ძიუდო

14:00 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკმა ძიუდოისტებმა მეორე დღე უმედლოდ ჩაამთავრეს

სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, ინდივიდუალურ პირველობაზე მედლების 16 კომპლექტიდან უკვე 8 გათამაშდა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების 13 წევრიდან კი საქმეში ჯერ 4 ჩაერთო და კვარცხლბეკზე ასვლა მხოლოდ ლუკა კაპანაძემ (55 კგ) შეძლო. ვაჟთა ნაკრების მსუბუქწონოსანმა ვერცხლის მედალი ჩემპიონატის პირველსავე დღეს მოიპოვა.

მეორე დღე კი ქართული დელეგაციისთვის წარუმატებელი გამოდგა – გუშინ ჩვენმა ძიუდოისტებმა საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი საწყის ეტაპებზევე დაკარგეს და შეჯიბრებას რეპეშაჟის შანსის გარეშე გამოეთიშნენ.

გიორგი კაპანაძე (60 კგ) პირველსავე მეტოქესთან – უკრაინელ ვადიმ ჩერნოვთან, მესამე წუთის მიწურულს იპონით დამარცხდა. ერთადერთხელ გავიდა ჩილეს ტატამზე გოგონათა ნაკრების წევრი ეკატერინე ტატუნაშვილიც (52 კგ). მისთვის დაუძლეველი ზღუდე ბრაზილიელი ნიკოლ ფრანზუა აღმოჩნდა.

ქართველი გულშემატკივრების მთავარი იმედგაცრუება კი გუშინ მიხეილ ბახბახაშვილის (66 კგ) წარუმატებლობა გამოდგა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მსოფლიოს პირველობა ფრანგი ენცო გიბელის ძლევით გახსნა. მერვედფინალში კი კანადელ კიგან იანგთან ვეღარას გახდა.

ხვალ გამთენიას, ვაჟთა და გოგონათა კიდევ ორ-ორი წონა დაინომრება. დღეს საღამოს, წინასწარი ეტაპის შეხვედრებში საქართველოს სახელით იჭიდავებენ ლაშა ბექაური (73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი, გოჩა ღვაჩლიანი (ორივე - 81 კგ) და მარიამ ჭანტურია (63 კგ).

0.112417