ფეხბურთი

14:46 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში - პირველი ქართულენოვანი კურსი დასრულდა

კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ედემში“ უეფას სასერტიფიკატო კურსის - „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ქართული ანალოგის პირველი გამოშვება საზეიმოდ დასრულდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და უეფას საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა ტომას ჟუნომ გადასცეს.

ცერემონიის დაწყებამდე, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მონაწილეებს, ლექტორებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, ახლა უკვე ამ პროგრამის პირველი ქართულენოვანი ვერსიის კურსდამთავრებულებს. თქვენ იქნებით მაგალითი ბევრი თქვენი კოლეგისთვის, ახლობლისთვის, ნაცნობისათვის, იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, განვვითარდეთ და ფეხი ავუწყოთ მართვის თანამედროვე მეთოდებს. ეს პროგრამაც, რომელიც სფფ-მ, უეფას მხარდაჭერით, ქართულ ენაზე შექმნა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მე დარწმუნებული ვარ, რომ საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის... მინდა, მოგილოცოთ ყველას, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ორგანიზებაში, მათ გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა. მადლობა ლექტორებს და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა და პატივისცემა უეფას, რომელიც პროექტის ყველა ეტაპზე, უწყვეტ რეჟიმში ადევნებდა თვალს მის მიმდინარეობას. ჩვენ მუდმივად გვქონდა მათგან უკუკავშირი და ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას,“- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება ტომას ჟუნომ, უეფას საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა მიულოცა: „ ის, რომ დღეს აქ ვარ და ვიზიარებ ამ მნიშვნელოვან მომენტს თქვენს კარიერაში, ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა. ეს წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. წელს თქვენ ძალიან წარმატებულად უმასპინძლეთ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატს, რომელიც ინგლისის გამარჯვებით დასრულდა. ასევე მანამდე უეფას სამიტს მასპინძლობდით, რომელიც ამ ფორმატით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ისტორიაში პირველად ჩატარდა და აღმოსავლეთ ქვეყნებში ფეხბურთის მასობრიობის საკითხების განხილვას ისახავდა მიზნად. მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ჩვენს თანამშრომლობაზე, მათ შორის ახალი აკადემიის მშენებლობასა და სხვადასხვა პროექტებზე, მაგრამ ერთი რამ აშკარაა, მხოლოდ ნიჭიერ ორგანიზაციასა და ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ ამ პროექტების განხორციელება და ამას გულითადად გილოცავთ. თუმცა ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელებმაც კი იციან, რომ განვითარების გარეშე მოწინავე პოზიციების შენარჩუნება წარმოუდგენელია და ეს პროგრამა სწორედ მუდმივი განვითარებისათვის, განათლებისთვის და წინსვლისთვის ტარდება.

უეფა ძალიან მოხარულია, რომ თქვენ ამ პროგრამას ქართულ ენაზე ატარებთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო პირველი, ვინც აღნიშნული პროგრამა საკუთარ ენაზე თარგმნა და ადგილობრივ ვითარებას მოარგო. მე დარწმუნებული ვარ, ეს გახდება შთაგონება სხვა ეროვნული ასოციაციებისათვის. მინდა, უეფას სახელით დიდი მადლობა გადავუხადო სფფ-ის პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში,“-აღნიშნა ტომას ჟუნომ.

პროგრამაში საფეხბურთო სფეროში დასაქმებული 30 ადამიანი მონაწილეობდა. 6 თვის განმავლობაში პროგრამა შერეული მეთოდით მიმდინარეობდა და როგორც ტრადიციულ, ისე დისტანციურ სწავლებას მოიცავდა. კურსის განმავლობაში მონაწილეებმა მსოფლიო ფეხბურთის მოწყობის საფუძვლები, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსები, მარკეტინგი, საფეხბურთო ღონისძიებების მოწყობა, სტადიონებისა და უსაფრთხოების საკითხები და საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები შეისწავლეს.

კურსისთვის, რომელიც თეორიულთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავდა, სპეციალური ონლაინ-პლატფორმა შეიქმნა, სადაც მონაწილეები აქტიურად განიხილავდნენ ლექტორების მიერ შემოთავაზებულ სადისკუსიო თემებს და ასრულებდნენ სხვადასხვა ტიპის დავალებას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115574