ავტოსპორტი

0:24 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა მეოთხე ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა სინგაპურის დიდი პრიზის რბოლა, რითაც ბრიტანელი პილოტი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის მეოთხე ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. მისმა მთავარმა მეტოქემ, სებასტიან ფეტელმა კი, პოულზე დაწყებული რბოლა მეხუთე წრეზე, დამტვრეული მანქანით დაასრულა.

რბოლა წვიმით დასველებულ ტრასაზე, დიდი ავარიით დაიწყო, რომელმაც ასპარეზობას, წინა ორ რიგში მდგარი ოთხი მანქანიდან სამი გამოთიშა. ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ პოულზე მდგარი ფეტელი ოდნავ შეყოვნდა, რითაც უმალ ისარგებლა მაქს ფერსტაპენმა და გვერდში ამოუდგა. ამ დროს, ორივეს გასწრება კიმი რაიკონენს შეეძლო, რომელმაც სტარტზე ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და მის წინ მდგარ დანიელ რიკარდოს მანამ გაასწრო, სანამ ავსტრალიელი ნორმალურდ აჩქარებას მოასწრებდა.

როდესაც პელოტონი პირველ მოსახვევს უახლოვდებოდა, ფეტელმა მკვეთრად მარცხნავ გადაინაცვლა, სადაც ადგილის დაკავება უკვე მოესწრო ფერსტაპენს. ამას კი მისგან თავისი „რედ ბულის“ მორიდება უკვე აღარ შეეძლო, რადგან მარცხნივ უკვე რაიკონენი ედგა. მარტივად რომ ითქვას, „ფერარის“ პილოტებმა ჰოლანდიელი სენდვიჩში მოაქციეს და მოხდა ის, რაც ასეთ მომენტებში გადრაუვალია.

ფერსტაპენის მანქანის წინა მარჯვენა ბორბალი ფეტელის „ფერარის“ დაეჯახა. იმავდროულად მოხდა კონტაქტი ფერსტაპენსა და რაიკონენს შორის. ფეტელმა შეძლო გზის გაგრძელება და ისიც კი მოასწრო, რომ ჰამილტონის წინ დარჩენილიყო. ფერსტაპენი და რაიკონენი კი დატრიალდნენ და გზად ფერნანდო ალონსოც გაიყოლეს, რომელსაც იმ მომენტისთვის რამდენიმე მეტოქე ჩამოეტოვებინა. მანაც გზა გააგრძელა, თუმცა რამდენიმე წრის შემდეგ იძულებული გახდა, გაჩერებულიყო. შორს ვერც ფეტელი წავიდა, რომელსაც მალე დაზიანებული მანქანა დაუტრიალდა, რომლის ცხვირიც ბეტონის კედელს მიამტვრია.

ჰამილტონი ფაქტობრივად უბრძოლველად დაეუფლა ლიდერის პოზიციას და მეტოქისგან მიღებული საჩუქარი ხელიდან არც გაუშვია. ამ გამარჯვებით, ფეტელთან მისმა უპირატესობამ 28 ქულას მიაღწია, რაც დარჩენილ ექვს ეტაპზე საკმაოდ დიდი უპირატესობაა, თუმცა არა დაუძლეველი. რიკარდომ ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა. სხვათა შორის, ეს სინგაპურის ზედიზედ მესამე რბოლაა, რომელსაც ავსტრალიელი მეორე ადგილზე ასრულებს.

„ღმერთმა დამლოცა. აქ რომ ჩამოვედი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი მქონოდა. აქედან კი გაზრდილი უპირატესობით მივდივარ. ეს ტრასა ჩვენთვის ყველაზე მეტად უხერხულია. და აქ გამარჯვების მოპოვება იღბლის საჩუქარია“, - ედი ჯორდანთან კვარცხლბეკის ინტერვიუსას განაცხადა ჰამილტონმა, ვინც გზად სინგაპურის ტრეკის წრის რეკორდიც (რბოლის) დაამყარა.

საინტერესოა, რომ სინგაპურში რბოლა პირველად ჩატარდა წვიმის აკომპანიმენტით. კიდევ უფრო საინტერესო კი ისაა, რომ როგორც სკაი სპორტსის რეპორტაჟისას ითქვა (მისი თანაწამყვანი კი ფ1-ის ყოფილი პილოტი, მარტინ ბრანდლია), ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ რბოლას პირველივე წრეზე, „ფერარის“ ორივე მანქანა ეთიშება.

კვალიფიკაციის შემდეგ, გამარჯვების იმედი ჰქონდა რიკარდოს, თუმცა ნარბოლევს აღიარა, რომ ჰამილტონის ტემპი მისთვის მიუწვდომელი იყო: „ცოტა გაწბილებული ვარ, რომ გამარჯვება ვერ შევძელი. თუმცა იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ავედი კვარცხლბეკზე. კარგია, რომ ცუდი სტარტი ავიღე და ამ ქაოსს გადავურჩი“.

მეოთხე ადგილი კარლოსს საინსმა დაიკავა, ვისთვისაც ეს ფ1-ში საუკეთესო შედეგია. მომავალი სეზონიდან ის „რენოს“ ფ1-ის გუნდში იასპარეზებს და წასვლის წინ, „ტორო როსოს“ კარგი საჩუქარი გაუკეთა. კარიერის საუკეთესო შედეგი (მეექვსე ადგილი) დააფიქსირა ჯოლიონ პალმერმაც, ვისაც საინსი (დიდი ალბათობით) „რენოში“ შეცვლის. ბრიტანელისთვის ეს ამ სეზონში მოპოვებული პირველი ქულებია. ასევე საუკეთესო ფინიში ჰქონდა სტოფელ ვანდოორნს, ვინც ფინიშს მეშვიდემ მიაღწია.

რბოლისას ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა სამჯერ გამოვიდა, რის გამოც, რბოლა 61 წრის ნაცვლად, 58 წრემდე შეიკვეცა, რადგან რეგლამენტირებულ ორსაათიან ზღვარში ვერ ეტეოდა. ფინიშს 20-დან 12-მა პილოტმა მიაღწია.

სინგაპურის დიდი პრიზი

სინგაპური, იას მარინა, დისტანცია 308.828 კმ (61 წრე, 5.065 კმ)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2:03:23.543
  2. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) +00:04.507
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 00:08.800
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:22.822
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:25.359
  6. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 00:27.259
  7. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 00:30.388
  8. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 00:41.696
  9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 00:43.282
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 00:44.795
  11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:46.536
  12. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 2 წრე

გ. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 7 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 10 წრე

გ. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 22 წრე

გ. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 47 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 49 წრე

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 57 წრე

გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 57 წრე

გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 57 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:45.008, 55-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 263 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 235; 3. ვალტერი ბოტასი - 212; 4. დანიელ რიკარდო - 162; 5. კიმი რაიკონენი - 138; 6. მაქს ფერსტაპენი - 68; 7. სერხიო პერესი - 68; 8. ესტებან ოკონი - 56; 9. კარლოს საინსი - 48; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 34; 11. ფელიპე მასა - 31; 12. ლანს სტროლი - 28; 13. რომენ გროჟანი - 26; 14. კევინ მაგნუსენი - 11; 15. ფერნანდო ალონსო - 10; 16. ჯოლიონ პალმერი - 8; 17. სტოფელ ვანდოორნი - 7; 18. პასკალ ვერლაინი - 5; 19. დანილ კვიატი - 4; 20. მარკუს ერიკსონი - 0; 21. ანტონიო ჯოვანაცი (იტალია, ზაუბერი) - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 475 ქულა; 2. ფერარი - 373; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 230; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 124; 5. უილიამს-მერსედესი - 59; 6. ტორო როსო-რენო - 52; 7. რენო - 42; 8. ჰაას-ფერარი - 37; 9. მაკლარენ-ჰონდა - 17; 10. ზაუბერ-ფერარი - 5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118903