ფეხბურთი

18:53 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვი:  "ასე კომფორტულად თავი არსად მიგრძნია"

ეროვნული ლიგის 21-ე ტურში, კვირას გამართულ დედაქალაქურ დერბიში "საბურთალომ" "ლოკომოტივს" უმასპინძლა და ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა (VIDEO). 29 წუთში ჰეთ-თრიქი მიითვალა საბურთალოელთა ახალწვეულმა დავით ვოლკოვმა.

22 წლის ფორვარდმა მატჩის შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.

დავით ვოლკოვი: „საჭირო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, თან უშუალო კონკურენტთან. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებები 100 პროცენტით შევასრულეთ, რამაც განაპირობა ჩვენი გამარჯვება. სიმართლე გითხრათ, ამხელა ანგარიშით მოგებას არ ველოდი, თუმცა ჩვენთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და ასევე დასრულდა“.

- თქვენს მიერ გატანილ გოლებს როგორ გაიხსენებთ?

- მესამე გოლის დროს მცველების შეცდომით ვისარგებლე და ისე გავიტანე. პირველი და მეორე ბურთები კი მთლიანად თანაგუნდელების დამსახურებაა - ჯერ ლაშა შინდაგორიძისგან მივიღე მშვენიერი გადაცემა, შემდეგ კი გიორგი ხარაიშვილისგან.

- ერთ-ერთი გოლი განსაკუთრებით აღნიშნეთ. ვის მიუძღვენით?

- ჩემს მეგობარს, ზურაბ ჯაფიაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა. მინდა მას, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.

- "საბურთალოში" მესამე წრის განახლებამდე ჩაირიცხეთ. როგორ შეეწყვეთ ახალ კლუბს?

- სიმართლე გითხრათ, ასე კომპორტულად თავი არცერთ გუნდში არ მიგრძნია. ძალიან მეგობრული და შეკრული გუნდია, მოხარული ვარ თბილისურ კლუბში თამაშით.

- საქართველოში რამდენიმე კლუბში გითამაშიათ - "დინამო", "სიონი", "ჩიხურა". რა განსხვავებებს ხედავთ?

- ყველა კლუბს თავისი სათამაში სტილი აქვს. "საბურთალო" ძალიან ახალგაზრდული და მეგობრული კლუბია. ჩვენ, გამოცდილების ხარჯზე თამაშებს ვერ მოვიგებთ, რადგან გუნდის საშუალო ასაკი 20-21 წელია. ბრძოლა, შემართება, ბურთის კონტროლი, სწრაფი შეტევა, გუნდურობა - ეს ის კომპონენტებია, რომელშიც "საბურთალო" გამოირჩევა.

- გარკვეული დროით უცხოეთში თამაშობდით. რა განსხვავებებს ხედავთ, რამდენიმე წლის წინ გამართულ ჩემპიონატსა და ახლანდელ პირველობას შორის?

- შედარებით უკეთეს მინდვრებზეტარდება თამაშები. ასევე დადებითი ფაქტია ის, რომ ღამის განათების ფონზე მიმდინარეობს მატჩები. გაშუქებას უფრო მეტი დრო ეთმობა, ამით ფეხბურთელების ცნობადობა უფრო იზრდება.

- კომფორტულად, რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს?

- უფრო თავდასხმაში, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. სადაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ, მზად ვარ იქ ვითამაშო.

- რეალურად, "საბურთალოს" წლეულს რა მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია?

- სატურნირო ცხრილში ამჟამად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მეოთხე ადგილზე გასვლა რეალურია. თუმცა, არც სამეულია შორს. მთავარია, სტაბილურობა შევინარჩუნოთ და თამაშები მოვიგოთ. ვფიქრობ, ჩვენი თამაში თუ ვითამაშეთ, ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115209