კალათბურთი

13:28 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მგლების" აღზევება

"ამ ორ ღლაპში კევინი როგორ გაცვალეს"

"ისეთი ბავშვები არიან, ზოგჯერ მგონია, მაზიანზეც ვერ ითამაშებენ"

"ამას ხელფასს რამდენჯერაც გაუზრდი, იმდენ სულელურ "პრიჩოსკას" დაიყენებს"

"რუბიომ 5 ქულა ჩააგდო, უეჭველი Career-High იქნება"

"ელოდონ ახლა კიდევ ბევრი წელი რაიმე გამონათებას"

ეს ის კომენტარებია, რომელიც სხვადასხვა პორტალებსა და ფეისბუქ-გვერდებზე ბევრჯერ შემხვედრია. "მარგალიტები", რომლითაც ადამიანები "მინესოტა ტიმბერვულვზს", მის ხელმძღვანელობასა და მოთამაშეებს ამკობდნენ. ზოგი ლავის გაცვლით იყო უკმაყოფილო, ზოგიც - მის სანაცვლოდ მიღებული "განძით". ზოგი ასაკზე წუწუნებდა და წარუმატებლობას იმას აბრალებდა, თითქოს მოთამაშეები პასუხისმგებლობას ვერ აღიქვამდნენ (ყოველთვის მაინტერესებს, ასეთ კომენტარს რა ასაკის ადამიანები წერენ). ზოგს უბრალოდ ვარცხნილობის ხშირი ცვლა აღიზიანებს, ზოგი ფიქრობს, რომ ყველა მოთამაშემ 10-15 ქულა მაინც უნდა აკეთოს საშუალოდ - "თან "ასნავნოის" თამაშობს, ხო არ ღადაობ?!".... ზოგმა კი უბრალოდ ხელი ჩაიქნია და მათთვის მინეაპოლისური გუნდი რამდენიმე წლით უბრალოდ გაქრა...

არ ვიცი, ვინ რას გულისხმობდა, როდესაც გამონათებაზე საუბრობდნენ, მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო მოვლენა, რომელიც მეტეორის ჩამოვარდნასავით ერთ კონკრეტულ მომენტში მოხდებოდა და ყველაფერს შეცვლიდა. გამონათება პროცესია და ის უკვე რამდენიმე წელია ამ გუნდში მიმდინარეობს. უფრო სწორად, ის სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც გუნდმა კევინ ლავი "კლივლენდში" გაუშვა და სანაცვლოდ ახალგაზრდა ენდრიუ ვიგინსი მიიღო. გაცვლაში ტადეუშ იანგი და 2013 წლის დრაფტის პირველი არჩევანიც მონაწილეობდნენ, მაგრამ იანგი მოგვიანებით გარნეტში გაიცვალა და არც არაფერი, ხოლო ბენეტი იმავე ბალასტად დარჩა და თითზე ჩამოსათვლელ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, თითზე ჩამოსათვლელი წუთებით. ძალიან მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა "კავალიერსი", როდესაც დრაფტზე ყველა დანარჩენს შორის მაინც და მაინც ის აირჩია. არადა რამდენი კარგი კალათბურთელი იყო იმ წელს:

  1. ოლადიპო (მე-2 პიკი)
  2. პორტერი (3)
  3. მაკლმორი (7)
  4. კოლდველ-პოუპი (8)
  5. მაკკალუმი (10)
  6. კარტერ-უილიამსი (11)
  7. ადამსი (12)
  8. ანტეტოკუმპო (15)
  9. შროდერი (17)
  10. ჰარდევეი (24)
  11. რობერსონი (26)
  12. გობერი (27)

და ყველა მათგანს ბენეტი ამჯობინეს. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, რატომ ან როგორ. წარმოიდგინეთ, ამჟამინდელ გუნდს + მაკკალუმი, ადამსი, გობერი ან საერთოდ იანისი! გამონათებას მაშინ ვნახავდით, თუ ვნახავდით (ვიცი, რომ "კლივლენდს" რომელიმე რომ აეყვანა, შესაძლოა, ლავი აღარც დაჭირვებოდა, ან გაცვლაში არ ჩაერთო, ან ბოლო წლებში "მინესოტას" უკეთესი შედეგები ჰქონოდა და თაუნსი ვერ დაემატებინა. ვიცი, უბრალოდ წ ა რ მ ო ი დ გ ი ნ ე თ).

მგონი, ბენეტს იმაზე ბევრად დიდი დრო დავუთმეთ, ვიდრე ამას მისი მწვრთნელი აკეთებს. ენტონი ისევ ლიგაშია და თუ რამე შეუძლია, "ფინიქსში" დაამტკიცებს. მართლა გამიხარდება, თუ "გაიქაჩება", რადგან ფაქტია, რომ კოლეჯში კარგი იყო და აქ უბრალოდ ვერ იხსნება.

ისევ ბენეტზე ვლაპარაკობ... მორჩა! ახლა დანარჩენები!

ვიგინსმა იმედები ნამდვილად გაამართლა და ეს ყველა კუთხიდან ჩანს. გუნდში კარლ ენტონი-თაუნსისა და სხვა მექულეების ყოფნის მიუხედავად, გასულ სეზონში ის საშუალოდ 23.6 ქულას აკეთებდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. თანაც, წლიდან წლამდე მისი შედეგიანობა 3-4 ქულით იზრდება. შეუძლებელია, შემდეგ სეზონში მან საშუალოდ 27 ქულა დადოს, მაგრამ ყველა ვარიანტში უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე. ცოტას დაცვაშიც თუ მოუმატებს, ოლ-სტარზეც შეიძლება გაიქაჩოს. სიმბოლურებზეც დავფიქრდი, მაგრამ ჯერ უშანსოდაა.

ვიგინსი არ არის ბოლო წლების ერთადერთი ტოპ-პიკი, რომელიც მინესოტას ჰყავს - ლავის გაცვლიდან ერთი წლის შემდეგ გუნდმა დრაფტზე პირველი არჩევანის უფლება მოიპოვა და ეს შანსი იდეალურად გამოიყენა. კარლ ენტონი-თაუნსი მოლოდინს დღესაც აჭარბებს და უამრავი რეკორდის ავტორი თუ თანაავტორი გახდა. ეს ბიჭი ლიგის მომავალი კი არა, აწმყოა და უკვე ერთ-ერთი დომინანტი "მაღალია", რომელიც კატასტროფულად უმატებს! პირველივე რეგულარულში ძალიან კარგი საშუალო ორმაგი დუბლი - 18.3 ქულა და 10.5 მოხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, NBA-ში მეორე სეზონი უფრო რთულია, ვიდრე პირველი, მეორე წელს მან კიდევ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა - 25.1 ქულა და 12.3 მოხსნა. მესამე სეზონშიც თუ მსგავსი პროგრესი ექნება, დაახლოებით 32 ქულას და 14 მოხსნას უნდა ველოდოთ. ამ სტატისტიკას კი ერთი შედეგი მოაქვს - MVP! მაგრამ არა, არ გამოვა, not today, იგივე შემადგენლობაშიც ძალიან გაუჭირდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება და ახლა განსაკუთრებით. თუმცა სამომავლოდ, ნამდვილად არაა გამორიცხული, რომ თაუნსი ამ სტატისტიკაზე გაიწიოს. დაცვაშიც არაუშავს, მაგრამ კიდევ უნდა მოუმატოს. საკმაოდ უნდა მოუმატოს.

სხვა ბიჭებიდან, რომლებიც შარშან ძირითად ხუთეულში იყვნენ, "მინესოტაში" მხოლოდ გორგუი დიენგია. რისი თქმა შემიძლია? მხოლოდ კომპლიმენტების. მას არანაირი განსაკუთრებული ნიჭი ან საკალათბურთო ინტელექტი გააჩნია, უბრალოდ კარგი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს და რაც მთავარია, თავდაუზოგავად შრომობს. სწორედ ეს უკანასკნელია, რაც NBA-ში და ზოგადად ნორმალურ გარემოში ყოველთვის ფასდება. მონდომებამ, საკუთარ თავზე მუდმივმა მუშაობამ და ანთებულმა თვალებმა დაუმკვიდრა ადგილი დიენგს ლიგაში. ის პირველად რამდენიმე წლის წინ შევნიშნე. არ მახსოვს, რომელი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა და რა სტატისტიკა ჰქონდა, ან რატომ დამამახსოვრდა, მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ამის შემდეგ მუდმივად ვაკვირდები.

პეკოვიჩი ახალი დამტვრეული იყო და "მინესოტა" მის შემცვლელს ეძებდა. ხან სხვადასხვა მოთამაშეებს ცდიდა ცენტრის პოზიციაზე, ხან ლავს აწევდნენ, მოკლედ როგორ არ სცადეს და რა არ მოიმოქმედეს, მაგრამ საბოლოოდ ნდობა დიენგს გამოუცხადეს, რომელმაც პეკოვიჩს ბევრ კომპონენტში საერთოდ აჯობა.

გახსოვთ ნიკოლა? მონტეგროელი ბაჯბაჯა, რომელიც შეტევის სტილით და გაბარიტებით ძალიან წააგავდა მარკ გაზოლს - აგრესია მეტოქის სამწამიანში, ბევრი მოხსნა, კარგი საშუალო, მოედნის კარგი ხედვა და მაღალი ინტელექტი. გუნდისთვის შეუცვლელი მოთამაშე იყო, მაგრამ ძალიან, ძალიან ზანტად თამაშობდა. მეტოქის კონტრ-შეტევებზე უკან ჩამოსვლას ვერ ასწრებდა, თავისი გუნდისაზე კი - წინ ასვლას. სიჩქარის დეფიციტის მიუხედავად, ძალიან კარგი ცენტრი იყო, რომელსაც სულ რამდენიმე მოძრაობა ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ აჩერებდნენ. შეტევების 90%-ს ტრიალით და Floater-ით, ან Bank shot-ით ასრულებდა. ხანდახან საშუალოდან ისროდა და კიდევ უფრო იშვიათად - Hook shot. მოკლედ, დიენგს ამ ადამიანის შეცვლა დაავალეს და სენეგელელმა ეს ძალიან კარგად შეძლო. იმდენად კარგად, რომ დღეს ერთ დროს შეუცვლელი პეკოვიჩი გუნდიდან გარიცხულია, დიენგი კი 4 წლიანი და 64 მილიონიანი კონტრაქტით ტკბება.

შარშანდელი ძირითადიდან გუნდს სწორედ აღნიშნული სამეული შემორჩა და დიენგს თუ არ ჩავთვლით, დაცვის მხრივ არც ერთი გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, მთელი სეზონის განმავლობაში ვეძებდი პასუხს კითხვაზე, თუ რატომ ჩააბარეს გუნდი ტომ ტიბოდოს. ტიბოდო კარგი მწვრთნელია, დაცვითი კალათბურთის მოყვარული. მაგრამ არა იმდენად კარგი, რომ მოთამაშე არაფრიდან კარგ მცველად ჩამოაყალიბოს. მას იდეალურად შეუძლია იმის განსაზღვრა, თუ როგორ გამოიყენოს 1 ან 2 საშუალოზე დაბალი დონის მცველი სისტემაში და სხვადასხვა დაცვით მონახაზში, მაგრამ თუ არც დანარჩენი 3-4 კაცია კარგი დამცველი, ვერაფერს გახდება. შესაბამისი იყო შარშანდელი შედეგიც - 31 გამარჯვება და 51 მარცხი. მე-13 ადგილი კონფერენციაში და მხოლოდ "ლეიკერსსა" და "ფინიქსზე" წინ.

კარგი შემადგენლობა, კარგი მწვრთნელი, ბევრი არჩევანი, ულევი ტალანტი და ენერგია... მაშინ რამ განაპირობა ასეთი ცუდი სეზონი? უმარტივესია - უსისტემობამ! ტიბოდო და ეს ახალგაზრდა ბიჭები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და კონტაქტში შესვლას დრო დასჭირდა. მაგრამ ეს პასუხი არაა. ის მაინც არ ჩანდა. არ ჩანდა, სანამ "ტრეიდები" არ დაიწყო და ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, რომ შემდეგ სეზონში გუნდი ძალიან დიდი ძალა იქნება. რატომ? რამდენიმე მიზეზს ჩამოვყრი.

1. ტიბოდო ცნობილი "ბულსში" გახდა, სადაც როუზი, ბატლერი, დენგი, გიბსონი, ნოა, ბუზერი და სხვები აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს წარმოადგენდნენ. მათ იდეალურად ესმოდათ მწვრთნელის და მეტოქეებს არარეალურ დაცვას სთავაზობდნენ. ხომ არ ხედავთ ამ სიაში ვინმეს, ვინც დღეს "მინესოტაშია"?

კი, ბატლერს!

უი, გიბსონიც აქ ყოფილა!

ამ ორ ადამიანს ძალიან კარგად ესმის ტიბოდოსი, ზურგსაც უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ და ძალიან კარგი მცველებიც არიან.

2. რუბიოს, რაშის, პეკოვიჩის, დანის, ჰილისა და ლავინის გუნდიდან წასვლის მიუხედავად, შემადგენლობა საოცრად გაძლიერდა - ტიგი, ბატლერი, გიბსონი, კროუფორდი, ბრუქსი.

3. გუნდი დაცვაში მოუმატებს - თუ ვიგინსი და თაუნსი დაცვაში დიდად არ გამოირჩევიან, ტიგი, ბატლერი და დიენგი აქ სწორედ ამისთვის არიან და როგორც ვთქვი, 1-2 სუსტ მცველს ტიბოდო სისტემას იდეალურად მოარგებს, როგორც ეს თავის დროზე როუზსა და ბუზერს მოუხერხა.

კიდევ ბევრი მიზეზის ჩამოწერა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სამეული უმთავრესია.

ზუსტად არ ვიცი, როგორი ხუთეულით დაიწყებს ხოლმე "მინესოტა" თამაშს. უფრო სწორად, არ ვიცი, ვის დააყენებს ტიბოდო მძიმე ფორვარდად, თორემ ტიგი, ბატლერი, ვიგინსი და თაუნსი რომ ხელშეუხებლები არიან, ამას ბევრი ლაპარაკი და მარჩიელობა არ სჭირდება. არჩევანი ორია - დიენგი ან გიბსონი. მე მაინც სენეგალელს ვფიქრობ. რა გამოდის?

ძირითადი:

ტიგი - ბატლერი - ვიგინსი - დიენგი - თაუნსი

სკამიდან:

ბრუქსი - კროუფორდი - მუჰამედი - ბიელიცა - ოლდრიჩი და სხვები.

კარგი მცველები და შემტევები, მომენტებში სწრაფი, აგრესიული კალათბურთი, მხუთავი დაცვა, კარგი მსროლელები და ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი. შემადგენლობა ძალიან კარგია და თუ ტიბოდო ბატლერს კვლავ 48 წუთი შეუცვლელად არ ათამაშებს, შედეგიც შესაბამისი იქნება. ვფიქრობ, პლეი-ოფში მოხვედრა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, აი იქ კი თუნდაც ერთი რაუნდის გავლა რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. რამდენიმე თამაშის მოგება გუნდს "კლიპერსთან", "ოკლაჰომასთან", "ჰიუსტონთან", "სპურსთან" და "გოლდენ სტეიტთანაც" კი ნამდვილად შეუძლია, მაგრამ სერია? - გაუჭირდება. ნამდვილად ვერ გამოაგდებს "გოლდენს", მაგრამ თუ დანარჩენების სათამაშო სტილს და "მინესოტას" სიღრმეს გავითვალისწინებთ, უშანსოდ ნამდვილად არავისთან იქნება.

კიდევ ერთი მცირე ინტრიგა იმაში მდგომარეობს, ექნება თუ არა ბატლერი - ვიგინსი - თაუნსის სამეულს 20+ ქულა საშუალოდ. ვფიქრობ, ბიჭები ამას შეძლებენ. ტიგი და ჯამალი თავიანთ 10-15 ქულაზე უპრობლემოდ უნდა გავიდნენ. ცოტას 7-10 ქულას დიენგიც მიამატებს, სათადარიგოებიც რაიმეს იზამენ 105-110 ქულასაც მიუკაკუნებენ, რაც კარგი დაცვის პირობებში, წარმატებისთვის ფრიად საკმარისია.

https://subwayalumnischronicles.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109814