ფეხბურთი

2:35 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ალონსომ “ჩელსის” ლონდონურ დერბიში მოაგებინა

პრემიერლიგის 2017/2018 წლების სეზონში “დიდი ექვსეულის” კლუბების პირველი დაპირისპირება “უემბლიზე” გაიმართა, სადაც “ტოტენჰემი”, რომელიც საკუთარი სტადიონის მშენებლობის დასრულებამდე ამ უმშვენიერეს არენაზე თამაშობს, თანაქალაქელ “ჩელსის” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შეხვედრა მაღალ ტემპში და ორმხრივ იერიშებში დაიწყო. ორივე გუნდს მალევე შეეძლო დაწინაურება, განსაკუთრებით კარგი მომენტი ალვარო მორატას შეექმნა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან თავური დარტყმით ააცილა. “არისტოკრატებმა” მაინც მალევე გაიტანეს და თან ძალიან ლამაზი გოლი: მარკოს ალონსომ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და უგო ლორისს შანსი არ დაუტოვა.

გაშვებული გოლის შემდეგ “დეზები” ძალიან გააქტიურდნენ და “ჩელსი” რამდენჯერმე გადაურჩა გოლს: ჰარი კეინმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო რამდენჯერმე ტიბო კურტუამ ივარგა. პირველ ტაიმში მეტი ბურთი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში “ჩელსიმ” შეძლო და თამაში სასურველ ტემპში გადაიყვანა. “ტოტენჰემი” პირველ ტაიმთან შედარებით ძალიან სუსტად უტევდა, ხოლო სტუმრები საკუთარ შანსს ელოდნენ და ასეთი მიიღეს კიდეც: 74-ე წუთზე ვილიანის შორიდან გასროლის შემდეგ ბურთი ძელმა მოიგერია, თორემ შეხვედრის ბედი ნაადრევად გადაწყდებოდა.

“დეზებმა” კი, პირველ ტაიმში, როდესაც მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, ვერ გაიტანეს, ხოლო როცა ბევრი არაფერი გამოსდიოდათ შეტევაში გაათანაბრეს – შეცვლაზე შემოსულმა მიჩი ბაჩუაიმ, რომლის უშუალო მოვალეობა მეტოქეთა კარის აღებაა და ჯერჯერობით ეს ძალიან ცუდად გამოსდის, აქეთ აიღო საკუთარი კარი და ანგარიში გათანაბრდა.

შეხვედრა ასეც მორჩებოდა, მაგრამ ბაჩუაის მასპინძელთა კიპერმა უგო ლორისმა მიბაძა და ისეთი შეცდომა დაუშვა, როგორიც მისი დონის მეკარეს არ ეკადრება – 88-ე წუთზე მარკოს ალონსოს დარტყმის შემდეგ ლორისს ბურთი ხელებში გაუძვრა და “ჩელსიმ” 1:2 იმარჯვა.

დღის მეორე შეხვედრა პრემიერლიგაში ახლადგადმოსულ კლუბებს შორის შედგა. “ჰადერსფილდმა” შინ “ნიუკასლი” მიიღო და მუის გოლით მეორე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო “კაჭკაჭებს” ამდენივე მარცხი აქვთ.

ჰადერსფილდი – ნიუკასლი 1:0 (0:0)

ჰადერსფილდი, “გალპარმ სთედიუმი”

ჰადერსფილდი (4-2-3-1): ლოსლი, შინდლერი, ზანდა, ტ.სმიტი, ლოუ, მუი, ბილინგი, ვან ლა პარა (ქუანერი 69), ინსი (ჰეფელე 92), კაჩუნგა (პალმერი 72), მუნიე.
მწვრთნელი: დევიდ ვაგნერი

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, ლასკელესი, მბემბა, მანკილიო, კლარკი, ჰეიდენი (დიამე 76), მერინიო, ა.პერესი (მერფი 80), რიტჩი, ატსუ, გაილი (ხოსელუ 52).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლი: მუი (50)
გაფრთხილებები: ბილინგი, პალმერი, მუნიე – რიტჩი, ჰეიდენი, ხოსელუ, ლასკელესი
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

ტოტენჰემი – ჩელსი 1:2 (0:1)

ლონდონი, “უემბლი”

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, დაიერი (სონი 68), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დემბელე, ვანიამა, ტრიპიერი (იანსენი 91), ბ.დევისი (სისოკო 80), ერიკსენი, ალი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ჩელსი (3-5-1-1): კურტუა, კრისტიანსენი, აზპილიკუეტა, რუდიგერი, ლუისი, კანტე, ბაკაიოკო, მოზესი, ალონსო, ვილიანი (პედრო 78), მორატა (ბაჩუაი 79).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1, 1:2 ალონსო (24; 88), 1:1 ბაჩუაი (82 ს.კ.)
გაფრთხილებები: დაიერი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, კეინი – რუდიგერი, ლუისი, Aლონსო
მსაჯი: ენტონი ტეილორი

0.122517