სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

21:01 | 10.09.2017 | ნანახია 2810 - ჯერ

ჭაბუკების ორი მედალი მსოფლიოს ხალიჩიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მოკრძალებული შედეგით – ვერცხლისა და ბრინჯაოს თითო მედლით დაასრულა. 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, რომელსაც ათენმა უმასპინძლა, ქართველ ჭაბუკთაგან ყველაზე შედეგიანად გიორგი გეგელაშვილმა (46 კგ) იჭიდავა – პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა. გიორგი ჭოლაძემ (42 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

გიორგი გეგელაშვილმა ფინალის გზაზე ბერძენი იოანის მარტიდისი (10:0), აზერბაიჯანელი ტოფიგ ალიევი (6:1) და ყაზახეთის ნაკრების წევრი ადლან ასკაროვი (10:6) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ამერიკელ კურტ ნამდი მაკჰენრი ჯუნიორთან წააგო (4:12) და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ამჯერად ვერცხლი მიამატა.

გიორგი ჭოლაძემ ჩემპიონატი უძლიერესი მეტოქის – რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან ბაგავუდინოვის ძლევით გახსნა – 10:5. შემდეგ კანადელ გრეგორ ედვარდ მაკნეილს მოუგო (10:0). მეოთხედფინალში კი უზბეკ უმიჯონ ჯალოლოვთან დამარცხდა (4:6) და ცოტა ხანში ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, მას შემდეგ, რაც უზბეკმა ფინალის საგზური მოიპოვა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ჭოლაძემ ირანელ მეჰდი მერდად ვეისს დამატებითი მაჩვენებლის უპირატესობით აჯობა (6:6). გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქი იუსუფ ერიუჩელი 10:0 დაამარცხა.

ფინალურ ბლოკში ლაშა ბაირამოვმა (76 კგ) და სოლომონ მანაშვილმაც (100 კგ) იჭიდავეს, მაგრამ მედლის გარეშე დარჩნენ.

ბაირამოვმა ძირითად ბადეში პირველსავე წრეში წააგო, ამერიკელ აარონ მარკელ ბრუკსთან (2:12), რომელიც შემდეგ ფინალამდე მივიდა და ჩვენებურს რეპეშაჟის გზა გაუხსნა. ბრინჯაოს მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების წევრმა გერმანელი ალექს ჰორნერი ჩამოიშორა (10:8). ნახევარფინალში კი უკრაინელ ოლექსანდრ ვიშნიაკთან ვეღარას გახდა (0:7).

"ბრინჯაოს ფინალამდე” სოლომონ მანაშვილსაც (100 კგ) ერთი ნაბიჯი დააკლდა. საქართველოს ნაკრების უმძიმესმა წევრმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, მომავალ ფინალისტთან – რუსეთის ნაკრების წევრ ისმაილ-ბეკ ნიროვთან წაგებით (0:11). იქამდე მანაშვილმა სომეხი მარტინ სიმონიანი (10:0) და თურქი ანილ ბერკან კილიჩალაიანი (5:4) ჩამოიშორა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ტემრაზ ისმაილოვთან 7:8 დამარცხდა.

ვლადიმერ გამყრელიძემ (54 კგ) და დავით ქოჩქიანმაც (85 კგ) მეოთხედფინალში დაკარგეს ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი, მაგრამ სოლომონ მანაშვილისგან განბსხვავებით, რეპეშაჟში ვერ გადაერთნენ, რადგან მათმა მძლეველებმა ნახევარფინალში წაიფორხილეს.

გამყრელიძე ბერძენი ხრისტოს ხრისტოფორიდისისა (10:0) და ბულგარეთის ნაკრების წევრ მეჰმედ ჰასან მეჰმედის (4:2) ძლევის შემდეგ, მექსიკელ რობერტო ალეხანდრო ბლანკოსთან დამარცხდა (0:7).

ქოჩქიანმა კი ბელარუს ალექს მატორნის (4:1) და ყირგიზ არსლანბეკ ტურდუბეკოვს (10:0) აჯობა და მსოფლიოს ხალიჩაზე გამოსვლა ინდოელ სანდიპ სინხ მანთან წაგებით (3:4) დაასრულა.

ქართული ათეულის ოთხმა წევრმა: დიმიტრი სალდაძემ (50 კგ), თორნიკე ქათამაძემ (58 კგ), გიორგი ელბაქიძემ (63 კგ) და ბაგრატ გაგნიძემ (69 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს.

სალდაძე თურქ დოგან კარასთან დამარცხდა (2:10), ქათამაძეც თურქ მეტოქესან - ჩავიტ აკართან ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა ჩემპიონატს (10:11). ელბაქიძემ ამერიკელ ჯეიკორი ტიმერთან წააგო (4:9), გაგნიძემ - სომეხ დავით გევორქიანთან (0:12).

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:17 | 12.09.2017
ogafa (4819)

წარმატებები

11:52 | 11.09.2017
BEERTRANCE (94367)

სავალალო შედეგი

08:32 | 11.09.2017
georg74 (3)

სამარცხვინო გამოსვლა ორივე სტილში!!რეპესჟაში 100 კილო უყურედ მსაჯები რას უშვებიან ჩვენიანს და ეს უცოდინარი მწვრთნელები ჩელენჯსაც არ იგებენ!!ალბათ ფულს ზოგავენ!!

22:41 | 10.09.2017
toshihiko (1200)

ძაან ცუდი სიტუაციაა,არაფერია ისეთი რაც ხასიათს გამოგვისწორებს. თან ვისთან წააგეს ერთმა მექსიკელთან წააგო 0-7. შეიძლება ითქვას კატასტროფული გამოსვლაა

08:45 | 11.09.2017
georg74 (3)

გეთანხმები!ქართველი რომ მექსიკელთან ჭიდაობას წააგებს იქ უკვე პრობლემა მწვრთნელებშია,ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი ბავშვები მიყავთ და ეს ბავშვები მერე აგებენ მექსიკელებთან,რუმინელებთან,ხორვატებთან,ინდოელებთან...მოკლედ ყველასთან!!

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.086327