ფეხბურთი

10:03 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "სელტიკის" და "ნაპოლის" შოუ (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრების შემდეგ გამოიკვეთა ის გუნდები, რომელთაც ჯგუფურ ეტაპზე ვიხილავთ. ეს უპირველესად გლაზგოს “სელტიკზე” ითქმის, რომელმაც ყაზახური “ასტანა” პირისაგან მიწისა აღგავა.

5:0 – ასეთი ანგარიშით მოიგო ბრენდან როჯერსის გუნდმა და ბუნებრივია საპასუხო მატჩს აზრი დაეკარგა. არადა, “ასტანა” შოტლანდიაში დიდი იმედით ჩავიდა და ეს ბუნებრივიც იყო: ბოლო დროს ევროსარბიელზე ყაზახეთის ჩემპიონი კარგად გამოდიოდა და არც “სელტიკს” უდგას მაინცდამაინც ზეობის ხანა. თუმცა, ასეა თუ ისე, “ასტანას” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს და ცალსახაა, ესეც დიდი შედეგია.

ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა იტალიური “ნაპოლიც” – “სან პაოლოზე” მაურიციო სარის გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა და დამაგვირგვინებელ ფაზაში ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ ფეხბურთელებს, ფრანგულ “ნიცას” გაცილებით დიდი ანგარიშით მოუგებდნენ. საბოლოოდ კი – 2:0. საუკეთესო დრის მერტენსი იყო, რომელმაც ჯერ ანგარიში გახსნა, მერე პენალტი მოიპოვა, რომელიც ჟორჟინიომ გოლად აქცია.

დიდი ნაბიჯი გადადგა წინ “სევილიამაც” – ესპანელებმა სტამბულში “ბაშაკშეჰირს” აჯობეს და სასწაული თუ არ მოხდა, ედუარდო ბერიცოს გუნდს ჯგუფში ვიხილავთ. ესკუდეროს გოლს ელჯერო ელიამ უპასუხა, მაგრამ ბენ იადერმა თამაშის მიწურულს “დალაქებს” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთაც ძალიან დაახლოვა.

სამაგიეროდ, დარჩენილ ორ წყვილში ყველაფერი გასარკვევია: ხორვატიის ჩემპიონი “რიეკა” კარგა ხანს უგებდა ათენში “ოლიმპიაკოსს”, მაგრამ ბოლოსკენ გამოცდილებამ თავი იჩინა და პირეოსელებმა ალექსის რომაოს გოლით მაინც მოიგეს – 2:1. თუმცა, ცალსახაა, რომ ყველაფერს ხორვატიაში გასამართი შეხვედრა გადაწყვეტს.

იგივე შედეგი და სცენარი ჰქონდა “ჰაპოელისა” და “მარიბორის” თამაშს – თავიდან სლოვენიელები იგებდნენ, მაგრამ ისრაელის ჩემპიონმა პირველივე ტაიმში მოახერხა წინ გასვლა, ხოლო მეორე ნახევარში მდგომარეობა აღარ შეცვლილა.

“სელტიკი” (შოტლანდია) – “ასტანა” (ყაზახეთი) 5:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 პოსტნიკოვი (32, ა.გ), 2:0 სინკლერი (42), 3:0 სინკლერი (60), 4:0 ფორესტი (79), 5:0 შიტოვი (88, ა.გ)

“ჰაპოელი” (ისრაელი) – “მარიბორი” (სლოვენია) 2:1 (2:1) VIDEO

გოლები: 0:1 ტავარეში (10), 1:1 ნვაკაემე (12), 2:1 ტჟედეკი (45, პენ)

“ბაშაკშეჰირი” (თურქეთი) – “სევილია” (ესპანეთი) 1:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 ესკუდერო (16), 1:1 ელია (64), 1:2 ბენ იადერი (84)

“ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) – “რიეკა” (ხორვატია) 2:1 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 არაუხო (42), 1:1 ოჯიჯა-ოფოე (66), 2:1 რომაო (90)

“ნაპოლი” (იტალია) – “ნიცა” (საფრანგეთი) 2:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 მერტენსი (13), 2:0 ჟორჟინიო (70, პენ)

0.116046