ფეხბურთი

23:00 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ასეთ სიტუაციაში რა შეიძლება იყოს მეტი მოტივაცია?"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა უელსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. კვეკვესკირის განცხადებით, დროა საქართველოს ნაკრებმა კარგი თამაში შედეგშიც ასახოს და გაიმარჯვოს. მისი თქმით, გუნდი მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის, რადგან მიმდინარე შესარჩევ ციკლში ბოლო საშინაო მატჩში გამარჯვების მოპოვება მთავარი მოტივაციაა.

„სამწუხაროდ, ტრადიციად გვექცა საკვანძო ფეხბურთელების არყოფნა სანაკრებო თამაშების წინ. ჩემი აზრით, ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორებიც თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე არიან, ნებისმიერი ევროპული ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია. რაც შეეხება მოტივაციას, ბოლო ოფიციალური თამაშია საკუთარ მოედანზე და ჯერჯერობით გამარჯვება არ გვაქვს. ასეთ სიტუაციაში რა შეიძლება იყოს მეტი მოტივაცია? ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მაყურებელს, რომ შეგვიძლია კარგი, ხარისხიანი ფეხბურთის თამაში და შედეგის ჩვენება. განვლილი ორი თამაში ირლანდიასთან და ავსტრიასთან იყო ხარისხიანი ფეხბურთი, თუმცა სამწუხაროდ, გამარჯვების გარეშე. ახლა ხარისხიანი ფეხბურთი უკვე შედეგში უნდა ავსახოთ და მივაღწიოთ გამარჯვებას“, - განუცხადა კვეკვესკირმა სფფ-ის ვებგვერდს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს, თბილისში, უელსს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ ბელგრადში, სერბეთის ნაკრებს ესტუმრება და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108682