ავტოსპორტი

16:35 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი მალაიზიაშიც პოულზეა, ფეტელი - კუდში

იმ დროს, როდსაც სებასტიან ფეტელმა ძრავის პრობლემების გამო, მალაიზიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა პირველივე სეგმენტში დაასრულა, ჩემპიონატის ლიდერმა ლუის ჰამილტონმა საკმაოდ იოლად შეძლო ამ სეზონში მეცხრე, კარიერაში კი 70-ე პოულ პოზიციის მოპოვება და დიდი შანსი აქვს იმისა, რომ მალაიზიის შემდეგ, ფეტელთან არსებული 28-ქულიანი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს.

ჰამილტონის გამარჯვებას იოლი ვუწოდეთ, მაგრამ რეალურად, მან სულ რაღაც, 0.045 წამით აჯობა კიმი რაიკონენს, ვინც ლიდერის უიღბლობით შელახული „ფერარის“ ღირსება წარმატებით დაიცვა. უნდა ითქვას, რომ ჰამილტონმა სეპანგის ტრეკის კვალიფიკაციაზე გავლის რეკორდული დრო დააფიქსირა, რაც ახალი ტექნიკური რეგლამენტის გამო, აღარავის უკვირს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მომავალი სეზონიდან მალაიზიური ეტაპი აღარ გაიმართება.

კვალიფიკაცია მესამე დროით დაასრულა მაქს ფერსტაპენმა, ვისაც დღეს 20 წელი შეუსრულდა. მან მცირედით აჯობა თანაგუნდელ დანიელ რიკარდოს. და მხოლოდ მეხუთე დრო ჰქონდა ვალტერი ბოტასს. კვლავ ათეულში შევიდა „მაკლარენის“ ორივე პილოტი. თანაც, სტოფელ ვანდოორნს მეშვიდე დრო ჰქონდა, ალონსო კი მეათეს დასჯერდა.

საინტერესოა, რომ თუ მალაიზიის რბოლას ჰამილტონი მოიგებს და ფეტელი მეორე ან უფრო უკანა ადგილს დაიკავებს, მაშინ დარჩენილ რბოლებში, ჰამილტონისთვის მოგება აუცილებელი აღარც იქნება. ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, ყველა დარჩენილი რბოლა მეორე ადგილზე დაასრულოს.

მალაიზიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:30.076
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:30.121
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:30.541
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:30.595
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:30.758
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:31.478
  7. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:31.582
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:31.607
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:31.658
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:31.704

- - - - - - - - - -

  1. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:32.034
  2. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:32.100
  3. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:32.307
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:32.402
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:32.558

- - - - - - - - - -

  1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:33.308
  2. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:33.434
  3. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:33.483
  4. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:33.970
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113248