ფეხბურთი

1:09 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიჟური დღე კალჩოში: "იუვე", "ინტერი", დიბალა და იკარდი... (+VIDEO)

დიდებულად დაიწყო იტალიის სერია A-ს მეორე ტური. ყოველშემთხვევაში, სამი მატჩიდან ორი ძალზე დრამატული ჩინებული სანახავი გამოვიდა. “იუვენტუსი” და “ინტერი”, პაულო დიბალა და მაურო იკარდი – ვისი აჯობებს სეზონის ბოლოს?!

თავდაპირველად ტურის ცენტრალურ მატჩზე ვთქვათ: რომში, ლუჩანო სპალეტი დაბრუნდა. მწვრთნელი, რომელმაც იტალიის დედაქალაქში ბევრს მიაღწია, თუმცა გუნდიდან წასვლა არცთუ კარგი გამოუვიდა. სპალეტის “ოლიმპიკოზე” დაბრუნება ერთი იყო და თამაში – მეორე. “რომაც” და “ინტერიც” წელს მაღალ მიზნებს ისახავენ და სკუდეტოსაც კი უმიზნებენ. აქედან გამომდინარე, თავიდანვე ადვილი მისახვედრი გახლდათ, რა ჯახი იქნებოდა მარადიულ ქალაქში...

ასეც მოხდა: “ინტერმა” მეორე ტაიმში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და 3 ქულა ჩინებულ სტილში მოიპოვა. ამბობენ, მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო და თუ ასეა, მაშინ სპალეტიმ მისი მემკვიდრე ეუსებიო დი ფრანჩესკო აშკარად დაჯაბნა. არადა, პირველ ნახევარში “რომა” უპირატესობას ფლობდა და შეეძლო ანტრაქტამდე გადაეწყვიტა შეხვედრის ბედი. თუმცა, “ჯალოროსი” ედინ ჯეკოს მშვენიერ გოლს დასჯერდა და შესვენებაზე 1:0 დაწინაურებული გავიდა. აქვე ვთქვათ, რომ მასპინძლებს ფატალურად არ უმართლებდათ: ბურთი ძელს სამჯერ მოარტყეს, ერთხელ ელ შაარავის დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანა მცველმა, ხოლო რაჯა ნაინგოლანმა მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც მისი გუნდი 1:2 აგებდა, საოცარი მომენტი გააფუჭა. საერთოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად საგოლე პასისა, რაჯა ანტიგმირი იყო – ბელგიელმა გაცუდებული მომენტის გარდა, მესამე გოლშიც უდიდესი “როლი” დაიდო: ბურთი დაკარგა და “ინტერის” კონტრშეტევა მატია ვესინოს გოლით დასრულდა. მაგრამ, ეს თამაშის ბოლოს იყო. მანამდე, “ნერაძურიმ” ჩამორჩენაც დაქაჩა და წინაც გავიდა. ეს უკვე მთლიანად მაურო იკარდის სინდისზეა – არგენტინელი დიდებულ ფორმაშია და პირველ ტურში შესრულებულ დუბლს, კიდევ ერთი დუბლი წაამატა. მოკლედ, “ინტერნაციონალემ” მოიგო – 3:1. სპალეტის ბიჭები ასე თუ გააგრძელებენ და სტაბილურობას შეინარჩუნებენ, არაა გამორიცხული სკუდეტოს მთავარ მაძიებლადაც მოგვევლინოს. ახლა ასე მოსჩანს – “ინტერის” თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა.

რომში გამართულ საოცარ მატჩამდე მოიგო “იუვენტუსმა” და არანაკლებ დიდებულ შეხვედრაში – გენუაში, “იუვემ” კატასტროფულად დაიწყო. ჯორჯო კიელინიმ ჯერ ბურთი დაკარგა, მერე იმდენად ცუდად მოიგერია საკუთარ საჯარიმოში, რომ იქვე მდგომ მირალემ პიანიჩს გაარტყა და ბოსნიელმა ავტოგოლით “ჯენოა” დააწინაურა მე-18 წამზე! ესეც არაფერი – 5 წუთში დანიელე რუგანიმ ანდრეი გალაბინოვი წააქცია საჯარიმოში. მსაჯ ლუკა ბანტის ეპიზოდზე ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ვიდეო რეფერიმ პენალტი დანიშნა. სხვათა შორის, “იუვენტუსის” კარში მეორე პენალტი დაინიშნა უკვე ვიდეორეფერის გამოყენებით. აღსანიშნავია ისიც, რომ პენალტი დასანიშნი ნაკლეად იყო – საქმე ისაა, რომ სანამ რუგანი გალაბინოვზე იუხეშებდა, მანამდე ბულგარელი თამაშგარეში იმყოფებოდა. უმაღლესის საფეხბურთო სასჯელი გოლად დაზარალებულმა აქცია – 2:0 მეშვიდე წუთზე!

“ჯენოა” ამას სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა და ივან იურიჩის გუნდმა რეალობა ვერც დაიჯერა. ალბათ, ამიტომაც განვითარდა მატჩის დარჩენილ დროში მოვლენები სტუმართა სასარგებლოდ. ლიგურიელებმა საჩუქარი ვერ შეირგეს, ხოლო ტურინელთა ზეწოლამ შედეგი მალევე გამოიღო. პიანიჩის პასით პაულო დიბალამ ერთი ბურთი გაქვითა. ტაიმის ბოლოს, ხუან კუადრადომ მარიო მანჯუკიჩს უპასა, ხორვატმაც დაარტყა, მაგრამ კუთხურის მეტს ვერაფერს გამორჩა. თითქოს არაფერი, ბანტიმაც ალამის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი, მაგრამ... მაგრამ, ვიდეორეფერიმ სამართლიანობა აღადგინა – საქმე ისაა, რომ თურმე მანჯუკიჩის დარტყმული ხელში ბირასკის მოხვდა და ისე გადავიდა პირით ხაზს იქეთ – არადა, გოლი გარდაუვალი იყო – მოკლედ, დიბალამ დუბლი გაიფორმა და ანგარიშიც გათანაბრდა.

თამაშის სცენარი გახლდათ, ცხადი იყო რომ “იუვე” ადრე თუ გვიან დაწინაურდებოდა. ასეც მოხდა, კუადრადომ საჯარიმოში ფანტასტიკურად ითამაშა და მასიმილიანო ალეგრის გუნდმა უმძიმესი თამაში შემოატრიალა. წერტილი კი, მსაჯის კომპესირებულ დროში დიდებული გოლით ისევ დიბალამ დასვა. “ლა ჯოიამ” იტალიის ჩემპიონატში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიქი და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ბურთი სახსოვრად სახლში წაიღო. “იუვენტუსი” კი სახლში 3 ქულით დაბრუნდა.

ამ ორი გადასარევი თამაშის ფონზე ბუნებრივია ჩრდილში მოექცა მესამე მატჩი – დებიუტანტმა “ბენევენტომ” შინ “ბოლონიასთან” წააგო – 0:1. სხვათა შორის, აქაც ვიდეორეფერი იყო მოვლენების ეპიცენტრში: დონსას ერთადერთი გოლი სწორედ მისი გამოყენების შემდეგ ჩაითვალა.

“ბენევენტო” – “ბოლონია” 0:1 (0:0)

ბენევენტო, “ჩირო ვიგორიტო”

მაყურებელი: 9 900

“ბენევენტო” (4-4-2): ბელეკი; ვენუტი, ლუჩიონი, კოსტა, დი კიარა (სისე 86); ჩიჩირეტი, კატალდი, დელ პინტო (ვიოლა 81), დ’ალესანდრო; კოდა, ჩერავოლო (პუშკაში 58)

მწვრთნელი: მარკო ბარონი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ტოროსიდისი (მბაიე 45), დე მაიო, მაიეტა (ჰელანდერი 21), მაზინა; ტაიდერი, დონსა (კრისეტიჯი 45), პოლი; ვერდი, დესტრო, დი ფრანჩესკო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლი: 0:1 დონსა (55)

გაფრთხილება: დელ პინტო (79) – პოლი (39), მირანტე (76), ჰელანდერი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 10 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: განპაოლო კალვარეზე

“ჯენოა” – “იუვენტუსი” 2:4 (2:2) VIDEO

გენუა, “ფერარისი”

მაყურებელი: 35 000

“ჯენოა” (3-4-2-1): პერინი; ბირასკი, როსეტინი, ჯენტილეტი; ლაზოვიჩი, ველოზუ, ბერტოლაჩი, ლაქსალტი; პანდევი (ლაპადულა 78), ტაარაბტი (პალადინო 51); გალაბინოვი (სენტურიონი 72)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი (ბარძალი 74), რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი (ბენტანკური 80), ხედირა (მატუიდი 58); კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 პიანიჩი (1, ა.გ), 2:0 გალაბინოვი (7, პენ), 2:1 დიბალა (14), 2:2 დიბალა (45. პენ), 2:3 კუადრადო (62), 2:4 დიბალა (90)

გაფრთხილება: ჯენტილეტი (13), ბირასკი (17), ლაზოვიჩი (45), ლაქსალტი (78) – ლიხშტაინერი (8), პიანიჩი (18), კუადრადო (64)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 15 (11) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ლუკა ბანტი

“რომა” – “ინტერი” 1:3 (1:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 50 000

“რომა” (4-3-3): ალისონი; ჟუან ჟესუსი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი (უნდერი 83), სტროტმანი; დეფრელი (ელ შაარავი 63), ჯეკო, პეროტი (ტუმინელო 90)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, სკრინიარი, მირანდა, ნაგატომო (დალბერტი 56); ვესინო, გალიარდინი (ჟოაო მარიო 46); კანდრევა (კანსელო 84), ბორხა ვალერო, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 1:0 ჯეკო (15), 1:1 იკარდი (67), 1:2 იკარდი (77), 1:3 ვესინო (87)

გაფრთხილება: ჟუან ჟესუსი (22) – კანდრევა (19)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმა: 10 (7) – 13 (9) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 12:6 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.397697