ფეხბურთი

2:30 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ღამურებმა” “ანოეტაზე” იმარჯვეს

ლა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში “სოსიედადი” საკუთარ მოედანზე “ვალენსიას” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შეხვედრა ძალიან კარგი საყურებელი გამოდგა და “ანოეტაზე” შეკრებილმა პუბლიკამ ხუთი გატანილი გოლის გარდა, არაერთი ლამაზი მომენტი იხილა. მასპინძლებმა თავიდანვე ბურთი დაიჭერეს და პოზიციურ შეტევებზე გააკეთეს აქცენტი, ხოლო “ღამურებმა” მეორე ნომრად თამაში და კონტრშეტევებზე ფონს გასვლა არჩიეს.

სწრაფი იერიშები კი “ლოს ჩეს” ნამდვილად ძალიან კარგად გამოსდიოდა და სიმონე ძაძას ოდნავ სუსტი პასი რომ გაეკეთებინა როდრიგოსთვის, წარმოშობით ბრაზილიელი ფორვარდი მალევე გახსნიდა ანგარიშს. 26-ე წუთზე კი, როდრიგომ მაინც გაიტანა, უფრო სწორედ გონსალო გუედეშმა გაატანინა, რომელმაც ბრწყინვალე გარღვევა გააკეთა, მეკარეც ჩამოიშორა და მორენოს ცარიელ კარში გაატანინა. “ჩური ურდინმა” მალევე გაათანაბრა, მიკელ ოიარზაბალმა კუთხურიდან მოწოდებული ბურთი არიც ელუსტონდოს თავზე დაასვა და ამ უკანასკნელმა ხაუმე დომენეკი უშანსოდ დატოვა. შესვენებამდე ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა, მაგრამ ოიარზაბალს ხაუმემ აჯობა, ხოლო გუედეშმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

მეორე ნახევარიც ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა. “ვალენსიას” მარსელინიო ტორალის ხელი უკვე ძალიან ეტყობა. გუნდი ძალიან დალაგებულ, ჭკვიანურ ფეხბურთს თამაშობს და თითოეულმა მოთამაშემ კარგად იცის, თუ რას ითხოვს მწვრთნელი მისგან. 55-ე წუთზე “ღამურებმა” ძალიან კარგი შეტევა განახორციელეს, რომელიც გატანილი გოლით დასრულდა: კარლოს სოლერმა ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა ნაჩო ვიდალს, რომელმაც ხერონიმო რულის თავზე ისე ოსტატურად გადაუგდო ბურთი, თითქოს 22 წლის მარჯვენა მცველი არა, დაღვინებული ფორვარდი ყოფილიყოს. ბასკები ამჯერადაც არ დანებებულან და ოთხ წუთში კვლავ მოახერხეს გათანაბრება. გოლი კი ნახსენებ ვიდალის შეცდომას მოჰყვა, რომელმაც ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა, რითაც მიკელ ოიარზაბალმა ისარგებლა და ხაუმეს აუღებელი დაურტყა.

შეხვედრა 68-ე წუთამდე ძალიან მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ორივე გუნდი მოსაგებად თამაშობდა, თუმცა ხაიმე ლატრეს გადაწყვეტილებამ თამაშის სურათი მთლიანად შეცვალა – მან მასპინძლები არ დაინდო, ზუბელდიას საკამათო ვითარებაში მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და კაცნაკლულნი დატოვა. ბასკებმა უკან დაიხიეს, ბურთი უკვე “ვალენსიამ” დაიჭირა და როდესაც, გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადებოდა, სწორედ მაშინ სტუმარი გუნდიც 10 კაცით დარჩა – 79-ე წუთზე უკვე ჟოფრი კონდოგბიას აუფრიალეს მეორე ყვითელი ბარათი და გასახდელისკენ მიუთითეს.

გუნდები რიცხობრივად გათანაბრდნენ და “სოსიედადმა” კვლავ დაიწყო მოგებაზე ფიქრი, წინაც აიწია და საერთოდ უქულოდ დარჩა – “ლოს ჩემ” მორიგი შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელა, გაბრიელ პაულისტას ჭკვიანური პასის შემდეგ, გონსალო გუედეში მშვენივრად გაიქცა და სიმონე ძაძას ჩინებული გადაცემა გაუკეთა, რომელსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია – 2:3.

“ვალენსიას” 12 ქულით მეოთხე ადგილზეა და დაუმარცხებელია, ხოლო “სოსიედადი” ჩინებული სტარტის შემდეგ ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

სამარცხვინო მარცხი განიცადა მარსელინიო ტორალის ყოფილმა გუნდმა “ვილიარეალმა”. ვალენსიური კლუბი “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” “ხეტაფეს” ეწვია და ყველასთვის მოულოდნელად, ოთხი უპასუხო ბურთი გაუშვა. არადა, პირველი ნახევარი მსგავსს არაფერს მოასწავებდა და გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ.

“ყვითელი წყალქვეშა ნავების” რბევა 54-ე წუთზე ანხელ როდრიგესმა დაიწყო, რომელმაც ბარბოსა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით დაამწუხრა. ათ წუთში ხორხე მოლინამ რუბენ სემედუ უხეში შეცდომით ისარგებლა და სხვაობა გაზარდა, სამ წუთში კი შეხვედრის ბედი მარკელ ბერგარამ გადაწყვიტა, რომელმაც ასევე თავით გაიტანა. “ვილიარეალის” განადგურება იმ მოთამაშემ დაასრულა, რომელმაც დაიწყო: 92-ე წუთზე ანხელ როდრიგესმა პირველი ბურთის მსგავსად, თავით შეაგდო და დუბლი გაიფორმა – 4:0.

დღის გახსნით მატჩში “ესპანიოლმა” შინ “დეპორტივო” მიიღო და 4:1 გაანადგურა, ხოლო “ლას პალმასი” “გრან კანარიაზე” “ლეგანესს” დაუხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუშვა.

ესპანიოლი – დეპორტივო 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 ბაპტიშტაო (5), 2:0 არიბასი (22 ს.კ.), 2:1 ბორგესი (53), 3:1, 4:1 ხ.მორენო (72 პენ; 90)

ხეტაფე – ვილიარეალი 4:0 (0:0)

გოლები: 1:0, 4:0 ა.როდრიგესი (54; 92), 2:0 მოლინა (64), 3:0 ბერგარა (67)

ლას პალმასი – ლეგანესი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბივუ (47), 0:2 ერასო (96)

სოსიედადი – ვალენსია 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 როდრიგო (26), 1:1 ელუსტონდო (33), 1:2 ნ.ვიდალი (55), 2:2 ოიარზაბალი (59), 2:3 ძაძა (85)
გაძევებები: ზუბელდია (68) – კონდოგბია (79)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155208