სხვა

10:55 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პავლე ჯაფარიძე - ქართველი მწვრთნელი ბუნდესლიგაში

რამდენიმე ხნის წინ გერმანიაში, წყალბურთის პირველი ბუნდესლიგის კლუბ „პოსეიდონში“ ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა. თითქოს, რა უნდა იყოს ამ ინფორმაციაში ქართველი მკითხველისთვის საინტერესო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს მწვრთნელი ქართველია - ვეტერანი წყალბურთელი პავლე (პაპუნა) ჯაფარიძე.

თუ ჩვენს სპორტსმენებში ლეგიონერთა სიმწირეს ნამდვილად არ ვუჩივით, მწვრთნელებს შორის ეს ნამდვილად იშვიათი და გამორჩეული მოვლენაა, მით უმეტეს ევროპაში და კერძოდ - გერმანიაში. ჩვენც ვისარგებლეთ შემთხვევით და ჯაფარიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ. პავლე საკმაოდ საინტერესო მოსაუბრე გამოდგა:

- პირველ რიგში, გილოცავთ! არ ვართ განებივრებულნი სპორტის სათამაშო სახეობებში ქართველი მწვრთნელების სიმრავლით ევროპულ უმაღლეს ლიგებში...

- მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით.

- სამწუხაროდ, საქართველოში წყალბურთი არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც, ვთქვათ, ფეხბურთი, კალათბურთი ან რაგბია. სპორტსმენებს ნაკლებად იცნობენ. ამიტომ, იქნებ რამდენიმე სიტყვით მოუყვეთ მკითხველს თქვენს შესახებ...

- დიახ, ასეა. დიდი ხანია, ქართული მედიისთვის აღარ მიმიცია ინტერვიუ და მადლობა, რომ კვლავ დაინტერესდით. თამაში თბილისში დავიწყე, კერძოდ – „ზვიგენებში“. მერე იყო თსუ, რომელიც ამავდროულად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საბაზო გუნდს წარმოადგენდა. სამი წლის განმავლობაში რუსეთის ღია ჩემპიონატში ვთამაშობდით. ერთხელ ჩემპიონებიც გავხდით, რაც დიდი წარმატება იყო. ჩემი პირველი მწვრთნელები გოგა დოლიძე, ჯონდო მაჭარაშვილი და სოსო მაისურაძე იყვნენ. ამის შემდეგ, საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში, ევროპაში წავედი სათამასოდ და ვითამაშე ავსტრიის, უკრაინისა და გერმანიის უმაღლესი ლიგების კლუბებში.

- საქართველო ეროვნულ ნაკრებშიც გითამაში...

- დიახ. სამწუხაროდ, მხოლოდ ორი წელი დავყავი ნაკრებში იმ პერიოდში, როცა უკვე საშუალება მოგვეცა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიგვეღო მონაწილეობა. მანამდე ნაკრები კი გვერქვა, მაგრამ უსახსრობის გამო ოფიციალურ ტურნირებში გამოსვლის შანსი არ გვქონდა და მხოლოდ უკრაინის ჩემპიონატში და სხვა მსგავს, არაფრისმომცემ ტურნირში ვმონაწილეობდით. წყალბურთს ყურადღება 2009 წლის შემდეგ მიექცა და შედეგიც მივიღეთ, ახლა უკვე ძლიერი ნაკრები გვყავს.

- თქვით, რომ ავსტრიის, უკრაინისდა გერმანიის კლუბებში თამაშობდით. როგორი დონეა ამ ქვეყნებში? არცერთი მათგანი წყალბურთის გრანდებს არ განეკუთვნება...

- ავსტრიაში ყოფნის პერიოდში მივხვდი, რომ როგორც მოთამაშე ვერ გავიზრდებოდი და უკრაინას მივაშურე, სადაც „სევასტოპოლში“ ჩავირიცხე. გავხდი უკრაინის თასის მფლობელი და ვიცე-ჩემპიონი. მაშინ გამიმართლა და 3 წელი კარგ მწვრთნელთან მომიწია მუშაობამ - იური დროზინთან. თან, იმ პერიოდში საკმაოდ კარგი ლიგაც იყო უკრაინაში, მაგრამ გრანდების დონემდე მაინც ბევრი აკლდა, ამიტომაც უკრაინიდან უკვე გერმანიაში გადავედი.

- გერმანიაში უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, ვიდრე უკრაინაში?

- დიახ, თავისთავად! ბუნდესლიგის 4-5 კლუბი მუდმივად მონაწილეობს ევროტურნირებში და აქედან 2-3 დასკვნით ეტაპზეც ხვდება ხოლმე: ჰანოვერის „ვასპო 98“, ბერლინის „შპანდაუ“, „ასცდ დუისბურგი“...

- როგორ წარიმართა თქვენი გერმანული კარიერა?

- პირველი 3-4 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. 16-გუნდიან ბუნდესლიგაში ორჯერ მე-4 ადგილი დავიკავეთ და შესაბამისად, ორჯერ მომიწია ევროთასებზე ასპარეზობამ. ერთხელ (2007-2008 წწ. სეზონში) პირველი ბუნდესლიგის ვიცე-ბომბარდირი გავხდი, 4 გოლი დამაკლდა პირველობამდე. ერთხელ გერმანიის თასის ფინალშიც გავაღწიეთ. რამდენიმე სხვადასხვა ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გავხდი, მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც არაერთხელ მიმიღია.

კარიერის განმავლობაში ვითამაშე ჰანოვერის ორივე გუნდში - „ვასპო 98“-ში და „უაით შარქსში“, „კრეფელდ 72“-ში, ასევე წლევანდლამდე, მწვრთნელობის პარალელურად, ორი სეზონი მეორე ბუნდესლიგის „ქემნიცში“ ვითამაშე და ორივეჯერ ბომბარდირი გავხდი.

- მწვრთნელობა როდის და ატომ გადაწყვიტეთ?

- რამდენჯერმე მძიმე ტრავმა მივიღე, რამაც სამწვრთნელო კარიერაზე უფრო დამაფიქრა და 2009 წელს ც კატეგორიის ლიცენზიით დავიწყე და 2013 წელს უკვე უმაღლესი, ა კატეგორიის ლიცენზია მოვიპოვე. ამის შემდეგ თან ვთამაშობდი ჰანოვერში და იმავდროულად მეორე მწვრთნელი ვიყავი. ოფიციალურად - მოთამაშე-მწვრთნელი.

იქიდან საქსონიის მიწის ნაკრების ოლიმპიური რეზერვების 15-წლამდელთა ნაკრებში გადავედი მთავარ მწვრთნელად, გერმანიაში ყველა ოლიმპიურ სახეობაში ყველა რეგიონს თავისი ასაკობრივი ნაკრებები ჰყავს, თავისი სრულფასოვანი მოსამზადებელი ბაზებით და ამას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. პარალელურად მცირე ხნით პირველი ბუნდესლიგის ქალთა კლუბს ვწვრთნიდი. ბოლოს „სცც ქემნიცის“ მტავარი მწვრთნელი ვიყავი და ამჟამად სადაც ვარ, უკვე იცით - ჰამბურგის „პოსეიდონში“.

- რა დონის კლუბია და რა მიზნები დაგისახათ კლუბის ხელმძღვანელობამ?

- საშუალო დონის გუნდია. პროგრამა-მინიმუმი პირველ ბუნდესლიგაში (უმაღლეს ლიგაში) ადგილის შენარჩუნებაა, ხოლო მაქსიმუმი – კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მაღალი დონის გუნდებს ღირსეულად შეებრძოლება და მეშვიდე–მერვე ადგილის დაკავებას მაინც მოახერხებს. გასულ უქმეებზე, მოსამზადებელ ტურნირზე ძლიერ მეოთხეადგილოსან გუნდთან, რომელიც ევროთასებზე მონაწილეობს, 4 ბურთის სხვაობით დავმარცხდით. ვნახოთ. ასე ვთქვათ, იმედიანად ვუყურებ მომავალ სეზონს.

- სავარჯიშო და სათამაშო პირობებზე არაფერს გკითხავთ. გერმანიაა... მაგრამ რა რესურსები აქვთ გერმანულ კლუბებს? ვგულისხმობ, თუ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, რომ ნორმალური, ევროპული დონის ლეგიონერები მიიწვიონ?

- გერმანიაში 5-6 კლუბია, სადაც დიდი დაფინანსებაა და შედეგიც კარგი აქვთ. მაგალითად, ჩემს ყოფილ კლუბში, „ვასპო 98“-ში, მსოფლიო დონის ხუთი წყალბურთელი თამაშობს, ისეთები, როგორებიც არიან ჯოკიჩი, ბრუგლიანი, რადოევიჩი და ა.შ.

- ევროპულ და ქართულ წყალბურთს შორის დიდი განსხვავებაა? აქ სამწვრთნელო და მოსამზადებელ მეთოდიკაც ვგულისხმობთ.

- ქართულ წყალბურთს ყოველთვის კარგი და ძლიერი სკოლა ჰქონდა. განსაკუთრებით გამოვყოფდი ცენტრალური მოთამაშეების დიდ და მსოფლიო დონის მიღწევებს. სამწვრთნელო ასპექტში, ალბათ, დიდი ჩავარდნები გვქონდა, რადგან თუნდაც მიღწევების მხრივ, მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის დიდი განსხვავებაა. მე პირადად მიმუშავია არაერთ ძლიერ ბალკანელ, უნგრელ და იტალიელ სპეციალისტთან, ანუ უძლიერესი საწყალბურთო სკოლების წარმომადგენლებთან, და მაქსიმალურად ვცდილობდი, საუკეთესო შემეთვისებინა მათი მეთოდიკიდან.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ.

- თქვენც დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

დიმიტრი ყიფიანი, სპეციალურად worldport.ge-სთვის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12114