ფეხბურთი

13:00 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცეცხლაძე: „21-წლამდელთა ნაკრებიდან არავინ დამკავშირებია, თუმცა გახარება უკვე მოვასწარი“
„ეს ბედნიერების ცრემლები იყო“

აზარბაიჯანის პრემიერ ლიგის დებიუტანტ „საბაილში“ ქართველი ნახევარმცველი, თაზო ცეცხლაძე თამაშობს. როგორც 20 წლის მოთამაშე WORLDSPORT.GE-სთან საუბარში ყვება, ის ყოფილი კლუბის ხელმძღვანელობამ დააკავშირა აზარბაიჯანულ გუნდთან, რომელიც მხოლოდ სინჯებზე მიიყვანეს, თუმცა დებიუტანტ „საბაილს“ თურქულ შეკრებაზე გაჰყვა, სადაც ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ ამ გუნდის ძირითადის წევრად იქცა.

საფეხბურთო კარიერა 35-ე სკოლაში დაიწყო, სადაც მამამ მიიყვანა, რომელიც ავღანეთში მშვიდობიანი მისიის შესრულების დროს დაიღუპა. იხსენებს, რომ არჩევანი ფეხბურთსა და ძიუდოს შორის გააკეთა. მიუხედავად ოჯახის ტრადიციისა, მაინც ფეხბურთი არჩია.

რამდენიმე დღის წინ თაზო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდა და ეს ფაქტი მისთვის ძალიან ემოციური და სასიხარულო გამოდგა.

შრომისმოყვარე ახალგაზრდას სურს, რომ მომავალში ნაკრების მაისური მოირგოს. ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და უნდა ეს გრძნობა განიცადოს.

ფეხბურთი რონალდინიომ და მისმა თამაშმა შეაყვარა, თუმცა გულდაწყვეტით გვითხრა, რომ სურდა მასავით დიდი შესაძლებლობები ჰქონოდა. ახალგაზრდა მოთამაშემ შეტევაში თამაშს, მცველის პოზიცია არჩია, თუმცა ახალ კლუბთან ერთად პოზიციის შეცვლაც მოუწია და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია - საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.

წარსული და აწმყო...

ყველაფერი 35-ე სკოლაში დაიწყო. ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი ვოვა ვაშაძესთან. უკვე 11 წლის ასაკში გადავედი საფეხბურთო სკოლა “ოლიმპში”, ყველასათვის ცნობილ მწვრთნელთან გუბაზ დოლიძესთან. აქ დავყავი დაახლოეით 5-6 წელი. შემდეგ იყო „ვიტ-ჯორჯიას“ დუბლები, სადაც თენგიზ კობიაშილი იყო მწვრთნელი. დუბლებში არ მიწევდა ხშირად თამაში და „ვიტ-ჯორჯიას“ მეორე ლიგაში ვთამაშობდი. შემდეგ იყო „ლოკომოტივის“ დუბლები სადაც 6 თვე ვთამაშობდი. 6 თვის მერე კი - მარტვილის „მერანი“, სადაც ვერ დავიმკვიდრე ადგილი და ვერც დასახული მიზანი - უმაღლესი ლიგა ვერ ვითამაშე.

გარდაბანი

გარდაბანი პირველ ლიგაში ახალი გადასული იყო. მწვრთნელი გუბაზ დოლიძე გახლდათ, რომელთანაც კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. გარდამავალი ჩემპიონატი სწორედ გარდაბანში ვითამაშე, სადაც საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე, რადგან თითქმის მთელი ჩემპიონატი შეუცვლელად ვითამაშე. სამწუხაროდ გავვარდით პირველი ლიგიდან და ეს ადვილი ასატანი არ იყო. მე მცველი ვარ და როცა შენი გუნდი ვარდება ამაში დიდი წვლილი მიგიძღვის, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც ნაყოფიერი იყო ჩემთვის.სწორედ გარამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთ ბოლო ტურში გავიცანი, კარგი ფეხბურთელი და ამავდროულად ადამიანი, გიორგი ქორიძე, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ მოკლე სიიდან რომელმაც მითხრა, რომ ჩემი სჯეროდა და მე მოვახერხებდი უკეთეს უკეთეს ჩემპიონატში თამაშს. ის დღემდე ჩემ გვერდითაა და მეხმარება.

„თელავთან“ ერთ ნაბიჯში...

თელავი, იყო გუნდი, რომელთანაც თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბოლოოდ არ შედგა შეთანხმება და დავბრუნდი გარდაბანში.გუნდში უდიდესი ყურადღება გამოიჩინეს გურამ ჭვინტიაშვილმა, ადილ მაჰმუდოვმა და გუნდის პრეზიდენტმა კეკე ხვისტანმა. ისინი მეხმარებოდნენ ყველაფერში, რათა უკეთეს ფორმაში შევსულიყავი და შემდეგ ბედი გვეცადა აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგაში ახლად აღზევებულ „საბაილში“. ისინი მენდობოდნენ და მეც მაქსიმალურად ვცდილობდი და ვცდილობ გავამართლო მათი იმედები. პირველი დივიზიონოს მატჩები ვითამაშე გარდაბანთან ერთად, რომელიც ამჟამად ხუთეულში იმყოფება და ამას არავინ ელოდა, მაგრამ მწვრთნელების, ხელმძღვანებლობის და რა თქმა უნდა ბიჭების დიდი ძალისხმევის შედეგად ეს მოახერხეს.

„გარდაბნიდან“ აზარბაიჯანის „საბაილში“

სწორედ „გარდაბნიდან“ დაუკავშირდა „საბაილს“ ჩემი მომავალი, სადაც ასევე გურამის, კეკეს და ადილის ძალისხმევითა და რეკომენდაციით სინჯებზე მოვხვდი. ღმერთის წყალობით სინჯები კარგად წარიმართა და გუნდმა შეკრებაზე წამიყვანა თურქეთში. იქ ამხანაგური მატჩები ჩავატარეთ და ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე ცენტრალურ მცველის პოზიციაზე. როდესაც დავბრუნდით ბაქოში უკვე კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ყველაფრით ძალიან გახარებული და კმაყოფილ ვარ. მადლობა ღმერთს ამ შანსისთვის. მე არასოდეს შევწყვეტ ბრძოლას. ჩემპიონატის დაწყებამდე მწვრთნელმა მითხრა, რომ მე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე უფრო მხედავს და უნდა რომ ამ პოზიციას შევეჩვიო. რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არ მქონდა და არც მაქვს. სადაც მწვრთნელს და გუნდს დავჭირდები მე ყოველთვის იქ ვითამაშებ. სიმართლე გითხრათ ამ პოზიციაზე მაინც და მაინც დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მან პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში დამაყენა რასაც არ ველოდი ნამდვილად და ვფიქრობ, რომ მისი იმედები არ გამიცრუებია. ასევე იყო მეორე მატჩი ბაქოს „ნეფჩის“ წინააღმდეგ, სადაც საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, ბოლო წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალოით მოვიგეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მებრძოლი და შეკრული გუნდი გვყვავს და სამწვრთნელო კოლექტივი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდებისთვის და არამარტო ახალგაზრდებოსთვის.

-თქვი, რომ ახალ კლუბთან ერთად პოზიციაც შეიცვალე, შენ უფრო კომფორტულად დაცვაში გრძნობ თავს თუ ნახევარდაცვაში?

- სიმართლე გითხრათ უკვე მიჭირს გარჩევა თუ რომელ პოზიციაზე უფრო მხიბლავს თამაში. აქამდე ცენტრალური მცველი ვიყავი, თუმცა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაც ძალიან მომეწონა და შემიყვარდა.

- მოტივაცია და პირველი გულშემატკივარი...

- ჩემი პირველი გულშემატკივარი მამაჩემი იყო, რომელმაც ფეხბურთზე მიმიყვანა. ის 2010 წელს სამშვიდობო მისიით ავღანეთში დაიღუპა. ის იყო ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა და სულ მეუბნებოდა, რომ უნდა მებრძოლა! ვყოფილიყავი წარმატებული ფეხბურთელი და არასოდეს მეთქვა ჩემს სამშობლოზე უარი. ვფიქრომ ის ახლაც ჩემი გულშემატკივარია.

ასევე არ შემიძლია არ ვახსენო დედაჩემი. ის ყოველთვის გვერდში მედგა, მიუხედავად იმისა გვქონდა თუ არა ამის საშვალება. მეხმარებოდა, რომ წინსვლა არ შემეწყვიტა.

მადლობა ჩემს მეგობრებს, შეყვარებულს და ახლობლებს. პირობას ვდებ, რომ არასოდეს შევწყვეტ განვითარებას და ბრძოლას ჩემი ადგილისთვის, თუ რა თქმა უნდა ღვთის წყალობით ჯანმრთელად ვიქნები.

მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც დღეს მე გამაჩნია. უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, მე ამის მჯერა.

- დასახული მიზნის მიღწევა, შრომით შესაძლებელია?

-ტალანტი არასდროს მქონია, არც ტექნიკური ვიყავი, არც ზედმეტად ჭკვიანი. უბრალოდ ყოველთვის მიყვარდა ბრძოლა სტადიონზე და ახლაც ასე ვარ. დიახ, ვფიქრობ, რომ როდესაც გაქვს მიზანი, გინდა განვითარდე, ამისთვის ყოველდღე რაღაც წვლილი შეგაქვს შენი თავის განვითარებაში. რა თქმა უნდა ეს აუცილებლად დაფასდება. თუ არავინ გიყურებს და გაქცევს ყურადღებას, გახსოვდეს, რომ ღმერთო გვიყურებს და აუცილებლად მოგვცემს შანსს. მამაჩემი და ჩემი მწვრთნელი გუბაზ დოლიძე სულ მეუბნებოდნენ, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

- ახალ გუნდში როგორ მიგიღეს? როგორი ურთიერთობა გაქვს თანაგუნდელებთან? თან აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად ასპარეზობ...

- ახალ გუნდში იდეალურად მიმიღეს. ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდი. ძალიან ადვილად შევედი კონტაქტში. ყველა მეხმარება. ბიჭები ძალიან ყურადღებიანები და კარგი ადამიანები არიან. როგორც მოთამაშეები, ასევე მწვრთნელებიც ძალიან დამეხმარნენ. თავიდანვე დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩემდამი. მადლობა მათ ყველაფრისათვის.

- გუნდის ისტორია სულ რაღაც 1 წელს ითვლის. როგორ გგონია რა იქნება ამ სეზონის მაქსიმუმი?

- დამეთანხმებით, რომ ძალიან მოკლე პერიოდია 1 წელი და ამ დროისთვის გუნდის შექმნა რთულია. ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. იმედია ჩვენი დიდი მონდომების და ბრძოლით მოვახერხებთ დარჩენას.

ჩვენ პირველივე ტურში საკმაოდ ძლიელი მეტოქის „ზირას“ წინააღმდეგ მოგვიწია თამაში, მიუხედავად 2:1 წაგებისა ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია თამაში. „ნეფჩისთან“ მოგებულ მატჩში, ეს უფრო განვამტკიცეთ. ეს მოგება არ გვაძლევს მოდუნების უფლებას, პირიქით, ყოველდღე უნდა განვვითარდეთ.

- „საბაილის“ გარდა სხვა კლუბი თუ იყო შენით დაინტერესებული?

- არა სხვა გუნდი არ ყოფილა დაინტერესებული. სიმართლე გითხრათ „საბაილიც“ჩვენ დავაინტერესეთ, რომ სინჯებზე ავეყვანეთ. რთულია საქართველოს პირველი დივიზიონიდან ვინმე დააინტერესო.

-როგორ ფიქრობ ქართულ და აზარბაიჯანულ კლუბებს შორის სხვაობა დიდია? თუ გავითვალისწინებთ, რომ „ყარაბაღი“ უკე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშია...

- ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი სხვაობაა. ძირითადად ფიზიკური მომზადების და ტემპის მხრივ იგრძნობა. მაგრამ ქართველებს უფრო მეტი კლასი და ინტელექტი აქვთ. მე მჯერა, რომ საქართველოში ფეხბურთი დაბრუნდება და ყველა ნახავს, რომ ჩვენთან ფეხბურთი უყვართ და იბრძვიან.

- წლების წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ აზარბაიჯანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებოდა. როგორ ფიქრობ რა დრო სჭირდება ქართულ კლუბებს იგივე გზის გასავლელად? რა არის მთავარი პრობლემა? ლეგიონერები? თუ მათი ნაკლებობა?

- სიმართლე გითხრათ ეგრე გადაჭრით ვერ გიპასუხებთ. არ მინდა ვინმემ ცუდად გაიგოს. მხოლოდ ერთს ვიტყვი. თუ ვიშრომებთ ბევრს, ყველაფერი დალაგდება. მთავარია მიზანმიმართული გეგმა და გუნდების სტაბილურობა. ვფიქრობ ერთიანი კოლექტივი უნდა შეინარჩუნონ გუნდებმა და ყოველ წელს არაა საჭირო ამდენი ფეხბურთელების გაშვება და დამატება. ეს ცემი პირადი აზრია.

- საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფართო სიაში მოხვდი. ვინ დაგიკავშირდა ან როგორ გაიგე ამის შესახებ?

-ჯერ არც არავინ დამკავშირებია, თუმცა გახარება უკვე მოვასწარი. გუშინ დილით ნახა ჩემმა მეგობარმა საიტზე და არც მოველოდი. როდესაც მე ვნახე, პირდაპირ გეტყვი ავტობუსში ვიყავი და ცრემლები წამომივიდა. ხალხი ავანერვიულე, რა გჭირსო მეკითხებოდნე. ზოგმა წყალი მომაწოდა, ზოგმა წამლები, თუმცა რა იცოდნენ, რომ ეს ბედნიერების ცრემლები იყო.

როგორც ვიცი საბოლოო სია რამდენიმე დღეში იქნება და გაირკვევა თუ ვინ მოხვდება. ვინქბი თუ არა მე საბოლოო შემადგენლობაში, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გაფართოებულ სიაში მაინც ვიყავი. მადლობა ღმერთს ამისთვის. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი ოცნებაც ესაა. ნაკრებთან ერთად ბევრი კარგი და სანახაობრივი მატჩის ჩატარება.

- როგორ ფიქრობ რა განსხვავებაა საკლუბო და სანაკრებო კარიერას შორის? რომელი უფრო სასიხარულოა? ითამაშო კარგ გუნდში თუ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში?

- ნაკრებში მაშინ ხარ, თუ სათანადო გუნდში თამაშობ. თუ მზად იმყოფები იმ მომენტში ნაკრებიც დაგიძახებს. ნაკრებს მზა ფეხბურთელები სჭირდება, ფორმაში მყოფი, რათა ღირსეულად დაიცვან ქვეყნის სახელი. ვფიქრობ ორივე ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა. როდესაც ხარ კარგ კლუბში და ამავდროულად საკუთარი ქვეყნის ნაკრებში. მაგრამ როდესაც შენი ქვეყნის მაისური გაცვია და მისი ღირსების დაცვა გიწევს, ეს უდიდესი სიხარულია და შენ უბრალოდ არ გაქვს უფლება მოდუნდე. ამაზე დიდი მწვერვალი არ არსებობს.

- შენი სამომავლო გეგმები როგორია?

- რა შემიძლია გითხრათ - იმედია ჯანმრთელად ვიქნები და ტრავმების გარეშე ჩაივლის სეზონები. ჩემს თავზე რაც არის დამოკიდებული მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავხდე უკეთესი. ოცნება ისევე, როგორც ყველა ქართველი ფეხბურთელის, რა თქმა უნდა ეროვნულ ნაკრებში თამაშია. ვფიქრობ ეს ცოტა შორი მომავალია, მაგრამ შესაძლებელია.

- თუ გიფიქრია, რომ არა სპორტის ეს სახეობა, ვინ იქნებოდი დღეს?

- რომ არა ფეხბურთი, ალბათ ძიუდოს გავყვებოდი, რადგან ბაბუაც, მამაც და ბიძაც ძიუდოისტები იყვნენ.

- და რატომ ფეხბურთი? მითუმეტეს თუ ძიუდო ოჯახის ტრადიციაა...

- ძალიან მინდოდა ძიუდოც და ფეხბურთიც. თავიდან ძიუდო ვარჩიე, მაგრამ შემდეგ მამაჩემა მითხრა რომელიც უფრო გულით გინდა ის აირჩიეო. არც დავფიქრებულვარ, ფეხბურთი ვარჩიე. ძალიან მინდოდა რონალდინიოს ნაირი შესაძლებლობები მქონოდა.

- შენი გემოვნებიდან გამომდინარე, რატომ მცველის პოზიციაზე და არა თავდასხმაში, ან თუნდაც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე?

- რომ არ დამეჯერებინა ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანებისთვის, მაშინ ვიქნებოდი შემტევი, ოღონდ ვერ გეტყვით როგორი. ვფიქრობ კარგი არჩევანი გავაკეთე, რადგან შეტევაზე მეტად დაცვა და ორთაბრძოლები მიზიდავს.

- თამაში, რომელსაც შეცვლიდი...

- „ლოკომოტივის“ დუბლებში ვიყავი და „დინამოს“ ვეთამაშეთ. ის მატჩი 3:4 წავაგეთ და ანტი გმირი ვიყავი. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი და 2 კვირა ვერც ვიძინებდი ამის გამო.

- ჩვენი მკითხველი ამ ინტერვიუდან გაგიცნობს, რას ეტყვი მათ?

- ვეტყვი, რომ ბოლომდე უგულშემატკივრონ ჩვენს გუნდებს და ნაკრებს. ქედმაღლობაში არ მინდა ჩამეთვალოს, მითუმეტეს ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია, რომ რჩევები ვაძლიო, მაგრამ დამწყევ ფეხბურთელებს მინდა ვუთხრა, რომ ყოველთვის სჯეროდეთ საკუთარი თავის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი არავის სჯერა.

- საფეხბურთო ოცნება...

- ნაკრებში თამაში და გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატი.

- გამომდინარე იქიდან, რომ ახლად შექმნილ გუნდში თამაშობ, რას ნიშნავს შენთვის გულშემატკივრის ფაქტორი, რომელიც ჯერ ძალიან მცირე რაოდენობით ჰყავს „საბაილს“...

- გულშემატკივარი, რომ არ გვყავს მრავალრიცხოვანი ეს მალე გამოსწორდება. ჩვენთვის ყველასთვის დამატებითი მოტივაციაა, რადგან გვინდა გვყავდეს და ამისთვის უფრო მეტად დავიხარჯებით. ვფიქრობ „საბაილს“ გააჩნია ამის შესაძლებლობა, რადგან საკმაოდ გააზრებულ და სასიამოვნო ფეხბურთს ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი და ძალიან ახალგაზრდული გუნდია.

მინდა მადლობა გადავუხადო იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლებიც გვერდში ედგა წინა წელს პირველ ლიგაში და ახლა, რომლებიც მოდიან თამაშენზე და ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოტივაცია არვიმაღლონ.

- ყოველი თამაშის წინ...

- ლოცვა რა თქმა უნდა, რომელსაც ყველა ქართველი ფეხბურთელი ასრულებს და საკუთარ თავს ვამხნევებ, რომ ყველაფერს შევძლებ.

- და ბოლოს... საინტერესოა როგორია შენი საუკეთესო თერთმეტეული?

- მეკარე - უბერებელი და ყველაზე სტაბილური ჯიჯი ბუფონი, მცველები: რობერტო კარლოსი, კანავარო, კაფუ და ადამიანი ჟინი, შემართება პუიოლი. საყრდენი ნახევარმცველი ბუსკეტსი, ის საუკეთესოდ კითხულობს თამაშს და უბრალოდ არ მაქვს უფლება არ ვახსენო. მის წინ ორი გამთამაშებელი - ზიდანი და ჩავი. ზიზუზე კომენტარი ზედმეტია, აი ჩავიზე ვიტყვი, რომ უბრალოდ საოცრებაა უყურო რა მარტივად თამაშობს და რამხელა შედეგი აქვს. როგორ ალაგებს თამაშს, გენიაა. თავდასხმას რაც შეეხება - მარცხენა ფლანგზე რონალდინიო, რონალდუს მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის იყო ჯადოქარი. ბურთი მასავით არავის უხდებოდა. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი მისი თამაშით. ცენტრფორვარდის პოზიციაზე რონალდოს (კიჭას) და მარჯვენა შემტევად რა თქმა უნდა დიდებულ ლეო მესის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160084