ავტოსპორტი

20:33 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ ინდიქარში სრულფასოვან ჩართვას აპირებს

ფერნანდო ალონსომ ფორმულა 1-დან ინდიქარში გადასვლა შეიძლება გადაიფიქროს, მაგრამ „მაკლარენი“ ამერიკული ღიაბორბლიანი სერიით სერიოზულად დაინტერესდა. ამის შესახებ, ესპანურ ვებგვერდ „მუნდო დეპორტივოსთან“ საუბრისას, ინდიქარის სერიის მთავარმა აღმასრულებელმა, მარკ მაილზმა განაცხადა.

მაილზი ამბობს, რომ მის ოფისთან მოლაპარაკებას „მაკლარენის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაკ ბრაუნი აწარმოებს. ბრაუნი კალიფორნიელია და თავად ერთ დროს, სერია ინდი ლაითში ასპარეზობდა, შემდეგ კი რბოლების ბიზნესის სფეროში გადაინაცვლა.

„ჩვენ ვიცით, რომ „მაკლარენი“ მომავალ სეზონშიც აპირებს ინდი 500-ში „ანდრეტი ავტოსპორტთან“ ერთად გამოსვლას და იმავდროულად, სერიაში საკუთარი გუნდით ჩართვასაც გეგმავს. ეს ალბათ 2019 წელს მოხდება. ბრაუნი ამ ეტაპზე, კალენდართან დაკავშირებულ კითხვებს გვისვამს“, - ამბობს მაილზი.

ბრიტანულ კომპანიას ოკეანის გაღმა რამდენიმე გამარჯვება აქვს მოპოვებული, მათ შორის, ინდი 500-ის რბოლაშიც. ფ1-სგან განსხვავებით, ინდიქარში მონაწილეობა არ მოითხოვს საკუთარი შასის შემუშავებას. ამერიკაში შასის და ძრავებს გუნდები მზა სახით ღებულობენ. საერთოა აეროდინამიკური კომპლექტიც. შასის და აეროდინამიკურ კომპლექტს იტალიური „დალარა“ აწარმოებს, ძრავებს კი - „ჰონდა“ და „შევროლე“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113684