ჭიდაობა

14:10 | 1.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკ მოჭიდავეებს მინისტრმა უმასპინძლა

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების წევრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ და სარაევოში 24-30 ივლისს გამართული ევროპირველობა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად შეაჯამეს.

ქართველმა ჭაბუკებმა ბოსნია ჰერცეგოვინის დედაქალაქში სულ 12 მედალი მოიპოვეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვიდნენ – 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ბექა გურული (54 კგ) და გიორგი შოთაძე (58 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ცოფურაშვილს (76 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა და ვერცხლს დაეუფლა. აკაკი ოსიაშვილმა (50 კგ), ოთარ აბულაძემ (63 კგ) და დავით სოლოღაშვილმა (69 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

გუნდურ ჩათვლაში ქართველი ბერძენ-რომაელები 69 ქულით გაჩემპიონდნენ და უახლოეს მდევარს - რუსეთს 9 ქულით გაუსწრეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ევრომონაგარი 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მე-4 ადგილია. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გიორგი ჭოლაძე (42 კგ) და გიორგი გეგელაშვილი (46 კგ) ავიდნენ. ვლადიმერ გამყრელიძე (54 კგ) ვერცხლს დაეუფლა. აკაკი ოსიშვილი (50 კგ) და თორნიკე ქათამაძე (58 კგ) - ბრინჯაოებს.

გასულ ევროპირველობაზე ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებაც დაფიქსირდა. ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე მედალი ქალმა მოჭიდავემაც მოიპოვა - მარიამ კარელიძემ (40 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ასაკობრივი ნაკრების წევრებს ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ჭიდაობაში საკმაოდ ძლიერი თაობა მოდის, რომელიც უახლოეს წლებში კიდევ უფრო დიდი გამარჯვებების მოპოვებას შეძლებს.

ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ჭაბუკები

სარაევო. 24-30 ივლისი

თავისუფალი

გიორგი ჭოლაძე (42 კგ) - ოქრო

გიორგი გეგელაშვილი (46 კგ) - ოქრო

აკაკი ოსიშვილი (50 კგ) - ბრინჯაო

ვლადიმერ გამყრელიძე (54 კგ) - ვერცხლი

თორნიკე ქათამაძე (58 კგ) - ბრინჯაო

IV გუნდური ადგილი

ბერძნულ-რომაული

ბექა გურული (54 კგ) - ოქრო

გიორგი შოთაძე (58 კგ) - ოქრო

გიორგი ცოფურაშვილი (76 კგ) - ვერცხლი

აკაკი ოსიაშვილი (50 კგ) - ბრინჯაო

ოთარ აბულაძე (63 კგ) - ბრინჯაო

დავით სოლოღაშვილი (69 კგ) - ბრინჯაო

I გუნდური ადგილი

გოგონები

მარიამ კარელიძე (40 კგ) - ბრინჯაო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113777