ავტოსპორტი

22:15 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეკლსტოუნი „ფორს ინდიას“ შეძენას აპირებს

„ფორს ინდიას“ მომავალთან დაკავშირებით, ფორმულა 1-ის კულუარებში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მათგან ერთ-ერთი პირველი გვამცნობს, რომ გუნდს სახელი შეეცვლება და მალე ის „ფორს ვან-ის“ სახელით წარსდგება. ახლახანს კი გავრცელდა ახალი ინფორმაცია, რომელიც გვეუბნება, რომ ინდური გუნდის შეძენას ბერნი ეკლსტოუნი აპირებს, რომელიც მას სახელს შეუცვლის და „ბრებჰემს“ დაარქმევს.

გამოცემა „აუტოუიკი“ ინფორმაციით, ამ პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს „ბრებჰემის“ დამაარსებლის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჯეკ ბრებჰემის შვილი, ფ1-ის ყოფილი პილოტი და ლე მანის გამარჯვებული დევიდ ბრებჰემი თამაშობს. ის უკვე დიდი ხანია, გუნდის დაბრუნებას ცდილობს და ამ მიმართულებით გარკვეული ფინანსური წინსვლაც აქვს.

აქ ალბათ „ბრებჰემის“ ისტორიის გახსენებაც ღირს, რომელშიც ეკლსტოუნს თავისი როლი აქვს შესრულებული. ჯეკ ბრებჰემმა თავისი გუნდი, რომელსაც სახელად საკუთარი გვარი მისცა, 1960 წელს ჩამოაყალიბა. 1966 წელს ის გახდა ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველი პილოტი, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს საკუთარ გუნდთან ერთად დაეუფლა. 1971 წელს სერ ჯეკმა გუნდი ეკლსტოუნს მიჰყიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც, გუნდმა კიდევ ორჯერ (1981 და 1983 წლებში) შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაუფლება. ორივე შემთხვევაში, საჭესთან ნელსონ პიკე იჯდა.

ეკლსტოუნმა „ბრებჰემი“ 1988 წელს გაჰყიდა. სამწუხაროდ, აქედან მოყოლებული, გუნდის მდგომარეობა სულ უფრო გაუარესდა და 1992 წელს მან არსებობა დაასრულა. მისი აღდგენის რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მაგრამ ამან დევიდ ბრებჰემი ვერ შეაჩერა. ახალი ვერსიით, ეკლსტოუნი ბრებჰემს „ფორს ინდიას“ გამოსყიდვაში დაეხმრება. ინდური გუნდის მფლობელ ვიჯეი მალიას (ფოტოზე ეკლსტოუნთან ერთად) ინდურ მართლმსაჯულებასთან პრობლემები აქვს და ცდილობს, რომ სპონსორების მოსაზიდად, თავის გუნდს სახელი შეუცვალოს. თუ გუნდს ეკლსტოუნი დაეუფლება, ის მას სახელ შეუცვლის და „ბრებჰემს“ დაარქმევს. იმავდროულად, გუნდის ხელმძღვანელად დევიდ ბრებჰემს დანიშნავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137065