ფეხბურთი

12:32 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გვსურს ვიცხოვროთ მშვიდ სამყაროში, სიძულვილის გარეშე, ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და არ დავნებდებით”

ბარსელონაში გუშინ განხორციელებულმა ტერაქტმა მთელი მსოფლიო შეძრა. მომხდარს გმობს და ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს სპორტული სამყაროც. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ახალი სეზონის სასტარტო მატჩები ყველა ლიგაში წუთიერი დუმილით დაიწყება.

“მწუხარებას გამოვთქვამ და თანადგომას ვუცხადებ ჩვენს საყვარელ ქალაქში განხორციელებული საშინელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ვისაც გვსურს ვიცხოვროთ მშვიდ სამყაროში, სიძულვილისა და ბოროტების გარეშე, ბევრად მეტნი ვართ და არასდროს დავნებდებით” - წერს სოციალურ ქსელში პირად გვერდზე “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი.

მომხდარს ეხმაურება “ბარსელონადან” ამ ზაფხულს პსჟ-ში გადასული ნეიმარიც: “მიყვარხარ და ვლოცულობ შენთვის ბარსელონა” - დაწერა ბრაზილიელმა ტვიტერის პირად გვერდზე.

"თავს საშინლად ვგრძნობ ბარსელონაში მომხდარის გამო. თანავუგრძნობ დაზარალებულთა ოჯახებს და ახლობლებს" - წერს მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ.

ბარსელონელთა მისამართით მსგავსი შინაარსის, მხარდაჭერისა და თანადგომის გამომხატველი წერილები გამოაქვეყნა არაერთმა სპორტულმა ორგანიზაციამ, კლუბმა და სპორტსმენმა.

ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ტერორისტი ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ავტომობილით შევარდა, რის შედეგადაც ამ დროის მონაცემებით 13 ადამიანი გარდაიცვალა და 100-მდე დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები სხვა უბნებშიც გეგმავდნენ თავდასხმას, რისი აღკვეთაც სამართალდამცავებმა დროულად მოახერხეს. დაკავებულია რამდენიმე ტერორისტი, რამდენიმე კი ლიკვიდირებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. მომხდარის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112631