ფეხბურთი

3:40 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: გრანდების სამი ქულა და შოუ “ლა როსალედაზე”

ლა ლიგის მეექვსე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ატლეტიკო” “სევილიას” დაუხვდა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა.

პირველი ტაიმი თანაბარი და მომენტებით ნაკლებად დახუნძლული გამოდგა. ორივე გუნდს გოლის გატანის თითო რეალური შანსი ჰქონდა: მე-12 წუთზე პაბლო სარაბიას შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი სტეფან სავიჩს მოხვდა, იან ობლაკი უშანსოდ იყო, მაგრამ მადრიდელებს მშველელად ძელი მოევლინათ. ხუთ წუთში კი უკვე “დალაქები” გადარჩნენ – ფელიპე ლუისის დარტყმული სერხიო რიკოს კარის ხარიხამ მოიგერია.

მეორე ნახევარი მასპინძელთათვის იდეალურად დაიწყო, პირველივე წუთზე სტივენ ნ’ზონზის უხეში შეცდომით იანიკ ფერეირა კარასკომ ისარგებლა და ანგარიში გახსნა, ხოლო 69-ე წუთზე გუნდის ლიდერის ანტუან გრიზმანის ჯერი დადგა, რომელმაც ფელიპე ლუისის მშვენიერი გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით შეაგდო – 2:0.

ბოლო მატჩებში არასტაბილურად მოთამაშე “რეალი” გასვლაზე მაჩანჩალა “ალავესს” დაუპირისპირდა და სამი ქულა მოიპოვა, თუმცა ეს იოლად არ გაუკეთებია. მასპინძლებს “ბლანკოსთან” შეხვედრამდე ყველა თამაში წაეგოთ, გოლიც კი არ ჰქონდათ გატანილი, თანაც ახალი მწვრთნელის ხელში უწევდათ თამაში და ყველანაირად დიდი მოტივაცია ჰქონდათ.

მადრიდელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთზე ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა გატანილი გოლით აღნიშნა დანი სებალიოსმა, რომელმაც ჭკვიანური დარტყმით პაჩეკო უშანსოდ დატოვა. ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ რონალდუს და ნაჩოს, მაგრამ პირველს მიზანმა უმტყუნა, ხოლო მეორეს მეკარემ აჯობა. სამაგიეროდ, მე-40 წუთზე საკუთარი შანსი გამოიყენა მასპინძელთა კაპიტანმა მანუ გარსიამ, რომელმიც მუნირ ელ ჰადადის ჩაწოდებულს გამოეხმაურა და თავური დარტყმით მშვენიერი გოლი შეაგდო. მასპინძელთა სიხარული ძალიან ხანმოკლე გამოდგა: სამ წუთში პაჩეკოს შეცდომით სებალიოსმა ისარგებლა და დუბლი გაიფორმა.

მეორე ნახევარი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. “რეალს” გასაკვირი არაა, რომ უფრო მეტი მომენტი ჰქონდა: რონალდუმ ბურთი ძელს გაარტყა, სერხიო რამოსსაც 100%-იანი მომენტი ჰქონდა, თუმცა უსაქმოდ მასპინძლებიც არ ყოფილან და ექვსწუთიან მონაკვეთში ალფონსომ ბურთი ორჯერ გაარტყა ძელს, თუმცა დასკვნით 45 წუთში მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრა 1:2 დასრულდა. ცნობისთვის, მადრიდულმა გრანდმა ზედიზედ 33-ე საგარეო მატჩში მოახერხა გოლის გატანა და "ბარსელონას" რეკორდი მოხსნა.

მორიგი იოლი თამაში ჰქონდა “ბარსელონას”, რომელმაც გასვლაზე თანარეგიონელ “ხირონას” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. კატალონიელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ცოტათი გაუმართლათ კიდეც, რადგან ჯერ მე-17 წუთზე ადეიმ გაიტანა ავტოგოლი, ხოლო 48-ე წუთზე იგივე მასპინძელთა გამოცდილმა კიპერმა გორკა ირაისოსმა გააკეთა. “ბლაუგრანადან” ერთადერთი გოლის გატანა კი ლუის სუარესმა შეძლო, რომელიც 69-ე წუთზე სერხი რობერტოს მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია – 0:3. აღსანიშნავია, რომ ლუის სუარესმა კატალონიური გრანდის მაისური მეასედ მოირგო და 87-ე გოლი შეაგდო.

შესანიშნავი შეხვედრა გაიმართა “ლა როსალედაზე”, სადაც მიმდინარე სეზონში უქულოდ მყოფი “მალაგა” “ბილბაოს” დაუხვდა და ქულა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა. მასპინძლები შეხვედრის დებიუტშივე მდევრის როლში აღმოჩნდნენ: მესამე წუთში ლუის ერნანდესმა საკუთარ საჯარიმოში იკერ მუნიაინი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც არიც ადურისმა აქცია გოლად. გაშვებული გოლის შემდეგ “მედუზებმა” მეტოქეს შეუტიეს და 35-ე წუთზე დიეგო როლანის ლამაზი გოლით გაათანაბრეს კიდეც.

ბასკები 51-ე წუთზე კვლავ წინ გავიდნენ, ინიაკი უილიამსმა ყველაფერი უნაკლოდ გააკეთა და რობერტო ხიმენესი უშანსოდ დატოვა. ეს ეპიზოდი სხვა მხრივაც აღსანიშნავია, მოედნის ცენტრში ბურთი კუზმანოვიჩმა დაკარგა და ის თვლიდა, რომ მის მიმართ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი (ალბათ ასეც იყო), თუმცა მსაჯმა სხვაგვარად ჩათვალა და ზედმეტი საუბრის გამო ყვითელი ბარათიც უჩვენა. ერთ წუთში კი, მან მეორე გაფრთხილებაც მიიღო და “მალაგა” 10 კაცით დარჩა. 70-ე წუთზე უილიამსმა კოხტა გოლით დუბლი გაიფორმა და ერთი შეხედვით თავის გუნდს სამი ქულაც გაუნაღდა. ანდალუსიელები თითქოს მორალურად გატეხილნი იყვნენ, ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლოთ, მაგრამ ბოლო წუთებში ძალები მოიკრიბეს და ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლეს (რაშიც სტუმართა დაცვაც დაეხმარათ). 81-ე წუთზე ხუანპიმ სტანდარტულიდან ჩააწოდა, ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბაისეს მიუვიდა და ანგარიში შეამცირა, ხოლო სამ წუთში “ბილბაოს” დაცვა, კონკრეტულად კი ლეკუე და ნუნესი უხეშად შეცდნენ, რითაც როლანმა ისარგებლა, დუბლი შეასრულა და “მალაგას” პირველი ქულა მოუპოვა – 3:3.

ატლეტიკო – სევილია 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კარასკო (46), 2:0 გრიზმანი (69)

ალავესი – რეალი 1:2 (1:2)

გოლები: 0:1, 1:2 სებალიოსი (10; 43), 1:1 მ.გარსია (40)

მალაგა – ბილბაო 3:3 (1:1)

გოლები: 0:1 ადურისი (4 პენ.), 1:1, 3:3 როლანი (35; 84), 1:2, 1:3 უილიამსი (51; 70), 2:3 ბაისე (81)
გაძევება: კუზმანოვიჩი (52 მ.)

ხირონა – ბარსელონა 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ადეი (17 ს.კ.), 0:2 ირაისოსი (48 ს.კ.), 0:3 ლ.სუარესი (69)

თეგებილა ლიგა
0.11164