ფეხბურთი

19:47 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერგეი ტრეტიაკი: „მერანმა“  საქართველო შემაყვარა"

ეროვნული ლიგა 1-ის პარალელურად, საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაც. მიმდინარე სეზონში, ამ ლიგაშიც არაერთი კარგი მატჩი ჩატარდა და რამდენიმე გუნდში ისეთი ფეხბურთელიც ირიცხება, რომელზეც წამყვანი ქართული გუნდებიც არ იტყოდნენ უარს.

აქაც იხილავთ საინტერესო ლეგიონერებს და ლეგიონერების კუთხით, ისევე როგორც სხვა მიმართულებით, ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი მარტვილის „მერანია“. დღეს ჩვენი რესპოდენტი ჭყონდიდელთა 32 წლის გამოცდილი უკრაინელი ფორვარდი - სერგეი ტრეტიაკი გახლავთ, რომლის ანგარიშზე 18 ჩატარებულ მატჩში 14 გატანილი გოლია.

- სერგეი, როგორ მოხდვით მარტვილის „მერანში“?

- „მერანში“ჩემი მოხვედრა ამ კლუბის დირექტორის, ელდარ ბაკურიას დამსახურებაა, სწორედ ის დამიკავშირდა და ამიხსნა აქაური სიტუაცია, რომ ჩემს პოზიციაზე სჭირდებოდათ გუნდის გაძლიერება და მიხარია, რომ კლუბის ხელმძღვანელობის მიერ ჩემზე გაცემულ ავანსებს ვამართლებ. ჯერ კიდევ სეზონის ნახევარია სათამაშო და შევეცდები მაქსიმალურად დავეხმარო ჩემს გუნდს.

- ქართველებზე და საქართველოზე რას იტყვით?

- მიყვარს ქართველები და ამის „მიზეზი“ „მერანი“ და მარტვილელებია. ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და კომუნიკაბელური ხალხი ხართ. ყოველთვის ვგრძნობ გულშემატკივრების ყურადღებას და ვცდილობ ეს კარგი თამაშით და გოლებით დავაფასო, რამდენად გამომდის, ეს უკვე მათ უნდა შეაფასონ. ჩვენს მეგობრობას რელიგიაც ამყარებს. ხშირად დავდივართ ეკლესიაში თანაგუნდელები ერთად.

- ქართულ სამზარეულოს უკვე გაეცნობოდით...

- რა თქმა უნდა. ძალიან მდიდარია თქვენი სამზარეულო მრავალფეროვანი კერძებით. ხაჭაპურს გამოვყოფდი, მიყვარს ხინკალიც.

- მოედანს დავუბრუნდეთ. როგორი სიტუაციაა „მერანში“?

- ასე ვიტყოდი, „მერანი“ პროგრესირებადი გუნდია, ჩვენ ყოველი თამაშის შემდეგ ვცდილობთ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ და ამ კუთხით მოთხოვნები უფრო და უფრო იზრდება შედეგის მიუხედავად. გვყავს პროფესიონალი მწვრთნელი და კარგი კონტიგენტი. კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად ეკიდება საქმეს და გვერდში გვიდგას, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. ღმერთის წყალობით ყველაფერი რიგზეა და ვფიქრობ, ჩვენზე დაკისრებულ ამოცანას ბოლომდე შევასრულებთ.
-მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანეთ. ბომბარდირობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ხართ, რას იტყვით თქვენს პირად შედეგზე?

- სიმართლეს გეტყვით, გოლი რომ გამაქვს რა თქმა უნდა მიხარია და საოცარი გრძნობაა, მაგრამ ყველაზე მეტად გულშემატკივრების ემოცია იწვევს ჩემში ძალიან დიდ დადებით განცდას და შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულ სტიმულს მაძლევს. ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინაა, ბომმბარდირობაზე მნიშვნელოვანი გუნდის შედეგია.

- თუ შეგიძლიათ შეადაროთ ქართული და უკრაინული ფეხბურთი ერთმანეთს?

- ბევრ ქვეყანაში მითამაშია ფეხბურთი და ასე ვერ გამოვყოფდი, ყველა ქვეყანას თავისი საფეხბურთო სტილი და ხელწერა აქვს. ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება რომელიმეს გამორჩევა. ქართველები ნიჭიერი ხალხი ხართ, ტექნიკურები და ვფიქრობ, ამ ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, წარმატებული კლუბები და ნაკრები ჰყავდეს.

- რომელი ფეხბურთელია თქვენი კუმირი?

- ზოგადად სწრაფ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას და ჩემი ფავორიტია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც არაფრისგან შექმნის მომენტს. საუკეთსო ფეხბურთელების სიაში პირველ ნომრად ლიონელ მესის დავასახელებდი. ძალიან მომწონს სუარესიც, ის შესანიშნავი თავდამსხმელია.

- რას პირდებით „მერანის“ გულშემატკივარს?

-პირველ ყოვლისა მინდა ვუსურვო, ყოველი თამაშის შემდეგ იყვნენ ბედნიერები. ძალიან კარგად გამოსდით გულშემატკივრობა და მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათთვის ვთამაშობთ, შევეცდები ბევრი გოლით გავახარო ისინი.

ედემი ელერჯია

0.122492