ავტოსპორტი

22:26 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი უნგრული რბოლის პოულზე

უნგრეთის დიდი პრიზის რბოლას მოწინავე პოზიციიდან ჩემპიონატის ლიდერი, სებასტიან ფეტელი დაიწყებს. ის და კიმი რაიკონენი სტარტზე მოწინვე პოზიციას დაიკავებენ. ამჯერად „ფერარიმ“ კვალიფიკაციაში მთავარ მეტოქე „მერსედესს“ პირწმინდად აჯობა. დაკიდევ, ფეტელმა ლუის ჰამილტონს კარიერაში 68-ე პოულის მოპოვების და ამით მიხაელ შუმახერის რეკორდის გამეორების საშუალება არ მისცა.

ფეტელმა ჰუნგარორინგის ერთი წრე წუთსა და 16.276 წამში გაიარა, რაც ამ ტრეკის აბსოლუტურად საუკეთესო დროა. გერმანელი პილოტი თავისი მანქანით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ მისი მართვით სიამოვნებაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ წინა რბოლაში, რომელიც სილვერსტოუნზე გაიმართა, ფეტელს არ გაუმართლა - რბოლის მიწურულს საბურავი დაუზიანდა, რის გამოც, ფინიშს მეშვიდემ მიაღწია.

მეორე სასტარტო რიგს „მერსედესის“ პილოტები დაიკავებენ. ვალტერი ბოტასი მესამეა, ჰამილტონი კი, ვისაც ბუდაპეშტში ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, ამჯერად მხოლოდ მეოთხე შედეგს დასჯერდა. კვალიფიკაციის მეორე ფაზაში მას საუკეთესო დრო ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტი ფაზის დასაწყისშივე შეცდომა დაუშვა, რის გამოც, სწრაფი წრე აღარ გაიარა. ბოლოს კი რისკს მოერიდა, რათა სწრაფი წრის დაფიქსირება მოეხერხებინა. ჰამილტონი ამბობს, რომ ჰუნგარორინგზე გასწრება უკიდურესად ძნელი და ამის გამო, რბოლაში მატარებლით მგზავრობა მუწევს, თუ სტრატეგიის მეშვეობით ვერ მოახერხებს დაწინაურებას.

უნგრეთში „ფერარის“ ბოლოს სტარტზე ორივე მოწინავე პოზიცია 2004 წელს ეკავა. მაშინ პოულზე მიხაელ შუმახერი იდგა, მეორე კი რუბენს ბარიკელო იყო. იქიდან მოყოლებული, ერთადერთი პილოტი, ვისაც უნგრული რბოლა პოულიდან აქვს მოგებული, ჰამილტონია. ასევე, 2004 წლის შემდეგ, უნგრეთის დიდი პრიზის გამარჯვებული ერთხელაც არ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი.

მესამე რიგს „რედ ბულის“ პილოტები დაიკავებენ. მაქს ფერსტაპენი მეხუთეა, დანიელ რიკარდო კი - მეექვსე. კვლავ კარგი შედეგი აქვს „რენოს“ ნიკო ჰულკენბერგს, რომელმაც მეშვიდე დრო დააფიქსირა და უკან მოიტოვა „მაკლარენის“ წყვილი - ფერნანდო ალონსო და სტოფელ ვანდოორნი.

უნგრეთში არ იასპარეზებს ფელიპე მასა, რომელმაც კვალიფიკაციის წინ თავი შეუძლოდ იგრძნო და ამიტომ „უილიამსმა“ მისი მანქანა ბრიტანელ პოლ დი რესტას ჩააბარა, რომლისთვისაც ეს 2013 წლის შემდეგ ფ1-ში პირველი გამოსვლა იქნება. დი რესტა ახალი სპეციფიკაციის სარბოლო ავტომობილის საჭესთან პირველად დაჯდა და მიუხედავად იმისა, რომ კარგი შთაბეჭდილება მიიღო, შესაფერისი შედეგით თავი ვერ გამოიჩინა.

უნგრეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:16.276
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:16.444
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:16.530
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:16.693
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:16.797
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:16.818
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:17.468
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:17.549
  9. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:17.894
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:18.912

- - - - - - - - - -

  1. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:18.415
  2. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:18.495
  3. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:18.538
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:18.639
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:18.771

- - - - - - - - - -

  1. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:19.095
  2. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:19.102
  3. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:19.839
  4. პოლ დი რესტა (ბრიტანთი, უილიამსი) 1:19.868
  5. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:19.972

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114321