ფეხბურთი

4:38 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი: “დასაკარგი არაფერი გვაქვს და ავსტრიაში მოსაგებად ვითამაშებთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ირლანდიასთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და ნახსენები შეხვედრა შეაფასა. “ჯვაროსანთა” რიგებიდან ერთადერთი გოლის ავტორის აზრით, საქართველომ კარგად ითამაშა და მოგებას იმსახურებდა.

- რა დააკლდა მოსაგებად საქართველოს ნაკრებს?

- თამაში ისე დაიწყო, რომ ძნელი იყო ჩვენთვის სასურველი თამაში გვენახებინა, თუმცა შეცდომები გამოვასწორეთ და პირველივე ტაიმში ძალიან დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ. ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით. გვქონდა მომენტები, მაგრამ მიზნამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. თამაშის ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია და ასე უნდა გავაგრძელოთ.

- თქვენი აზრით, ირლანდიელთა გოლი იყო თუ არა ჩასათვლელი?

- განმეორეობა არ მინახავს, თუმცა ბიჭებმა მითხრეს, რომ წესების დარღვევა იყო და მეც ასე მომეჩვენა. ჩვენს მიმართ მსაჯები პირველად არ ცდებიან, მოლდოვამაც გადასულიდან გაგვიტანა გოლი. ვფიქრობ, რომ როგორც ჰოლანდიაში, უკვე ამერიკაში და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზეა ვიდეორეფერი, ყველა ტურნირზე ასე უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, ეს გოლები არ ჩაითვლებოდა.

- როგორი განწყობაა გუნდში? რა იქნება ავსტრიასთან მატჩში მიზანი?

- დღეს ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ და გული გვწყდება, რომ 3 ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ავსტრიაში მოსაგებად ვითამაშებთ.

- ბოლოს საკლუბო ფეხბურთზეც გკითხავთ. რას იტყვით MLS–ზე, როგორი ჩემპიონატია და რამდენად მაღალია დონე?

- ყოველწლიურად უფრო და უფრო კარგი ჩემპიონატი ხდება. საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჩამოდიან სათამაშოდ. ჰოლანდიის ჩემპიონატს შევადარებდი. აქაც გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ და ყველა შეტევაზე ფიქრობს.

- ანუ საკუთარი არჩევანით კმაყოფილი ხართ?

- დიახ. ვფიქრობ, რომ შემტევი მოთამაშისთვის MLS–ი თავის გამოსაჩენად იდეალური ჩემპიონატია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115851