ფეხბურთი

2:09 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს გმირები: დიბალა, მერტენსი, კალინიჩი, იმმობილე და 16 წლის პელეგრი

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტური ძალიან ლამაზი სანახავი გამოდგა და ძალიან ბევრი გმირი ჰყავდა. ხშირად ვერ ვნახავთ ასეთ რამეს, როდესაც ერთ ტურში გამორჩეულად რამდენიმე ფეხბურთელს ეთამაშოს.

მთავარი გმირით დავიწყოთ – პაულო დიბალა: 4 მატჩი, 8 გოლი და 2 ჰეთ-თრიქი. არგენტინელი კალჩოში ქვას ქვაზე არ ტოვებს და გოლებს გოლებზე იტანს. მას მერე, რაც პაულომ ათნომრიანი მაისური მოირგო, 6 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა. დიბალამ “სასუოლოს” პირადად მოუგო და ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონატის სტარტზე უდანაკარგოა. ცალკე აღნიშვნის ღირსია “ლა ჯოიას” გოლები – ერთი-მეორეზე უკეთესი და ულამაზესი. ჯერ, საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით ისეთი დაატრიალა, მეკარე ვერც გაინძრა, მერე ფეხის წვერით შეასრულა, ბოლოს თავისივე გამომუშავებული ჯარიმა აქცია გოლად. ეს, დიბალას მეორე ჰეთ-თრიქია მიმდინარე სეზონში! სხვათა შორის, არგენტინელი ლუკა ტონის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 4 ტურში შეძლო გატანა. “იუვენტუსის” ისტორიაში კი, ასეთი რამ პირველად მოხდა. გარდა ამისა, 1959-1960 წლების სეზონის შემდეგ “ბებერ ქალბატონს” ასე შედეგიანად არ უთამაშია – 4 ტურში 13 გოლი ესეც საუკეთესო მაჩვენებელია ზემოხსენებული თარიღის შემდეგ. მოკლედ, “იუვენტუსმა” ისევ მოიგო და “იუვენტუსის” ჩამოწერა ჯერ ნაადრევია.

ტურს კიდევ ერთი ჰეთ-თრიქოსანი ჰყავდა: დრის მერტენსი – ბელგიელმა მართალია, სამიდან ორი გოლი პენალტით გაიტანა, მაგრამ ეს მის ღვაწლს არ აკნინებს. “ნაპოლიმ” კი დებიუტანტი “ბენევენტო” არ დაინდო და დედამიწის პირისაგან აღგავა – 6:0. მაურიციო სარის გუნდსაც არ დაუკარგავს ჯერ ქულები და იმასაც შეგახსენებთ, რომ მილანის “ინტერიც” უდანაკარგოა. მოკლედ, კალჩო ისე დაიწყო, ძალიან ბევრ საინტერესოს გვპირდება...

გმირი ჰყავდა “სან სიროსაც” – ნიკოლა კალინიჩმა ჰეთ-თრიქი ვერ, მაგრამ დუბლი გაიფორმა და “მილანს” სამი ქულა მოუტანა. ხორვატმა ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლები მიითვალა და თან რა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ ვინჩენცო მონტელა ისევ არ ენდო ანდრე სილვას, რომელიც სკამზე იჯდა 90 წუთი. არადა, პორტუგალიელი ევროპა ლიგაზე დიდებულად გამოვიდა. და მაინც, კალინიჩმა ნდობა გაუმართლა და “მილანმა” მოიგო. “როსონერის” 9 ქულა აქვს და საგულისხმოა, რომ 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ ოთხი ტურის თავზე ეს საუკეთესი შედეგია.

გმირები იყვნენ გენუაშიც: ტურის დასკვნით შეხვედრაში რომის “ლაციომ” “ჯენოას” მოუგო – 3:2. მთელი იტალია დღეს პიეტრო პელეგრიზე საუბრობს. კი, მაგრამ, ვინაა პელეგრი? – პიტრო პელეგრი “ჯენოას” 16 წლის ფორვარდია. პიეტრო პელეგრის სერია A-ში დებიუტი 2016 წელს, 15 წლის ასაკში ჰქონდა და ეს ყველა დროის რეკორდია. პიეტრო პელეგრის იტალიის ელიტაში ამ დროისთვის 3 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ამდენივე გოლია. თინეიჯერმა იტალიელმა სადებიუტო გოლი ჯერ კიდევ გასული სეზონის მიწურულს “რომას” გაუტანა, ხოლო დღეს მეორე დედაქალაქური გუნდი ვერ დაინდო – დუბლი რომის “ლაციოსთან”. ალბათ, ბევრი მართლაც ინატრებდა, რომ 16 წლის ასაკში იტალიის ჩემპიონატში 3 გოლი ჰქონდეს გატანილი. თუმცა, პელეგრის გოლები საბოლოოდ “ჯენოას” არაფერში წაადგა, რადგან “ლაციოს” ჰყავს ჩირო იმმობილე. ჩირო ბოლო დროს დაფრინავს და მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, ჩირომ “ლაციოს” მორიგი თამაში მოაგებინა და სიმონე ინძაგის “ლაციალე” ლიდერებშია.

“სასუოლო” – “იუვენტუსი” 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 დიბალა (16), 0:2 დიბალა (49), 1:2 პოლიტანო (51), 1:3 დიბალა (63)

“მილანი” – “უდინეზე” 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 კალინიჩი (22), 1:1 ლასანია (28), 2:1 კალინიჩი (31)

“ნაპოლი” – “ბენევენტო” 6:0 (4:0)

გოლები: 1:0 ალანი (3), 2:0 ინსინიე (15), 3:0 მერტენსი (27), 4:0 კალეხონი (32), 5:0 მერტენსი (65, პენ), 6:0 მერტენსი (90, პენ)

“ტორინო” – “სამპდორია” 2:2 (2:2)

გოლები: 0:1 ძაპატა (1), 1:1 ბაზელი (13), 2:1 ბელოტი (15), 2:2 კვალიარელა (34)

“სპალი” – “კალიარი” 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბარელა (17), 0:2 ჟოაო პედრო (68)

“კიევო” – “ატალანტა 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბასტიენი (52), 1:1 გომესი (85)

“ჯენოა” – “ლაციო” 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ბასტოსი (13), 1:1 პელეგრი (57), 1:2 იმმობილე (70), 2:2 პელეგრი (73), 2:3 იმმობილე (82)

თეგებისერია A
0.469275