ჭიდაობა

0:00 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ქართული ოქრო პარიზში - თავისუფლებმა ორი მედლით დაიწყეს (+VIDEO)

პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე დღე საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უმძიმესმა წევრმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ფინალში მთავარი ფავორიტი, ევროპის 4-გზის, მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა და მსოფლიოს ოქროს დაეუფლა.(VIDEO)

23 წლის მძიმეწონოსანმა უძლიერეს მეტოქეს საოცრად დაძაბულ ბრძოლაში საფინალო სირენამდე თხუთმეტიოდე წამით ადრე შესრულებული ორქულიანით აჯობა (10:8).

ფინალამდე გენო პეტრიაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე ვადაზე ადრე მოიგო. საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ხიზრიევს 4 წუთში სძლია - 13:2. შემდეგ კანადელ კორეი ჯარვის დაეჭიდა და 2 წუთსა და 24 წამში აუგროვა 10 უპასუხო ქულა. ნახევარფინალში კი სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძეს 3 წუთსა და 36 წამში 12:2 აჯობა.

აკგულთან შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავიდან თურქმა აიღო ორი ორქულიანი და 4:0 დაწინაურდა. შემდეგ გენომ დაასრულა ილეთით ფეხში შესვლა და პირველი პერიოდი 4:4 დასრულდა. მეორე სამწუთეული ქართველმა მძიმეწონოსანმა მშვენივრად დაიწყო და ოთხქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა. ბოლო წუთზე ანგარიში 8:8 გახდა. ეს შედეგი კი ხელს ტაჰა აკგულს აძლევდა, მაგრამ გენო პეტრიაშვილმა, რომელიც მეტოქესთან შედარებით მეტად დაღლილი ჩანდა, მაინც შეძლო თურქის ჩოქბჯენში გადაყვანა და კარიერის უდიდესი ჯილდოს მოპოვება.

პეტრიაშვილთან ერთად პოდიუმზე ბერიანიძეც ავიდა.

მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი გამოცდილი წევრი დავით მოძმანაშვილიც ჩაება. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი და მსოფლიოსა (2011) და ევროპის (2012) ბრინჯაოს პრიზიორი უზბეკეთის ნაკრების რიგებში აგრძელებს სპორტულ კარიერას. დებიუტი კი აშკარად არ გამოუვიდა – პირველსავე წრეში დამარცხდა, ირანელ იადოლაჰ მოჰებისთან.

დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების ლიდერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც (61 კგ) გავიდა, რომელიც საფრანგეთში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჭიდაობდა და პირველ ნომრადაც იყო განთესილი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.(VIDEO)

პირველი მეტოქე - პალაუელი კრისტიან ეტპისონ ნიკოლესკუ ხინჩეგაშვილმა 4 წუთში დაამარცხა (10:0). მეორე წრეში მონღოლ ტუვშინტულგა ტუმენბილეგს 7:1 სძლია. მეოთხედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ხაჯიმურად რაშიდოვს დაუპირისპირდა და მხოლოდ შეხვედრის ბოლო ნახევარ წუთში აჯობა. იქამდე 0:5 ჩამორჩა და ანგარიშის სათავისოდ შესატრიალებლად დრო აღარ ეყო.

საფინალო სირენამდე ხუთიოდ წამით ადრე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რაშიდოვი დაატრიალა. ხალიჩის მსაჯმა ილეთი 2 ქულით შეაფასა და ანგარიში 3:5 გახდა. საქართველოს ნაკრების თავკაცი გიორგი იანტბელიძე კი 4 ქულას ითხოვდა, რაც ლადოს გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ მწვრთნელმა ოფიციალურად, მსაჯთა მაგიდას მაშინღა მიმართა, როდესაც შეხვედრა დასრულდა. ვიდეოჩანაწერი განიხილეს, არ დააკმაყოფილეს, რაშიდოვს კიდევ ერთი ქულა წაუმატეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 6:3 რუსეთის ნაკრების წევრის სასარგებლოდ.

ხინჩეგაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო და ამერიკელ ლოგან ჯეფრი შტიბერს აშკარა უპირატესობით (10:0) აჯობა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ევროპის 3-გზის ჩემპიონს, რუსეთის ნაკრების ყოფილ წევრ ოპან სატს დაეჭიდა და პირველ პერიოდში მოპოვებული სამქულიანი უპირატესობით მოუგო (3:0). ოპან სატი ამჟამად ჩინგიზხან ერდოღანის სახელით, თურქეთის დროშის ქვეშ გამოდის.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპულ პოდიუმზე მეექვსედ ავიდა. 2011 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2013-ში – ბრინჯაო. 2014, 2016 და 2017 წლებში კი კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები კიდევ ორ წონით კატეგორიაში: 57 და 86 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით კონკურენციაში ბექა ლომთაძე (57 კგ) და დავით ხუციშვილი (86 კგ) ჩაებნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ორივემ საწყის ეტაპზევე დაკარგა.

ლომთაძე პირველ წრეში თურქ სულეიმან ატლის შეხვდა და გამარჯვება ბრძოლის მიწურულს, გაუშვა ხელიდან. მერვედფინალში ატლი სასურველი ფრის უპირატესობით (8:8) გავიდა.

ხუციშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი კანადელი ჯორდან შტინის დამაჯერებლად ძლევით (6:0) გახსნა. მერვედფინალში კი აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან ვეღარას გახდა (0:4).

ატლიმ და გოსტიევმა ფინალამდე წაიფორხილეს და ლომთაძესა და ხუციშვილს ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტათ.

მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის შეხვედრებით. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილი (70 კგ), ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112298