ფეხბურთი

10:05 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ლივერპული" ბრუნდება, "ყარაბაღი" - ისტორიას წერს (+VIDEO)

“ლივერპული” ორსეზონიანი პაუზის შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა – იურგენ კლოპის გუნდმა დიდი ნაბიჯი გერმანიაში გადადგა.

არადა, “ჰოფენჰაიმმა” გასულ სეზონში ბევრი ოფლი დაღვარა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მიეღო, მაგრამ როგორც ჩანს, პლეი-ოფს ვერ დაძლევს, ყოველშემთხვევაში, “სოფლელებს” “ენფილდ როუდზე” ორი გოლი აქვთ გასატანი თან ისე, რომ კარი მშრალად შეინახონ. “ვირსოლ არენაზე” გამართული შეხვედრა კი მთლიანობაში თანაბარი გახლდათ და უფრო სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა – საგოლე მომენტებიც ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა. და მაინც, კლასმა თავისი გაიტანა და “ლივერპულმა” მოიგო. ანგარიში პირველ ტაიმში თინეიჯერმა ტრენ ალექსანდერ-არნოლდმა დიდებული საჯარიმო დარტყმით გახსნა. არადა, იქამდე, ანდრეი კრამარიჩმა ბრწყინვალე შანსი გაანიავა “ჰოფეს” წინ გასაყვანად – თერთმეტრიანი საშინლად დაარტყა.

მეორე ტაიმში კი, ნორდვეიტის ავტოგოლმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა: ჯეიმს მილნერი საჯარიმოში აწვდიდა, მაგრამ ბედად ნორვეგიელ მცველს შეეხო ბურთი, მიმართულება იცვალა და კარში ჩაეშვა. ბოლოსკენ მარკ უტმა ერთი გოლი გაქვითა და “ჰოფენჰაიმს” მცირე, მაგრამ შანსი მაინც დაუტოვა.

“ლივერპულისა” არ იყოს, ჯგუფური ეტაპის ზღვარზეა მოსკოვის ცსკა, რომელმაც ბერნში “იანგ ბოიზს” აჯობა – აქ ყველაფერი შვეიცარიელთა მცველის ნუჰუს ავტოგოლმა გადაწყვიტა მატჩის ბოლო წუთზე – 0:1. ასეთივე ანგარიშით მოიგო ჩვენთვის კარგად ნაცნობმა აზერბაიჯანის ჩემპიონმა “ყარაბაღმა” – “ტოფიკ ბახრამოვის” სტადიონზე გურბან გურბანოვის გუნდმა მადატოვის პირველ ტაიმში გატანილი გოლით აჯობა გამოცდილ “კოპენჰაგენს”. სხვათა შორის, “ყარაბაღი” ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და უფრო ლოგიკურიც იქნებოდა გაცილებით სოლიდური სხვაობით რომ მოეგო.

დიდი ნაბიჯი გადადგა წარმატებისკენ კვიპროსის ჩემპიონმაც – “აპოელმა” პრაღის “სლავიას” საწყის 10 წუთში გაუტანა 2 გოლი და თამაშის ბოლომდე ძალზე სასურველი ანგარიში შეინარჩუნა. აი, ლისაბონის “სპორტინგმა” კი, საქმე გაირთულა, ვინაიდან “ჟოზე ალვალადეზე” ბუქარესტის “სტიაუას” ვერაფერი მოუხერხა და უგოლოდ დაშორდა.

“ყარაბაღი” (აზერბაიჯანი) – “კოპენჰაგენი” (დანია) 1:0 (1:0) VIDEO

გოლი: 1:0 მადატოვი (25)

“აპოელი” (კვიპროსი) – “სლავია” (ჩეხეთი) 2:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 დე კამარგო (2), 2:0 ალონეფტისი (10)

“ჰოფენჰაიმი” (გერმანია) – “ლივერპული” (ინგლისი) 1:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 ალექსანდერ-არნოლდი (35), 0:2 ნორდვეიტი (74, ა.გ), 1:2 უტი (87)

“სპორტინგი” (პორტუგალია) – “სტიაუა” (რუმინეთი) 0:0 (0:0) VIDEO

“იანგ ბოიზი” (შვეიცარია) – ცსკა (რუსეთი) 0:1 (0:0) VIDEO

გოლი: 0:1 ნუჰუ (90, ა.გ)

დღეს, პლეი-ოფის დარჩენილი 5 შეხვედრა გაიმართება. ყველაზე დიდი ყურადღება ნეაპოლისკენაა მიმართული, სადაც “ნაპოლი” ფრანგულ “ნიცას” უმასპინძლებს.

“სელტიკი” (შოტლანდია) – “ასტანა” (ყაზახეთი)

“ჰაპოელი” (ისრაელი) – “მარიბორი” (სლოვენია)

“ბაშაკშეჰირი” (თურქეთი) – “სევილია” (ესპანეთი)

“ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) – “რიეკა” (ხორვატია)

“ნაპოლი” (იტალია) – “ნიცა” (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11538