ჭიდაობა

23:06 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პარიზში მსოფლიოს ხალიჩა გაშალეს

დღეიდან 26 აგვისტოს ჩათვლით, პარიზი ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ექვსდღიანი შეჯიბრების პირველ ორ დღეს ფრანგული ხალიჩები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. მესამე და მეოთხე დღეს საპრიზო სამეულები ქალთა შორის შეივსება. ბოლოს კი საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

ხვალ, ბერძნულ-რომაულში მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდება - 71, 75, 85 და 98 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

საქართველოს ნაკრებს მონაწილე ოთხივე წონაში ეყოლება. 71 კილოგრამში მსოფლიოს კონკურენციაში შმაგი ბოლქვაძე ჩაებმება, რომელიც აქამდე ერთი წონით დაბლა – 66 კილოგრამში გამოდიოდა და შარშან, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდიდან ერთადერთმა შეძლო პოდიუმზე ასვლა – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 75 კილოგრამში მინდია წულუკიძე იჭიდავებს, 85-ში – რობერტ კობლიაშვილი, ხოლო 98-ში – რევაზ ნადარეიშვილი.

უკვე გაიმართა წილისყრა და ქართული ოთხეულის პირველი მეტოქეებიც გამოვლინდნენ.

ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონატს მეთექვსმეტედფინალში ირანელ მოჰამადალი აბდულჰამიდ გერაეისთან დაჭიდებით გახსნის. წულუკიძე ოცდამეთორმეტედფინალით დაიწყებს და მეტოქედ ინდოელი სინგხ გურპრეტი ეყოლება. კობლიაშვილი მეთექვსმეტედფინალში ავსტრიელ ამერ ხრუსტანოვიჩს შეხვდება. ნადარეიშვილი კი, ამავე ეტაპზე ჩეხეთის ნაკრების წევრ არტურ ომაროვს დაუპირისპირდება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები ხვალ, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი – 21:00 საათზე.

0.1135