ფეხბურთი

10:00 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რას უწუნებს მასიმო კარერა ჯანოს?!

2016 წლის 27 ოქტომბერს, ჯანო ანანიძემ და მოსკოვის “სპარტაკმა” ახალი კონტრაქტი გააფორმეს – 2021 წლამდე. მაშინ, ქართველ ფეხბურთელს ჩინებული პერიოდი ედგა და გოლებს ხშირად იტანდა, თანაც ერთიმეორეზე უკეთესს.

საერთოდ, გასული სეზონი, რომელიც საბოლოოდ “სახალხო გუნდის” ტრიუმფით დასრულდა, ანანიძესთვის დიდებულად დაიწყო. პირველივე ტურში დუბლი, მანამდე გოლი ევროპა ლიგაზე, მერეც იყო გამორჩეული შეხვედრები და გოლები. თავდაპირველად, “სპარტაკს” დმიტრი ალენიჩევი წვრთნიდა, რომელიც ანანიძეს ძირითადი შემადგენლობის მუდმივ წევრად მოიაზრებდა. მეტიც, თამაშს მასზე აწყობდა.

მერე რუსი სპეციალისტი მასიმო კარერამ ჩაანაცვლა და თითქოს ყველაფერი რიგზე გახლდათ: იტალიელიც სწყალობდა ქართველს... და მაინც, სეზონი რაც უფრო ფინიშისკენ მიდიოდა, ანანიძის სათამაშო დრო მცირდებოდა. არადა, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა განსხვავება – “სპარტაკის” თამაში, როდესაც ჯანო მინდორზე ერთი იყო და როდესაც, არ იყო - მეორე.

საბოლოოდ, “სპარტაკი” ჩემპიონი გახდა პირველად 2001 წლის შემდგომ. ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგაში 22 მატჩი ჩაატარა (1270 წუთი), აქედან 13-ჯერ ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ 13 მატჩში მოსკოველებმა 31 ქულა მოიპოვა, ხოლო დანარჩენ 9 შემთხვევაში ქართველი შეცვლაზე გამოჩნდა მოედანზე. 24 წლის ნახევარმცველმა 4 გოლი გაიტანა და ორჯერ საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

თითქოს ეს საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ კარერას ახალ სეზონშიც მოეხდინა ფოკუსირება ჩვენებურზე, თუმცა... თუმცა, პრემიერლიგაში აგერ ორი ტური მიილია და ჯანო მოედანზე არ ჩანს – ორჯერვე მთელი 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა. ამას თუ დავუმატებთ, რუსეთის სუპერთასზე “ლოკომოტივთან” ნათამაშებ მხოლოდ 49 წუთს, ნათელია, რომ მასიმო კარერასთვის ანანიძე არცთუ ისე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

აგერ მაგალითად, ორ ტურში იტალიელმა თითქმის ყველა შემტევს მისცა შანსი – მათ შორის, იველინ პოპოვსა და ლორენსო მელგერეხოს, რომლებიც შარშან უფრო ხშირად სკამზე ისხდნენ, მაგრამ ანანიძესთვის დრო ვერ გაიმეტა. საგულისხმოა ისიც, რომ “სპარტაკმა” ვერცერთი თამაში ვერ მოიგო და წესით კარერა შემტევების თამაშით კმაყოფილი არ უნდა იყოს, თუმცა გაუგებარია რატომ აითვალწუნა იტალიელმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი...

ანანიძე ქვინსი პრომესთან ერთად “სპარტაკში” ალბათ ყველაზე გამორჩეულია ინდივიდიუალური მონაცემებით. ქართველს შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება, მეტოქის დაცვის გარღვევა, როგორც ტექნიკური არსენალით, ისე ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ საოცარი პასით. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯანო “სპარტაკში” მთავარი ფანტაზისტაა, მაგრამ კარერასთვის უფრო მნიშვნელოვანი და ფასეული როგორც ჩანს, სხვა რაღაცებია – რას გაიგებ, კაცია და გემოვნება...

შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ჯანო, რატომ “სპარტაკში”?! – ფაქტია, რომ აგერ თითქმის 10 წელი გავიდა, რაც ქართველი ფეხბურთელი ამ გუნდშია. თითქოს ყოველი სეზონის წინ მასზე იმედს ამყარებენ, მაგრამ საბოლოოდ რეალურად შანსი არ ეძლევა. გადის დრო, იცვლებიან მწვრთნელები, მაგრამ არ იცვლება შედეგი – ჯანო ანანიძე “სპარტაკის” ძირითად შემადგენლობაში ვერ მკვიდრდება.

0.134912