა.

დათამ მეორე წრეზე, ერთ-ერთ მოსახვევში შეცდომა დაუშვა და მას ვერვიშმა და ჯანი მორბიდელიმ ერთდროულად გაასწრეს. მე-4 წრეზე, დათამ მორბიდლის შეუტია, რომელსაც ამ დროს ვერვიში ბლოკავდა. იმავდროულად კი ქაჯაიას გასწრებას ჰაფი ცდილობდა. დათამ კარგი ტრაექტორია დაიკავა და იტალიელს გვერდში რომ ამოუდგა, სწორედ მაშინ დაეჯახა მის „ალფა რომეოს“ ბრიტანელის „ფოლკსვაგენი“. დათამ მანქანაზე კონტროლი შეინარჩუნა, თუმცა შეჯახებამ „ალფას“ საკიდარი დაუზიანა და ქართველი მრბოლი ასპარეზობას გამოეთიშა.

მომდევნო წრეზე, ჰაფმა მსგავსი მანევრი მაშინაც შეასრულა, როცა მორბიდელის ასწრებდა. იტალიელის „ფოლკსვაგენი“ დაზიანებას გადაურჩა, თუმცა ჰაფმა ამჯერადაც შეძლო წინ წაწევა. ამ ორი უხეში მანევრისთვისაც ის არავის დაუსჯია. ერთი წრის შემდეგ, ჰაფმ ვერვიშსაც შეუტია და გაასწრო, ამჯერად კონტაქტის გარეშე. მაგრამ მოსახვევიდან გამოსვლისას, ჰაფმა სიჩქარე დაკარგა და მას ერთდროულად ორმა მეტოქემ, ვერვიშმა და მორბიდელიმ შეუტია. ამ დროს მოხდა მცირე შეჯახება ჰაფს და ვერვიშს შორის, საბოლოოდ კი ბრიტანელი დაწინაურდა, რომელსაც მორბიდელი დაედევნა. ვერვიში კი ჩამორჩა.

ამ მომენტისთვის, ნაში მეორეზე მყოფ ჰაფს უკვე 10 წამზე მეტს უგებდა. მაგრამ მე-14 წრეზე მას ჰაფი წამოეწია. მე-16 წრეზე ჰაფმა ლიდერის მცირე შეცდომით ისარგებლა და დაწინაურდა. ამჯერად მანევრი კონტაქტების გარეშე შეასრულა. ნაშმა კონტრშეტევა სცადა, მაგრამ ამაოდ. ჰაფმა სწრაფად შეძლო ჰანდიკაპის შექმნა და ფინიშამდე წინ აღარავინ გაუშვია. ნაშს კი მორბიდელიმაც გაასწრო. ბოლო წრეზე ნაშის გასწრება ალენ მენიუმაც სცადა, მაგრამ ბრიტანლი ამჯერად მაგრად დადგა და მესამემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

TCR-ის საერთაშრისო სერიის ბოლო ეტაპს დუბაი 18 ნოემბერს უმასპინძლებს.

TCR-ის საერთაშრისო სერია, მე-9 ეტაპი

ჩინეთი, ჟეძიანი

რბოლა 1 (19 წრე)

  1. გაბრიელე ტარკვინი (იტალია, ჰიუნდაი) 30:15.966
  2. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) +1.626
  3. რობ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენი) 1.970
  4. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 3.016
  5. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 7.035
  6. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) 11.787
  7. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა) 15.380
  8. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) 16.972
  9. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 19.028
  10. ორლენ პანისი (საფრანგეთი, ჰონდა) 19.679
  11. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) 20.201
  12. ალენ მენიუ (შვეიცარია, ჰიუნდაი) 20.983
  13. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 29.285
  14. ჟენდონ ჟანი (ჩინეთი, აუდი) 42.452
  15. რაფაელ გალიანა (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 50.245
  16. ტენგი ძიანი (ჩინეთი, აუდი) 1:01.357
  17. დანკან ენდი (აშშ, სეატი) 1:01.735

გ. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) 8 წრე

გ. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) 16 წრე

გ. დანიელ ლოიდი (ბრიტანეთი, სეატი) 17 წრე

გ. დენის დიუპონი (ბელგია, სეატი) 19 წრე

რბოლა 2 (19 წრე)

  1. რობ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენი) 30:23.840
  2. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 2.403
  3. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 3.511
  4. ალენ მენიუ (შვეიცარია, ჰიუნდაი) 23.435
  5. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 24.206
  6. გაბრიელე ტარკვინი (იტალია, ჰიუნდაი) 24.668
  7. ჟენდონ ჟანი (ჩინეთი, აუდი) 25.442
  8. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა) 26.902
  9. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) 36.852
  10. რაფაელ გალიანა (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 50.687
  11. დანკან ენდი (აშშ, სეატი) 1:09.015
  12. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 1 წრე
  13. ორლენ პანისი (საფრანგეთი, ჰონდა) 4 წრე

გ. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) 6 წრე

გ. ტენგი ძიანი (ჩინეთი, აუდი) 9 წრე

გ. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 15 წრე

გ. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) 15 წრე

გ. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) 16 წრე

გ. დანიელ ლოიდი (ბრიტანეთი, სეატი) არ გამოსულა

გ. დენის დიუპონი (ბელგია, სეატი) არ გამოსულა

გ. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) არ გამოსულა

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ჟან-კარლ ვერნეი - 207 ქულა; 2. ატილა ტაში - 186; 3. სტეფანო კომინი - 165; 4. რობერტო კოლჩაგო - 161; 5. პეპე ორიოლა - 137; 6. ჯეიმს ნაში - 115; 7. ჯანი მორბიდელი - 113; 8. დუშან ბორკოვიჩი - 108; 9. რობ ჰაფი - 106; 10. მატ’ო ჰომოლა - 76; 11. ფრედერიკ ვერვიში - 72; 12. დავით ქაჯაია - 71...

0.124465