ჭიდაობა

22:02 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად პატარიძის მორიგი ტრიუმფი – მსოფლიოს მე-5 ოქრო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ზვიად პატარიძე (120 კგ) მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია. ქართველმა მძიმეწონოსანმა მორიგ წარმატებას ფინეთის ქალაქ ტამპერეში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიაღწია, გადამწყვეტ ბრძოლაში ყირგიზი კიმ რომანის ძლევით (6:2).

ფინალის გზაზე ზვიად პატარიძემ ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. მათგან სამს ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე. სრული საჭიდაო დრო მხოლოდ მეოთხედფინალში დასჭირდა, ირანელ ამინ მირზაზადესთან (4:1). იქამდე იაპონელი იცუკი შოჯის 47 წამში მოუმთავრა საქმე (8:0). რუმინალ ლენარდ იშტვან ბერეის 17 წამი აკმარა (8:0). ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ გიორგი გაჯინოვს 4 წუთში გაუსწორდა (9:0).

დაჯილდოვების ცერემონიალზე ორგანიზატორებმა შეცდომით საქართველოს ძველი ჰიმნი დაუკრეს. შემდეგ კი ჩემპიონის პატივსაცემად, დამსწრეთ ახალი ჰიმნიც მოასმენინეს.

ზვიად პატარიძისგან განსხვავებით, მისი თანაგუნდელებისთვის 2017 წლის უმთავრესი შეჯიბრება წარუმატებელი გამოდგა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ყოფილი მთავარი მწვრთნელის - ზაზა სილაგაძის ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე სტაბილურად საუკეთესო იყო და ლამის ყველა წონით კატეგორიაში საპრიზო სამეულისთვის იბრძოდა, ამჯერად, მხოლოდ პატარიძის ოქროთი იწონებს თავს.

დღეს, ფინურ ხალიჩაზე ვროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ევროპის ვიცე-ჩემპიონი გიორგი კურტანიძე (66 კგ) და ევროპის პრიზიორი თემურ ჭკუასელიძეც (84 კგ) გავიდნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას სამივე დილის პროგრამაში გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112389