ფეხბურთი

16:57 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილის ინტერვიუ Berliner Zeitung-თან: “სწორ გზას ვადგავართ”

გერმანულ გამოცემა Berliner Zeitung-ში ლევან კობიაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მოთამაშის კარიერა ბერლინის “ჰერტაში” დაასრულა. ამ კლუბში, ისევე როგორც სხვაგან, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

- სალამი თბილისს! რთულია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ტელეფონზე სასაუბროდ მოიხელთო.

- ასეა. ხშირად დავდივარ საქართველოს ერთი ქალაქიდან მეორეში, ასევე, უცხოეთშიც. მაგალითად, უეფას კონგრესზე. და რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებსაც დავყვები. დრო ხშირად არ მაქვს.

- ორი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენს ყოფილ თანაგუნდელ რევაზ არველაძეს არჩევნებში 18:15 მოუგეთ ხმების მიხედვით. რამდენად რთულია ახალ პოსტზე მუშაობა?

- თავიდან საკმაოდ რთული იყო. პრობლემები იყო და ახლაც არის. ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ თანხის მოზიდვა დამჭირდა, რათა ეს განმეხორციელებინა. ფედერაციაში კარგი გუნდი ვართ, სტრუქტურის შეცვლა შევძელით და უფრო ეფექტური გავხადეთ. ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი გავაკეთეთ.

- კონკრეტულად, რა?

- უპირველესად, სამოყვარულო ფეხბურთი, სადაც დაახლოებით 8000 კაცი თამაშობს. საამისოდ საკამოდ ძლიერი ლიგა შევქმენით. ფუტსალში აშკარა პროგრესია, ახალი ლიგა ჩამოყალიბდა და უკვე ძლიერი ეროვნული ნაკრებიც გვყავს. არ დაგვავიწყდეს ქალთა ფეხბურთი, რომელიც პროგრესირებს.

- თუმცა ქვეყნის მთავარი ნაკრები წინ ვერ მიდის და ჩემპიონატიც ვერ არის ძლიერი. ხომ ასეა?

- საქართველოს უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი გამოდიოდა და გახლეჩილობა იყო, სათამაშო დონეში დიდი სხვაობით. ახლა 10-გუნდიანი ლიგები გვაქვს, კონკურენცია გაიზარდა და ყველა გუნდი ბოლომდე იხარჯება თითოეულ მატჩში. ეს კი ხარისხსაც მატებს. ორ გუნდს ფლეი-ოფში თამაში მოუწევს, ესეც ზრდის დაძაბულობას. ანუ, დონემ იმატა.

- ახლა რომელი კლუბები არიან საუკეთესოები?

- თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო”.

- გულშემატკივრების დასწრების მხრივ როგორ არის საქმე?

- იშვიათად 10 000 ესწრება, ხოლო პატარა ქალაქებში – 7000-8000. ნებისმიერი თამაშის ნახვა შესაძლებელია. ტელევიზიით ერთია და ინტერნეტითაც ფართოდ შუქდება ჩემპიონატი.

- ნაკრებს 2018 წლის მუნდიალზე გასვლის შანსი არ აქვს.

- ჯგუფში, სადაც სერბეთი, ავსტრია, ირლანდია, უელსი და მოლდოვა გვყავდა, რთული მატჩები გვქონდა. თუმცა არაერთ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ და შედეგის მხრივაც, უელსსა და ავსტრიაში ფრეები ცუდი არაა. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვჯობდით მეტოქეს და მჯერა, ნაკრებს მომავალი აქვს.

- ანუ, ვლადიმირ ვაისის მუშაობით კმაყოფილი ხართ?

- ბოლო წლებში ნაკრებში მწვრთნელები იცვლებოდნენ. ვაისი კარგად აკეთებს თავის საქმეს. მიზანი კი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა.

- ყველაზე დიდი პრობლემები რაში გაქვთ?

- მეტი ფინანსებია საჭირო, რათა ჩვენი სტრუქტურები გავაუმჯობესოთ. სპონსორთაგან ინტერესი მატულობს და ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ.

0.101579