ფეხბურთი

5:30 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯიღაური: “შეტევაში აგრესია და კრეატივი გვაკლდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური ირლანდიასთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებს გაესაუბრა და აღნიშნული მატჩი შეაფასა. “ვარდარის” ფეხბურთელის აზრით, ნაკრებმა კარგად ითამაშა, თუმცა თამაშის მოსაგებად შეტევაში აგრესია და კრეატივი დააკლდათ.

- შეაფასეთ შეხვედრა, რა დააკლდა საქართველოს ნაკრებს 3 ქულის ასაღებად?

- შეხვედრის დებიუტში ძალიან დასანანი გოლი გავუშვით, თუმცა მალევე თამაში გამოვასწორეთ. ძალიან დიდ უპირატესობას ვფლობდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. კარგად ვითამაშეთ, თუმცა მომენტებს ვერ ვიყენებდით, შეტევაში აგრესია და კრეატივი გვაკლდა.

- თქვენი აზრით, ჩასათვლელი იყო თუ არა ირლანდიელთა გოლი?

- მე განმეორება ჯერ არ მინახავს, თუმცა ბიჭებმა მითხრეს, რომ მაკარიძეს იდაყვი ჩაარტყეს და ჯარიმა იყო. ამით თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ მეც რაც დავინახე, ჯარიმა იყო.

- საკუთრ თამაშზე რას იტყვით? კმაყოფილი ხართ თქვენი თამაშით?

- საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს. ჯობს მწვრთნელმა და გულშემატკივარმა შემაფასოს.

- გუნდში როგორი განწყობაა, მომდევნო მატჩისთვის რა გეგმები გვაქვს?

- მთლიანობაში ირლანდიასთან ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილები ვართ, მოსაგები თამაში იყო. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ავსტრიის ნაკრებთან მოსაგებად ვითამაშებთ.

- “ვარდარმა” “ფენერბახჩეს” ბარიერი დაძლია და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ხოლო თქვენი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. რას გვეტყვით მაკედონიის ჩემპიონატზე და რა მიზანი აქვს გუნდს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?

- რომ ვთქვა მაკედონიის ჩემპიონატი ვარსკვლავებს წყვეტს თქო, სწორი არ ვიქნები, თუმცა ცუდი ჩემპიონატი ნამდვილად არ არის. აქცენტს უფრო ძალისმიერ თამაშზე აკეთებენ.

“ფენერბახჩესთან” მატჩმა მთლიანად შეცვალა ჩვენი და მაკედონიის საფეხბურთო მომავალი. საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რადგან ისეთ მეტოქეებთან მოგვიწია თამაში, როგორებიც “მალმიო”, “კოპენჰაგენი” და “ფენერბახჩე” არიან და ამ კლუბებთან მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ. მიმაჩნია, რომ ჯგუფში “ფენერბახჩეზე” ძლიერი მეტოქე არ გვყავს და ფლეი-ოფში გასვლისთვის ვიბრძოლებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111256