ფეხბურთი

15:51 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რა გამოჩნდა მეოცე ტურში?

ეროვნული ლიგის მეოცე ტურში დიდად გასაოცარი არაფერი მომხდარა. თბილისურ დერბიში "ლოკომოტივის" მიერ "დინამოს" დამარცხებას სენსაციად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ, აი, მოულოდნელობა კი შეგვიძლია ვუწოდოთ.

ამ მატჩის მიმდინარეობისას "ლოკომოტივის" ფან-კლუბი მხურვალედ ქომაგობდა გუნდს. "ლოკოს" ფან-კლუბი იმ დღეს პირველად წარსდგა ორგანიზებული სახით.

ტურის რჩეულ ფეხბურთელადაც "ლოკომოტივის" შემტევი ვატო არველაძე უნდა დავასახელოთ, რომელმაც ორი ლამაზი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით კარგი გამოდგა მეორე, როცა ცრუ მოძრაობების შემდეგ, შორეულ კუთხეში დაარტყა. მთავარი, რაც ვატოს სჭირდება, სტაბილურობაა. ნიჭი რომ აქვს, ფაქტია, მაგრამ ხშირად უნდა გამოავლინოს.

"ლოკოს" შემადგენლობას ძლიერს ვერ დაარქმევდი, ბევრი ფეხბურთელი აკლდა და გიორგი დევდარიანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი დალაგებულად ათამაშა. ისე კი, "დინამოცაა" და "დინამოც" - ძალიან დაეტყო წამყვანი ფეხბურთელების წასვლა და კიდევ, რამდენი ტრავმირებული ჰყავდა: სერგეი ლიტოვჩენკო, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ზარია და კაპიტანი ოთარ კიტეიშვილიც.

ამ ფეხბურთელების გარეშე, დინამოელებს გაუჭირდებათ, რაც ქუთაისის "ტორპედოს" წისქვილზე ასხამს წყალს. სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა და თანაც, "ტორპედო" ამ ზაფხულს არ დასუსტებულა. კახა ჩხეტიანის გუნდი თავიდან აგებდა "შუქურასთან", მაგრამ გიორგი კუხიანიძისა და თორნიკე კაპანაძის გოლებით მოიგო.

გრიგოლ დოლიძეს ამჯერად არ გაუტანია, საგოლე პასით დაკმაყოფილდა. "დოლა" ლიდერია "ასისტების" მხრივ, უკვე რვაჯერ გაატანინა თავისიანებს. 34 წლისაა და სწორედ ახლა ატარებს ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს. ყოველ შემთხვევაში, "ამერში" რომ იყო, მას მერე ასეთი დოლიძე არ გვახსენდება.

ჩაერევა თუ არა საჩემპიონო რბოლაში "სამტრედია"? ლიდერთან 7 ქულაა ჩამორჩენა და რატომაც არა, სავსებით შესაძლებელია. გია ცეცაძის გაწვრთნილებმა შინ 3:0 მოუგეს "ჩიხურას", თუმცა სამტრედიელები სტაბილურობით ვერ გამოირჩევიან.

ალბათ, იტყვით, როგორ უნდა გახდეს ის გუნდი ჩემპიონი, რომელმაც "ყარაბახთან" 180 წუთში 0:6 წააგოო. თუმცა ვინ გვასახელა რომ? "ტორპედოც" ასე სამარცხვინოდ გავარდა და ბათუმის "დინამოც". ერთადერთი, "ჩიხურამ" იბრძოლა ავსტრიულ "ალტახთან"...

ბათუმელებზე დავწერეთ, რომ შერცხვნენ ევროპული მასშტაბით, აი, საქართველოში კი რაც ეროვნული ლიგა განახლდა, ორივე თამაში მოიგეს. ამჯერად გორელებს სტუმრად 2:1 აჯობეს და ადგილი გაუცვალეს: მეშვიდე-მერვე. ოთარ მარცვალაძე თუ ფორმაში შევიდა, ალბათ, გაცილებით ზემოთაც გაიხედავენ ბათუმელები. ჯერჯერობით კი, გუნდის საუკეთესო შემტევად ახალგაზრდა თემურ ჩოგაძე გვესახება. და ელგუჯა გრიგალაშვილს რაც შეეხება, ორივე შეხვედრაში მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი, ოღონდ ჯერ მაინც ეტყობა, რომ ახლა იკრეფს ფორმას.

ტურში უგოლო ფრეც გამოერია: "კოლხეთმა" და "საბურთალომ" ერთმანეთს ვერ გაუტანეს. ეს ფოთელთა მეოთხე 0:0-ია. სხვათა შორის, მათ მხოლოდ ოთხი მოგება აქვთ აქტივში და აქედან ორჯერ "საბურთალოსთან" მოახერხეს. თავის მხრივ, "საბურთალო" სულ ცხრილის შუაში ტრიალებს. გუნდს წლეულს ტრავმიანობა შეეყარა და ნელ-ველა უბრუნდებოდნენ წამყვანი ფეხბურთელები. ამასთან, ბელგიურ "სერკლ ბრიუგეში" გადასული ვაგნერ გონსალვესის სრულფასოვნად შეცვლა გაუჭირდებათ.

სტატისტიკურად კი, წინა ტური გამოდგა საკმაოდ უხვგოლიანი (22 გოლი), ამჯერად კი ღია კარის დღე აღარ გამოუცხადებიათ გუნდებს - 13 გოლი ვიხილეთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165955