ფეხბურთი

3:30 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: “ვაისი უნდა დარჩეს”

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი უელსთან წაგებული (0:1) შეხვედრის შემდგომ Worldsport.Ge–ს გაესაუბრა. პლოცკის “ვისლას” ფეხბურთელმა ნახსენებ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ვლადიმერ ვაისი ნაკრებში უნდა დარჩეს.

- თქვენი აზრით, დღევანდელ მატჩში რა დაგვაკლდა წარმატების მისაღწევად?

- ალბათ, იღბალი. მგონი ყველა დამეთანხმება, რომ მეტოქეს თამაშით არ უჯობნია. პირიქით, გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობას დავეუფლეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაკრები თამაშობს, უფრო და უფრო უმატებს და ეს ბოლო თამაშებში კარგად გამოჩნდა. აუტსაიდერები აღარავისთან ვართ და ყველა გუნდს დიდ პრობლემას ვუქმნით, ეს განსაკუთრებით საშინაო მატჩებზე ითქმის. წაგება ძალიან საწყენია, მაგრამ იმედია, მომავალში შეცდომებს გამოვასწორებთ, ნელ-ნელა წინ წავიწევთ და გამარჯვებებსაც ვიზეიმებთ.

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი თამაშით სერბეთის ნაკრებთან წარმატების შანსი გვაქვს?

- დიახ, ვფიქრობ რომ გვაქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ მინიმუმ ქულის აღებას მოვახერხებთ. რა თქმა უნდა სერბეთის სახით ძლიერი მეტოქე გვეყოლება, თუმცა ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ვეცდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

- თქვენ თამაშზე რას იტყვით?

- ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა ინერტული და დაძაბული ვიყავი, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დიდი ხანია ნაკრების რიგებში ძირითად შემადგენლობაში არ მითამაშია. ვეცდები, რომ მომავალ მატჩებში უფრო თამამი, აგრესიული და ნაყოფიერი ვიყო.

- მწვრთნელის დარჩენა/არდარჩენის საკითხს მოთამაშეები არ წყვეტენ. თუმცა, გვაინტერესებს თქვენი აზრი, უნდა დარჩეს თუ არა ვლადიმერ ვაისი?

- ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ბოლო პერიოდში, რადგან ნაკრებში არ მიძახებდნენ და ვაისის ხელმძღვანელობით მომიწია დაბრუნება, ამიტომ ვიძახი, რომ ის უნდა დარჩეს. თუმცა, ასე სხვა მიზეზის გამო ვფიქრობ. ჩემი აზრით, მწვრთნელთა ასეთი ხშირი ცვლა კარგი არცერთი გუნდისთვის არ არის. მიმაჩნია, რომ ის უნდა დარჩეს, რადგან როგორც აღვნიშნე ნაკრები გამართულ ფეხბურთს თამაშობს, იკვეთება ბირთვი და მომავალი ციკლისთვის უფრო უკეთესი გუნდი ვიქნებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის უკანასკნელი ტურის მატჩს 9 სექტემბერს ბელგრადში, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

0.111337