ფეხბურთი

19:48 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე მომუშავე მწვრთნელების სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა საინტერესო სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც მიმდინარე სეზონში ჩემპპიონთა ლიგაზე მოასპარეზე მწვრთნელებისგან შედგება.

საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული სიმბოლური არა სამწვრთნელო მიღწევებით, არამედ მათი საფეხბურთო კარიერიდანაა შედგენილი.

უეფას ხსენებული თერთმეტეული კი შემდეგნაირია:

შენოლ გიუნეში (“ბეშიქთაში”, თურქეთი)

თამაშობდა “ტრაბზონსფორში”, სადაც ექვსჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და სამჯერ მოიგო თურქეთის თასი. 1972-1987 წლებში ეროვნული ნაკრების კარი 31-ჯერ დაიცვა.

სერჟიუ კონსეისაო (“პორტუ”, პორტუგალია)

კონსეისაოს საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. სხვა და სხვა პერიოდში “პორტუს”, “ლაციოსა” და “ინტერის” ღირსებას იცავდა. პორტუგალიის ნაკრებში 56 თამაშში 12 გოლი გაიტანა. ევრო 2000-ზე გერმანიასთან ჰეთ-თრიქი შეასრულა.

მაურისიო პოჩეტინიო (“ტოტენჰემი”, არგენტინა)

პოჩეტინიომ სახელი ესპანეთში თამაშით გაითქვა, სადაც წლების განმავლობაში “ესპანიოლის” რიგებში გამოდიოდა. ასვე იყო “ბორდოსა” და “პარი სენ ჟერმენის” წევრი. არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსება 20-ჯერ დაიცვა.

მასიმო კარერა (“სპარტაკი”, იტალია)

მასიმო კარერა 1991 წელს “იუვენტუსში” აღმოჩნდა. ორი წლის თავზე უეფას თასი მოიგო, ხოლო 1996 წელს ჩემპიონთა ლიგა, თუმცა ფინალში არ უთამაშია. იტალიის ნაკრებში კარერამ ერთადერთხელ ითამაშა. საფეხბურთო კარიერა კი, 44 წლის ასაკში ქვედალიგელ “პრო ვერჩელიში” დაასრულა.

დარკო მილანიჩი (“მარიბორი”, სლოვენია)

17 წლის ასაკში ბელგრადის “პარტიზანმა” შეიძინა. შემდეგ კი გრაცის “შტურმის” რიგებში თამაშობდა. 42 შეხვედრა ჩაატარა სლოვენიის, ხოლო ხუთი იუგოსლავიის ნაკრებში.

ჯოვანი ვან ბრონხორსტი (“ფეიენოორდი”, ჰოლანდია)

ვან ბრონხორსტის საკმაოდ წარმატებული კარიერა “ფეიენოორდში” დაიწყო. მერე “გლაზგო რეინჯერსში” გადაბარგდა. ყველაზე წარმატებული პერიოდი კი ლონდონის “არსენალსა” და “ბარსელონაში” გაატარა. 2006 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო კიდეც. კარიერა მშობლიურ “ფეიენოორდში” დაასრულა. ბოლო ოფიციალური შეხვედრა ჯოვანი ვან ბრონხორსტმა 2010 წლის მუნდიალის ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარა. მთლიანობაში ეროვნულ ნაკრებში 106-ჯერ ითამაშა.

პეპ გვარდიოლა (“სიტი”, ესპანეთი)

გვარდიოლა “ბარსელონას” აკადემიაში გაიზარდა და უდიდეს წარმატებასაც ამ კლუბში მიაღწია. კარიერის მიწურულს პეპმა “ბრეშას”, “რომას”, “ალ აჰლისა” და “დორადოსის” რიგებშიც მოასწრო თამაში. ესპანეთის ნაკრების ღირსება კი 40 მატჩში დაიცვა.

ანტონიო კონტე (“ჩელსი”, იტალია)

ანტონიო კონტეს საფეხბურთო კარიერა მოკრძალებული “ლეჩედან” დაიწყო, თუმცა საყოველთაო წარმატებას “იუვენტუსში” მიაღწია, რომლის ღირსებას 13 სეზონის განმავლობაში იცავდა. 1993 წელს უეფას თასი, ხოლო სამი წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 1996 წლიდან “ბებერი ქალბატონის” კაპიტანი იყო 2001 წლამდე. კარიერა კი 2004 წელს “იუვეში” დაასრულა. კონტემ მონაწილეობა მიიღო 1994 წლის მუნდიალსა და ევრო 2000-ზე. ამავე ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრებს ულამაზესი გოლი გაუტანა. “სკუადრა აძურას” რიგებში კონტემ 20-ჯერ ითამაშა.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”, არგენტინა)

კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც დღეს მწვრთნელის რანგშია ჩემპიონთა ლიგაზე. სიმეონეს კარიერა “ატლეტიკოს”, “ინტერსა” და “ლაციოს” უკავშირდება. არგენტინის ეროვნული ნაკრების შეუცვლელი წევრი წლების განმავლობაში.

ზინედინ ზიდანი (“რეალი”, საფრანგეთი)

ზინედინ ზიდანი ნამდვილად არაა ის ადამიანი, რომელსაც ზედმეტი წარდგენა სჭირდება. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი. 1996 წელს “ბორდო” დატოვა და “იუვენტუსში” გადაბარგდა, სადაც ზიზუ საბოლოოდ აღმოცენდა ფეხბურთის ვარსკვლავად. 2001-2006 წლებში “რეალში” ასპარეზობდა და 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუვიწყარი გოლი გაიტანა. 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა საკუთარ სამშობლოს, ხოლო ორი წლის მერე ევროპის ჩემპიონიც გახდა. ზიდანმა კარიერა 2006 წლის მუნდიალის შემდეგ დაასრულა.

ერნესტო ვალვერდე (“ბარსელონა”, ესპანეთი)

ერნესტო ვალვერდემ კარიერის გამორჩეული პერიოდი ბილბაოს “ატლეტიკში” გაატარა (170 მატჩი, 44 გოლი). გარდა ამისა, ითამაშა “ბარსელონასა” და “მალიორკას” რიგებშიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111289