ბლოგი

10:26 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი და ჩვენ

ევროპელ საფეხბურთო მიმომხილველებს ძალიან უყვართ ხოლმე შედარებები და პარალელების გავლება. ამიტომაც, მათგან ხშირად გაიგებთ ფრაზებს: „მსოფლიოში პირველად“, „უპრეცედენტო“, „აქამდე არნახული“ და სხვა... აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, ბრაზიბლიელი ნეიმარის კატალონიის „ბარსელონადან“ ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგებას და ამ ყველაფრის თანხებში ასახვას რა ამბავიც მოჰყვებოდა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიმარის ტრანსფერის ღირებულებამ - 222 მილიონმა ევრომ - მსოფლიო შოკში ჩააგდო და ამას თუ ნეიმარისათვის ხელფასის სახით მისაღებ 150 მილიონ ევროსაც დავუმატებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ახლა მთელ მსოფლიოს ხელში კალკულატორი უჭირავს და ანგარიშობს, ვისი რამდენი ასი წლის ხელფასია ნეიმარის სატრანსფერო ფასი.

სანამ მსოფლიო კალკულატორს აწყაპუნებს, მანამდე საქართველოში ყველაფერი „გენიალურადაა“ და ქართული ფეხბურთის ჩაოხრება გრძელდება. თუმცა ალბათ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოსასპობი უკვე განადგურდა, გასაფუჭებელიც აღარაფერია და ამ სიტუაციაში იმ ადამიანებისაც მესმის, რომლებსაც ჩვენი ფეხბურთის მესვეურების კრიტიკა უბრალოდ ეზარებათ, რადგან კარგად იციან, რომ ამით მაინც არაფერი გამოვა და ყველაფერი ძველებურად სამარცხვინოდ იქნება.

მაშინ, როდესაც ნეიმარმა მსოფლიოს რეკორდი მოხსნა და თვალნათლივ დავინახეთ, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონ ევროზე მეტიც კი შეიძლება იყოს, ადვილად „აღმოაჩენ“, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიის განმავლობაში განხორციელებული მრავალი ტრანსფერის ღირებულება რომ დააჯამო, ნეიმარის 222 მილიონს ვერც კი უახლოვდება.

ეს, ცხადია, გულსატკენი ამბავია და უმალ გაგვახსენდება თუნდაც 15 წლის წინანდელი საქართველოს ეროვნული ნაკრები, სადაც საკმაოდ ნორმალური დონისა და გაქანების მოთამაშეები აგორებდნენ ბურთს. ალბათ იმასაც გაესმება ხაზი, რომ ნეიმარის სატრანსფერო ღირებულება ძალიანაა გაბერილი და მთელ დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთზე მეტი, ერთი, თუნდაც ძალიან მაგარი ბრაზილიელი ფეხბურთელი, არ უნდა ღირდეს, მაგრამ ჩვენ ხომ ციფრების სამყაროშო ვცხოვრობთ. ეპოქაში, სადაც ყველაფერი დათვლადია. ამიტომ, ჩვენი პრეტენზიები ნეიმარის ფასის გაბერვასთან დაკავშირებით არსად მიიღება და გვინდა თუ არა, მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ნეიმარი უფრო ძვირია, ვიდრე ყველა ქართველი ფეხბურთელი ერთად. აბა, მაშ როგორ არ გეტკინება გული?!

გულსატკენი როგორ არ იქნება, როდესაც ამ დროს ჩვენ იმაზე ვოცნებობთ, ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე თუნდაც ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც გაიარონ და აზერბაიჯანის ჩემპიონმა „ინამუსოს“ და ჩვენს მოედანზე მაინც არ გაგვიტანოს 5 ბურთი?!

არ ვიცი, ხვალ რა იქნება, და რა სასწაულს უნდა ველოდოთ, მაგრამ ქართული ფეხბურთის დღევანდელობა მთელ მსოფლიოში რომ გვჭრის თავს, ამას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანებიც კი გულისგულში აღიარებენ.

მსოფლიო წინ მიდის, საფეხბურთო კლუბები ვითარდებიან და მილიონებს კი არა, უკვე ასეულობით მილიონებს ატრიალებენ, ფეხბურთელობა მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და შემოსავლიან ხელობად რჩება და ჩვენთან ყოველ წელს 13 მაისის აღნიშვნის ტრადიციას ვერ გასცდნენ. ამათ 222 მილიონი ევრო რომც აჩუქო, დარწმუნებული ვარ, რაიმე დედებითის გაკეთება მაშინაც კი გაუჭირდებათ. დრო კი გადის...

0.101435