სხვა

10:18 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტისადოპინგო სააგენტოს პირველი პრეზიდენტი სოკ-ს აფრთხილებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პირველი პრეზიდენტი რიჩარდ პაუნდი სოკ-ს აფრთხილებს, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ინსტიტუციონალური დოპინგ-სისტემის ჩამოყალიბებისთვის რუსეთის მიმართ მხოლოდ ფულადი ჯარიმით არ უნდა შემოიფარგლოს და უფრო მკაცრი სანქცია გამოიყენოს. პაუნდი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი ადექვატურად არ დაისჯება, სოკ-ის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიადგება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დაეკისრება და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ შეეზღუდება.

თავის მხრივ, სოკ-ი უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ყველაფერი მთლიანად დამოკიდებული იქნება სოკ-ის ორი კომისიის დასკვნაზე, რომელიც, სავარაუდოდ, წლეულს ოქტომბერში გამოქვეყნდება. მხოლოდ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები.

WADA -ს ფუძემდებლის რიჩარდ პაუნდის აზრით, თუ სოკ-ი რუსეთისგან ფულს აიღებს, მისი რეპუტაცია ისეთივე იქნება, როგორიც დღეისათვის საზოგადოების თვალში აქვს ფიფა-ს.

პაუნდი 2015 წელს ხელმძღვანელობდა რუსეთის მძლეოსნობაში დოპინგ-დარღვევების საგამოძიებო კომისიას, გამოძიება კი იმით დასრულდა, რომ რუსეთს შეუჩერდა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წევრობა, რუსმა მძლეოსნებმა კი გამოტოვეს რიოს ოლიმპიადა და სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებები.

მოგვიანებით, კანადელი იურისტის რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით შეიქმნა WADA -ს დამოუკიდებელი კომისია, რომლის დასკვნაც ორ ნაწილად გამოქვეყნდა 2016 წლის 18 ივლისს და 9 დეკემბერს. ამ დოკუმენტში საუბარია რუსეთში დოპინგ-სინჯებით მანიპულირების ინსტიტუციონალური სისტემის არსებობაზე, რომელშიც ჩართული იყო ათასამდე რუსი სპორტსმენი. სოკ-მა კომისიის მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაციის შესასწავლად და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების გადასამოწმებლად შექმნა ორი კომისია: სადისციპლინო კომისია სოკ-ის წევრის დენის ოსვალდის მეთაურობით, რომლის დანიშნულებაცაა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე რუსი სპორტსმენების დოპინგ-ტესტების გადამოწმება. და მეორე კომისია სამუელ შმიდის მეთაურობით, რომელიც იკვლევს ინფორმაციის რეალობას ანტიდოპინგურ სისტემაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ.

რამდენიმე თვის წინ WADA-ს ხელმძღვანელმა კრეიგ რიდმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა უმოკლეს ვადებში მიიღოს გადაწყვეტილება, რათა რუსეთის დელეგაციას აეკრძალოს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები ასევე მოუწოდებენ სოკ-ს არ დაუშვას რუსი სპორტსმენები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111382