ძიუდო

20:50 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო და ბრინჯაო ხორვატიული ტატამიდან

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის 3-გზის ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან "ოქროს დროში” გაშვებული ვაზარით. იქამდე თავად იმარჯვა დამატებულ წუთზე მოპოვებული ვაზარით, კარგად ნაცნობ მეტოქესთან – იაპონელ დაიკი ნიშიამასთან.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ლიპარტელიანმა კიდევ ერთი გრძელი შეხვედრა ჩაატარა – ლატვიელ ევგენის ბოროდავკოს უილეთო ბრძოლაში მეხუთე წუთის მიწურულს სძლია, შიდოს უპირატესობით. "ბრინჯაოს ფინალში” კი ევროპის მოქმედ ჩემპიონს და მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონს – აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს ორწუთნახევარში აჯობა, გაფრთხილებების ლიმიტის ამოწურვით.

გრან პრიზე მესამე საპრიზო ადგილის დაკავებით ვარლამ ლიპარტელიანმა 350 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოს ცხრილში მეექვსე პოზიციიდან სამი საფეხურით დაწინაურება გაინაღდა.

საქართველოს ნაკრებმა ზაგრების გრან პრიზე ორი მედალი მოიპოვა. გუშინწინ კიმონო ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) მოირგო და ჩემპიონი გახდა.

საინტერესოა, რომ ხორვატიულ ტატამზე სულ 7 ქართველი ძიუდოისტი გავიდა. მათგან საქართველოს დროშის ქვეშ მხოლოდ პაპინაშვილმა და ლიპარტელიანმა იჭიდავეს.

ბექირ ოზლუ (ბეთქილ შუკვანი. 60 კგ) თურქეთის ნაკრებს წარმოადგენდა და ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა. რობერტ მშვიდობაძემ (60 კგ) რუსეთს მოუპოვა ვერცხლი. ლუკა მხეიძე (60 კგ) საფრანგეთის სახელით ჩაერთო კონკურენციაში. ანრი ეგუტიძე (81 კგ) – პორტუგალიის, ხოლო სანდრო მაქაცარია (90 კგ) – გერმანიის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116452