ფეხბურთი

1:52 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტი” ჩემპიონსაც გაუსწორდა

ბრწყინვალედ თამაშობს “მანჩესტერ სიტი”. მართალია, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ამჯერად მინიმალური სხვაობით იმარჯვა, თუმცა უშუალო კონკურენტი გასვლაზე დაამარცხა და რაც მთავარია, მოქმედ ჩემპიონ “ჩელსის” თამაშითაც აჯობა.

“ქალაქელებს” ავტოსაგზაო შემთხვევაში მიღებული ტრავმის გამო საუკეთესო ბომბარდირი სერხიო აგუერო გამოაკლდათ, თუმცა სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არგენტინელის არყოფნა არ შეიმჩნიეს და მაინც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს.

“ჩელსის” კი აშკარად ეტყობოდა, რომ “ატლეტიკოსთან” გასვლაზე მოგებულ (2:1) მატჩში ძალიან დიდი ენერგია დახარჯა და “სიტისთან” შეხვედრამდე ძალების აღდგენა აშკარად ვერ მოასწრო.

მთელი თამაშის განმალობაში სტუმარი გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა და მეტოქე ფაქტობრივად ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა. პირველ ნახევარში სახიფათო მომენტები ორივე გუნდს შეექმნა: მასპინძელთაგან ალვარო მორატას და სეზარ აზპილიკუეტას შეეძლოთ გატანა, ხოლო სტუმართაგან დავიდ სილვა და ფერნანდინიო დაემუქრნენ ტიბო კურტუას კარს, თუმცა ბელგიელმა კიპერმა ორივე შემთხვევაში ივარგა. უნდა აღინიშნოს, რომ 35-ე წუთზე დაშავდა ალვარო მორატა და მეტოქის მსგავსად, “ჩელსიც” მთავარი ფორვარდის გარეშე დარჩა.

მეორე ნახევარში “სიტი” კიდევ უფრო მეტს უტევდა, რამაც საბოლოოდ ლოგიკური დასასრული მიიღო: 67-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა საჯარიმოს მისადგომებიდან ყოფილ გუნდს ჩინებული გოლი გაუტანა და როგორც შემდგომში გაირკვა, სამი ქულაც მოუპოვა – 0:1.

შეუჩერებელია მეორე მანჩესტერული კლუბიც, რომელსაც “სიტის” მსგავსად 19 ქულა აქვს. ჟოზე მოურინიოს გუნდი საკუთარ მოედანზე წყალწაღებულ “კრისტალ პალასს” დაუხვდა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. ანგარიში მესამე წუთზევე ხუან მატამ გახსნა, რასაც მარუან ფელაინის გოლი მოჰყვა, ხოლო 86-ე წუთზე თავისი გოლი რომელუ ლუკაკუმაც გაიტანა – 4:0.

ასეთივე ანგარიშით იმარჯვა “ტოტენჰემმა”, რომელმაც გასვლაზე “ჰადერსფილდი” გაანადგურა. “დეზებმა შეხვედრის ბედი პირველივე წუთებში გადაწყვიტეს და 23-ე წუთისთვის უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ. დუბლით გამოირჩა ჰარი კეინი, ხოლო თითო გოლი ბენ დევისის და მუსა სისოკოს ანგარიშზეა – 0:4.

მეორე მატჩია “უოტფორდს” მშველელად ევლინება ბრაზილიელი ახალწვეული რიჩარლისონი. 20 წლის შემტევმა გასულ ტურში “ლოსებს” 90-ე წუთზე “სუონსისთან” მოაგებინა, ხოლო ამჯერად 95-ე წუთზე “ვესტ ბრომვიჩს” ქულის მომტანი გოლი გაუტანა.

ზემოხსენებული “სუონსი კი, ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა 90-ე წუთზე. “ოლიმპიკ სთედიუმზე” გამართული შეხვედრა უგოლოდ სრულდებოდა, მაგრამ დიაფრა სახოს გოლმა “ვესტ ჰემს” სამი ქულა მოუტანა – 1:0.

“სტოკმა” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონის” დამარცხება მოახერხა, ხოლო “ბორნმუთის” და “ლესტერის” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ჰადერსფილდი – ტოტენჰემი 0:4 (0:3)

გოლები: 0:1, 0:3 კეინი (9; 23), 0:2 ბ.დევისი (16), 0:4 სისოკო (91)

ბორნმუთი – ლესტერი 0:0

მანჩესტერ იუნაიტედი – კრისტალ პალასი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მატა (3), 2:0, 3:0 ფელაინი (35; 49), 4:0 ლუკაკუ (86)

სტოკი – საუთჰემპტონი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 დიუფი (40), 1:1 იოშიდა (75), 2:1 კრაუჩი (85)

43-ე წუთზე ბერაჰინომ (სტ.) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ვესტ ბრომვიჩი – უოტფორდი 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 რონდონი (18), 2:0 ევანსი (21), 2:1 დაკური (37), 2:2 რიჩარლისონი (95)

ვესტ ჰემი – სუონსი 1:0 (0:0)

გოლი: სახო (90)

ჩელსი – მანჩესტერ სიტი 0:1 (0:0)

გოლი: დე ბრუინი (67)

0.203288