ბლოგი

20:08 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სპორტი და არჩევნები

საქართველოში ხელისუფლებების ცვლის პარალელურად, ყოველთვის იცვლებოდა და დღესაც იცვლება სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელობაც. ახალი ხელისუფლებები ძველი სპორტული ფუნქციონერების ადგილას ახალ, მათდამი ლოალურად განწყობილ ადამიანებს ნიშნავდნენ. სპეციალურად ვამბობთ სიტყვას “ნიშნავენ“, რადგან სპორტულ ფედერაციებსა და კავშირებში ჩატარებულიარჩევნების დიდი ნაწილი ხშირად სრული ფიქციაა ხოლმე და ყველამ უკვე წინასწარ იცის, რომ ხელისუფლებას კონკრეტულ სახეობაში ვინ ყავს პრეზიდენტად “შერჩეული“.

უკვე ვთქვით, რომ ასე იყო ადრე და ასეა ახლაც, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჩვენში არც ისე ცოტაა ადამიანი, რომლებიც ხელისუფლებების მხრიდან სპორტული ფედერაციების მუშაობაში ღიად ჩარევაში პრობლემას ვერ ხედავენ და მიაჩნიათ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. “ყველა ასე იზამს. აბა როგორ გინდა? ხელისუფლება რომ მოდის, თავის გუნდი უნდა ყველგან მიიყვანოს“ - გეტყვის მავანი ბედს შეგუებული თანამოქალაქე და დარწმუნებული ხარ, რომ ის თავადაც ვერც კი ხვდება ამ შემთხვევაში სწორედ მისი და მისნაირების ბრალი რომაა, რაც ზოგადად ქვეყანაში და კონკრეტულად ქართულ სპორტში ხდება.

საქართველოში სამწუხაროდ ჯერ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც მის კონკრეტულ მიზნებს და სურვილებს უკანა პლანზე გადაიტანდა, დაივიწყებდა ესათუის სპორტული მოღვაწე წინა ხელისუფლების დროს ვისკენ იყო და მხარს კონკრეტულად სპორტის სახეობის განვითარებას დაუჭერდა და არა პოლიტიკურად ეგზალტირებულ ადამიანებს, რომლებიც მთავრობის ცვლილებისთანავე მარტივად გადაინაცვლებენ სხვა პოლიტიკურ გუნდში და ამას “კარგი საქმეების კეთების“ დიადი სურვილით ახსნიან.

შეიძლება უტოპიასავით გამომდის, მაგრამ ვისურვებდი ისეთ ხელისუფლებას, რომელიც შეძლებს და დადგება საკუთრ პოლიტიკურ ვნებებზე მაღლა. ეს პირველ რიგში საქართველოსგამოადგება, რადგან იგივე სპორტულ ფედერაციებში, კონფედერაციებში თუ კავშირებში მუდმივი პოლიტიკური ბატალიები ჩვენს სპორტს ძალიან აზარალებს და ერთმანეთს კიდებს არამხოლოდ სპორტის ჩინოსნებს, არამედ რიგით სპორტსმენებსაც კი. აბა გავიხსენოთ, რამდენჯერ დაგვწყვეტია გული, როდესაც გვინახავს ერთ დროს თანამებრძოლები, თანაგუნდელები და ჩვენი ქვეყნის სახელის შორს გამტანი სპორტსმენები როგორი სიტყვებით ლანძღავდნენ ერთმანეთს, როდესაც ამას მათი პარტიის ლიდერი დაავალებდათ. კარგია ეს? მოსაწონია? ღირსეული საქციელია?

სულ ცოტა ხანში საქართველოში მორიგი არჩევნები იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნები რანგით საპარლამენტო არჩევნების ტოლ-სწორი ნამდვილად არაა, ფაქტია, რომ არჩეულ გამგებლებსა თუ მერებს ნამდვილად მიუწვდებათ ხელი მათ ქალაქსა თუ რეგიონში სპორტის განვითარებაზე და იმედია დადგება დრო, როდესაც არჩეული მერები, გამგებლები და საკრებულის წევრები მაინც მიხვდებიან ერთ წესით არცთუ რთულ ჭეშმარიტებას. ეს ქვეყანა ყველას თანაბრად გვეკუთვნის და როდესაც ქართული სპორტის მომავალზე ვლაპარაკობთ, მაშინ მაინც უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური კუთვნილებანი. თორემ ხომ ხედავთ რა ხდება?! ყველა წინ მიდის და ვითარდება, ჩვენ კი ერთ ადგილზე ვჩიჩქნით მიწას და აზერბაიჯანის “ყარაბახის“ წარმატებები გვაკვირვებს.

0.114235