კალათბურთი

14:18 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რას უნდა ველოდოთ "გოლდენ სტეიტისგან" მომავალ სეზონში?

შემადგენლობა, თამაშის სტილი, სისწრაფე, დაცვა, შეტევა, ტრანსფორმაციის საოცარი უნარი, მწვრთნელი...

როდესაც იმაზე ფიქრობ, თუ რა აქვს ამა თუ იმ გუნდს გამორჩეული და ამდენ პუნქტს ჩამოწერ, მაგრამ სია მაინც არასრულია, ზედმეტი კითხვის დასმა აღარაა საჭირო - ეს გუნდი გასაოცარია და შესაბამის შედეგებსაც დებს.

რას უნდა ველოდოთ "გოლდენ სტეიტისგან" მომავალ სეზონში?

მოიცადეთ, დავფიქრდები...

ნეტავ, რას?

ასე ამ კითხვაზე არავინ გიპასუხებთ, რადგან პასუხი ძალიან მარტივია - ჩემპიონობას!

არ ვამბობ, რომ "უორიორზი" აუცილებლად შეინარჩუნებს ტიტულს, მაგრამ მოლოდინი მაინც ესაა და ძნელია ამაში ეჭვი შეიტანო ან საწინააღმდეგო ამტკიცო და შენი პოზიციის დასადასტურებლად ბევრი არგუმენტი მოიყვანო. ეს არის გუნდი, რომლის მსგავსიც ლიგას შეიძლება საერთოდ არ უნახავს.

უილტს, მეჯიქს, ჯაბარს, ბერდს, ჯორდანს, კობის, ლებრონს, სხვა ლეგენდარულ მოთამაშეებსა და მათ კლუბებს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ "გოლდენს" რომელიმე მოუგებდა ან პირიქით. შეუძლებელია სხვადასხვა ეპოქის გუნდები ერთმანეთს შეადარო და გადაჭრით თქვა შედეგი. ეს წარმოსახვაა და პასუხს ვერასდროს გავიგებთ. კალათბურთი მუდმივად იცვლება და ეს ნორმალურია. ნორმალურია ისიც, რომ "ბულსი", "ლეიკერსი", "ბოსტონი", "მაიამი" და სხვები დღევანდელ "გოლდენს" არ უნდა შევადაროთ, რადგან იგივე ალბათობით მოუგებდა ნებისმიერი მათგანი მას 4:0-ს, როგორითაც წააგებდა.

მხოლოდ ახლო მომავალია პროგნოზირებადი და მეც სწორედ ამაზე ვწერ. სასწაული სეზონის შემდეგ, ზაფხულში გუნდი დიდად არ გაძლიერებულა და ეს ლოგიკურიცაა - მარტივად რომ ვთქვათ, მას ეს არ სჭირდება. "გოლდენის" ფანი არ ვარ, თუმცა სიმპატიები ნამდვილად გამაჩნია და ეს სულაც არაა უცნაური - გუნდი უბრალოდ საოცრებებს ჩადის და მისი ყოველი თამაში საკალათბურთო დღესასწაულია.

წინა სეზონის შემდეგ შეიცვალნენ მხოლოდ დამხმარეები, ბირთვი კი უცვლელი დარჩა - კარის, ტომპსონს, დურანტს, გრინს, ზაზას, ლივინგსტონს, იგუოდალას, ვესტსა და მაკგის კლარკისა და მაკადუს ნაცვლად ნიკ იანგი, ომრი კასპი და ჯორდან ბელი (მასზე მოგვიანებით) დაეხმარებიან. და მაინც, შენაძენი უკეთესია, ვიდრე დანაკარგი. + ლუნი და მაკქოუ.

თამაშის რამდენიმე ასპექტს განვიხილავ და ჩემს შეხედულებას ასე ჩამოვაყალიბებ:

პერიმეტრი

სტეფი, კლეი, დურანტი, იანგი, კასპი - 5 სასწაული მსროლელი, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ თითოეულ მატჩში 5+ სამქულიანის ჩაგდება. სავარაუდოდ, სეზონის განმავლობაში "გოლდენს" პარკეტზე ხანდახან ეს ხუთეული ეყოლება და პირადად მე მოწინააღმდეგე გუნდთან საერთოს ქონას ნამდვილად არ ვისურვებდი.

იგოუდალა და გრინი, რომლებიც ბევრ გუნდში შეიძლება სამიანის საუკეთესო მსროლელები იყვნენ, აქ სათადარიგო ვარიანტები არიან...

სამწამიანი

შავი სამუშაოსთვის ზაზა იდეალური ვარიანტია. შეტევაში დაყენებული ბლოკებით ქართველი მსროლელებს ძალიან დიდ თავისუფალ სივრცეს უქმნის ხოლმე და გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს. ბევრი დრო არ ეძლევა, თუმცა იმ მცირე მონაკვეთში, რომელსაც ის პარკეტზე ატარებს, შეტევაშიც და დაცვაშიც ძალიან პროდუქტიულია. ათლეტურობის დეფიციტს ის თავისი მაღალი IQ-თი და პოზიციის იდეალურად შერჩევით ფარავს.

შეიძლება 10 წუთზე მეტს არ თამაშობს, თუმცა ამის მიუხედავად, დევიდ ვესტი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და ფიზიკურად დახმარების გარდა, გუნდს, ზაზას მსგავსად, მენტალურად ძალიან აძლიერებს. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი სროლა, რომელიც მეტოქის ცენტრებს აიძულებს ფარიდან მაღლა ამოვიდნენ, რათა ვეტერანს სროლაში ხელი შეუშალონ.

"უორიორზის" ყველაზე ათლეტური მაღალი ჯავალ მაკგია, რომელიც ზაზასგან და ვესტისგან განსხვავებით ინტელექტით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა ძალიან ეფექტურ დაფარებებს გვთავაზობს. რიგ შეხვედრებში შაკის საყვარელი მოთამაშე შეტევაშიც გამოირჩევა.

დრეიმონდ გრინზე დეტალურად რომ ვისაუბროთ, ცალკე სტატია დაგვჭირდება, თუმცა შევეცდები, მოკლედ დავახასიათო. კარისა და დურანტის მიუხედავად, გუნდის ხერხემალი სწორედ 23-ე ნომერია და როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, არარეალურ სამუშაოს ასრულებს. ის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო All Around მოთამაშეა და ამასთან, პარკეტზე განსაკუთებულ ემოციურ ფონს ქმნის. მის დაცვაზე ოდნავ მოგვიანებით...

წლევანდელ დრაფტზე "გოლდენმა" 38-ე პიკის სანაცვლოდ "ბულსს" $ 3.5 მილიონი გადაუხადა და გუნდში ჯორდან ბელი აიყვანა, რომელიც სამწამიანში ნამდვილი მონსტრია! ზაფხულის ლიგაში ერთ-ერთ მატჩში მან 5 ქულით, 11 მოხსნით, 5 გადაცემით, 5 ჩაჭრითა და 6 დაფარებით Five-by-Five გააკეთა. ის ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და თუ განვითარება განაგრძო, რამდენიმე სეზონში "უორიორზის" წინა ხაზი მართლა გაუვალი კედელი იქნება.

შეტევა

საოცარი მსროლელების მიუხედავად, პერიმეტრი ოკლენდელთა შეტევის ერთადერთი იარაღი ნამდვილად არაა, რაც მეტოქეებს ცხოვრებას კიდევ უფრო ურთულებს. ეს გუნდი დაკომპლექტებულია მოთამაშეებით, რომლებსაც საშუალო დისტანციიდან სროლა ძალიან მაღალი პროცენტით შეუძლიათ. მაკქოუს, ზაზასა და ვესტსაც შესანიშნავად შეუძლიათ, განურჩევლად პოზიციისა თუ სიმაღლისა.

რა გამოდის? თუ ბურთი მაკგის, ლუნის ან ბელს არ აქვს, მეტოქე მშვიდად ვერ იქნება, რადგან დანარჩენი 12 მოთამაშის თავისუფლად დატოვება საშუალო დისტანციაზე უდიდეს ხიფათს წამოადგენს და თითქმის გარანტირებული 2 ან უფრო ხშირად, 3 ქულაა.

კარგია, როდესაც გუნდი მაღალი დონის შემტევებით გყავს დაკომპლექტებული, მაგრამ ეს მხოლოდ "გოლდენის" ძლიერი მხარე არაა - რაოდენობრივად, "კავალიერსს", "დენვერს", "ჰიუსტონს" და სხვებს, შესაძლოა, შეტევაზე ორიენტირებული მეტი მოთამაშე ჰყავს, მაგრამ "უორიორზი" საუკეთესოა და ამის მიზეზი რამდენიმეა:

1. გუნდური თამაში - დურანტს, კარის, ტომპსონს, იგოუდალას, ლივინგსტონს და სხვებს თავისუფლად შეუძლიათ თავისთვის იდეალური სასროლი პოზიცია თავადვე შეიქმნან, თუმცა თითოეული მათგანი პირველ რიგში სწორედ იმაზე ფიქრობს, რომელი გუნდელია უკეთეს პოზიციაში და როგორ უნდა მივიდეს ბურთი მასთან უმოკლეს დროში. "გოლდენ სტეიტმა" "ტიკი-ტაკა" პარკეტზე გადმოიტანა და შედეგად, წინა სეზონში საშუალოდ 30-ზე მეტი შედეგიანი გადაცემა მიიღო.

2. სისწრაფე - ზაზას მოგებული სადავო ბურთი, გრინის გრძელი პასი კარის, ბურთის ჰაერში დამუშავება და Alley-oop დურანტზე. ალბათ, ყველა მიხვდა, თუ რომელ ეპიზოდზეა საუბარი. "უორიორზს" ამ ყველაფრის გასაკეთებლად იმაზე ნაკლები დრო დასჭირდა, ვიდრე ჩვენ წასაკითხად. უამრავი შემთხვევის გახსენება შეიძლება, როდესაც გუნდი დაცვაში იდგა, უცებ ბურთი 2-3 წამით ხელში ჩაიგდო და ისევ დაცვაში დადგა, ოღონდ ერთი განსხვავებით - წინა შეტევასთან შედარებით, მის აქტივში 2 ან 3 ქულით მეტი იყო. მათ არ სჭირდებათ დროის გაყვანა, მეტოქის დაცვაში სისუსტეების ძებნა და ა.შ. - თუ ფეხბურთში "რეალის" კონტრ-შეტევები საუკეთესოა, "გოლდენი" ამას პარკეტზე კიდევ უკეთესად აკეთებს.

3. სტივ კერი - ვინმეს გახსენდებათ სეზონი, როდესაც ერთი გუნდის 3 მოთამაშე სეზონში საშუალოდ 20+ ქულას აგროვებდა? კარგია, როდესაც ამის ფუფუნება გაქვს, მაგრამ უდიდესი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ კარის და კლეის, რომლებმაც 2015-2016 წლების სეზონში პერიმეტრიდან ლიგა ააწიოკეს, აუხსნა, რომ აწი შეტევების უმრავლესობა ახალ მოთამაშეზე იქნება აგებული. მოკლედ გეტყვით, როგორ შეიძლება ეს ამ დუეტს გაეგო - გუნდს არ სურდა, რომ სტეფი კვლავ ყოფილიყო MVP და სამიანებისთვისაც უნდა მოეკლო, აღარ იარსებებდა Splash Brothers და კლეი შეტევაში უნდა "ჩამოელაბორანტებინათ". გუნდში რამდენიმე სუპერვარსკვლავის ყოლა სულაც არ ნიშნავს, რომ რაიმე გარანტირებული გაქვს. მეტიც, ამან შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა შეგიქმნას ("რეალი" და "ბარსელონა" (ფეხბურთი), "ლეიკერსი"). ბევრის აზრით, კერს გუნდში გაუმართლა და სხვაგან ვერაფერს მიაღწევდა. ჩემი აზრით კი ყველაფერი პირიქითაა - რომ არა კერი, გუნდი ვერც ერთ ფინალში ვერ გავიდოდა და არც დურანტი დატოვებდა "ოკლაჰომას". მარკ ჯექსონსაც ჰყავდა გრინი, მაგრამ სასტარტოში კი არა, სათადარიგო მოთამაშედაც ნაკლებად მოიაზრებდა და როგორც წესი, მესამე ნომრად. მასაც ჰყავდა იგუოდალა, მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ ის სკამიდან უფრო ეფექტური იქნებოდა. არაა მარტივი, იგი და ლი სკამზე დასვა, მათ ნაცვლად ახალგაზრდა ბარნსი - გრინის დუეტი ათამაშო და ამას გუნდში განხეთქილება არ მოჰყვეს.

ძალიან რომ აღარ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი, რომ კერი აშკარად კარგად უსმენდა ჯერ ფილ ჯექსონს, შემდეგ გრეგს და შედეგად, ის ჩემთვის ყველაზე ეფექტური და შეიძლება საუკეთესო მწვრთნელიც გახდა.

დაცვა

ეს კოლექტივი დაცვისას საერთოდ არაფერს რომ არ აკეთებდეს, ალბათ, მაინც გამორჩეული იქნებოდა, თუმცა მეტოქეების მთავარი "უბედურება" ისაა, რომ "უორიორზი" დაცვაში (ჩემი აზრით) უფრო ძლიერია, ვიდრე შეტევაში. უბრალოდ, ისინი ამას ყველა თამაშში არ აჩვენებენ და ხშირად დელ ბოსკეს "რეალის" პრინციპით მოქმედებენ - შენ ჩაუგდებ რამდენსაც შეძლებ და ისინი იმდენს, რამდენიც მოსაგებად დასჭირდებათ.

წარმოიდგინეთ, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელი ხართ და ბოლო სროლით თამაშის მოგება შეგიძლიათ. კომბინაცია გაქვთ დასახაზი და უცებ აცნობიერებთ, რომ კერმა დაცვისთვის შემდეგი ხუთეული გამოიყვანა:

კარი - ჩაჭრებში ერთ-ერთი საუკეთესო.

ტომპსონი - 1-1-ზე ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რომელიც გამთამაშებელს, მსროლელსა და მსუბუქ ფორვარდს ერთნაირად აქვავებს. თუ გეეჭვებათ, სუპერფინალი გაიხსენეთ, თუ რა გაუკეთა კაირის და ეპიზოდებში როგორ უშანსოდ დატოვა ლებრონი.

იგუოდალა - რომელიც მაღალ ინტელექტთან ერთად, ფეხებითაც მშვენივრად მუშაობს და დაცვის გამო 2 წლის წინ ფინალების MVP გახდა.

გრინი - ყოველმხრივ საუკეთესო.

ბელი - მომავალი გრინი.

ამის გაფიქრებაც კი საკმარისია, რომ ტვინმა უკვე იმაზე დაიწყოს ფიქრი, რომ ამ თამაშის მოგება შეუძლებელია. ამას დაამატეთ ზაზა, მაკგი და ლივინგსტონი და "უორიორზის" კედელი Game of thrones-ის ჩრდილოეთის კედელს არაფრით ჩამოუვარდება.

გარდასახვა

როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ასე კარგად თამაშის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მოთამაშეების მაღალ კლასზე მეტად, მათი უნივერსალიზმია - გუნდის ლიდერებს თავისუფლად შეუძლიათ მინიმუმ ორ პოზიციაზე დადგომა.

კარი - გამთამაშებელი, რომელიც მსროლელად შესაძლოა უკეთესიცაა.

კლეი - მსროლელი, რომელიც ზოგჯერ მსუბუქ ფორვარდად გვევლინება და მწვრთნელის მითითებებს ძალიან კარგად ასრულებს. სამწამიანში სიმაღლის გამო ნაკლებად აქტიურია, თუმცა დაცვაში პირველ, მეორე და მესამე ნომრებს ზოგჯერ საერთოდ აქვავებს.

დურანტი - ყველაზე მაღალი მსუბუქი ფორვარდი და ყველაზე სწრაფი მძიმე ფორვარდი. ამ ორ უპირატესობას ის იდეალურად იყენებს და სადაც არ უნდა დააყენო, მისი ეფექტურობა იდენტურია.

იგუოდალა - ლებრონის შემდეგ, ფიზიკურად ყველაზე ძლიერი SF, რომელიც ბოლო წლებში ბურთსაც შესანიშნავად ათამაშებს და მისთვის ჩვეულ მე-3 და მე-2 ნომრის პოზიციებს უკვე პირველიც შემატა. დაცვაში კი თავისუფლად შეუძლია 1-3 და ზოგჯერ 4 ნომრების წინააღმდეგ იდეალური თამაში.

გრინი - ერთადერთი პოზიცია, რომელზეც მას თამაში გაუჭირდება, მეორე ნომერია, რადგან სროლისას ცოტა არასტაბილურია, თუმცა წინა სეზონის გადამწყვეტ მომენტებში ბევრ მსროლელზე კარგად გამოიყურებოდა, როგორც საშუალოდან, ისე პერიმეტრიდან. იდეალურად ათამაშებს ბურთს, კარგ ხასიათზე კარგადაც ისვრის (და წლიდან წლამდე უმატებს), ხოლო სისწრაფით, ფიზიკური მონაცემებით და ტვინით იდეალური "მაღალია". დაცვისას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, თუ რა პოზიციის კალათბურთელს იყვანს - როგორც წესი, ნებისმიერ მათგანს მხოლოდ გამართლების იმედად ტოვებს ან ძალიან დიდ ენერგიას ახარჯინებს.

უნივერსალიზმი ამ "გოლდენის" ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია - გუნდს აქვს რესურსი, გამოიყვანოს ხუთეული, სადაც გამთამაშებელი 2.01, ხოლო მსუბუქი ფორვარდი 2.11 მეტრი იქნებიან ან ითამაშოს დაბალი შემადგენლობით და ცენტრზე გრინი დააყენოს, რომლის სიმაღლე მხოლოდ 2.01 მეტრია.

მგონი, საკმაოდ კარგად და დეტალურად გადმოვეცი ის ფაქტორები, რომელიც, ჩემი აზრით, "უორიორზის" წარმატების ძირითადი მიზეზებია. რაც შეეხება მომავალ სეზონში ჩემპიონობის მოლოდინს, ჩემი პოზიციის გასამყარებლად მარტივ სტატისტიკას მოვიყვან, რომელიც ამ გუნდის წინა სეზონის მაჩვენებლებს აღწერს.

ქულა - 115.9 (1*)

მოხსნა - 44.4 (6)

გადაცემა - 30.4 (1)

ჩაჭრა - 9.6 (1)

დაფარება - 6.8 (1)

სროლის % - 49.6 (1)

2 ქულიანის % - 55.7 (1)

3 ქულიანის % - 38.3 (3)

ქულების საშუალო სხვაობა - +11.6 (1)

მეტოქის სროლის % - 43.5 (1)

მეტოქის 2 ქულიანის % - 48.5 (3)

მეტოქის 3 ქულიანის % - 32.4 (1)

ზედმეტი ახსნის გარეშეც ჩანს, თუ რამდენად დომინანტი იყო გასულ სეზონში "გოლდენ სტეიტი" და თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდმა აბსოლუტურად ყველა ლიდერის შენარჩუნება შეძლო, ლოგიკურია იმის თქმა, რომ ისინი მომავალი სეზონისთვის კიდევ უკეთ შეთამაშდებიან. ამას ემატება ორი ძალიან კარგი სნაიპერი და ერთი უნიჭიერესი სამწამიანის მოთამაშე, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, კერის ტაქტიკას იდეალურად მოერგებიან.

როგორც უკვე აღვნიშნე, მე "გოლდენ სტეიტ უორიორზისგან" მხოლოდ ბეჭდებს ველი, მაგრამ ხანგრძლივი სეზონი სულ მალე დაიწყება და ყველა ერთად ვნახავთ, ვისი ვარაუდი გამართლდება და ვისი - არა.

https://subwayalumnischronicles.blogspot.com/

0.113582