კალათბურთი

21:49 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 31 წლის მოთამაშემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც სანიკიძე ამბობს, ეს მისთვის ემოციური მომენტია და საქართველოს ნაკრებში თამაში ყველაზე ძვირფასი, დიდი სიმდიდრე და ფასდაუდებელი რამ იყო, თუმცა დასასრულის დროც დადგა.

გთავაზობთ, განცხადებას უცვლელად:

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში ...

ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე..

ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია. მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.

კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი, მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი.
დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც ამას წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის...
მინდა, წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას.
დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!", - წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვიქტორი.

ვიქტორ სანიკიძემდე საქართველოს ნაკრები ზაზა ფაჩულიამ დატოვა. უახლოეს მომავალში შესაძლოა, იგივე გადაწყვეტილება გიორგი ცინცაძემაც მიიღოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113138