ბლოგი

18:00 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრცხვენოდეთ!

ვიცი რომ არაფერს აზრი არა აქვს. რამდენიც გინდა წერე და იკითხე, იყვირე და იბღავლე, გაიარე და გამოიარე. ქართულ საკლუბო ფეხბურთში ყველაფერი მაინც ძველებურადაა და კიდევ უფრო უარესად - ვიდრე უწინ იყო. ეს ბოლო ორი წელი ხომ საერთოდ თავსლაფის პერიოდია და ასე ცუდად მგონი ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე არასოდეს უასპარეზიათ. მგონი კი არა, დარწმუნებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ეს ბოლო ორი წელი ყველაზე საშინელი და საძაგელია!

არასოდეს დავიზარებ და არასოდეს დავიღლები იმის შეხსენებით, რომ ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის წინ, გულისგამახარებელ დაპირებებს იძლეოდა და მის მიერ განხორციელებული ფორმატების ცვლა თუ ე.წ. რეფორმები ომახიანთან ერთად თავდაჯერებულობის საბურვილითაც იყო მოცული. მის მიერ დარწმუნებული ბეჩავი ხალხიც მალიმალ იმეორებდა: “მიდი კობი მიაწექი!”, “კობი შენთან ვართ!” და იყო ერთი ხვევნა კოცნა და მტლაშა-მტლუში.

საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ის, რასაც ბევრი გონიერი ადამიანი იმთავითვე ვარაუდობდა და პრინციპში რისი პროგნოზირებაც არც ისე რთული იყო. განა შეიძლება ხელისუფლებასთან კუდგადანასკვულმა ფეხბურთის მმართველმა ძალამ, რომელიც ერთ დღეს ფეხბურთუს სახელით საუბრობს, მეორე დღეს კი საპარლამენტო უმრავლესობის მანდატს აფრიალებს, რაიმე კარგი შექმნას და გააკეთოს?! განა შეიძლება მთლიანად პოლიტიკურ კონტექსტში გახვეული უცოდინრობა და უტიფრობა კარგად დასრულდეს? განა შეიძლება ყოფილი მეგობრებისა და თანაგუნდელების მტრობამ და ამით “ზემოთ მყოფთა მაამებლობამ” უკუშედეგი არ გამოიღოს?!

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და მის მიერ ნაჩვენები სამარცხვინო შედეგები, რაც რასაკვირველია ისევ და ისევ ჩვენი ფეხბურთის მმართველების და უპირველეს ყოვლისა ფედერაციის პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის – ლევან კობიაშვილის პოლიტიკის შედეგია. ვინც რა არ უნდა იძახოს, ციფრები და შედეგები ყველაფერზე მეტყველებენ.

ადრე თავის გასამართლებლად უფულობას იმიზეზებდნენ და ეს “მიზეზი” ფეხბურეთის მმართველთა თაობიდან-თაობებს გადაეცემოდა. ახლა დაფინანსებაც ასე თუ ისე ნორმალური გამოიყო და “ქართულ ფეხბურთს სახელმწიფო გვერდით უდგასო” – ვისაც კი არ ეზარება ყველა ამას ამბობს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ლაყაფია, ხალხის თვალებში ნაცრის შეყრაა და რეგრესის მიჩქმალვის მცდელობაა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ რაც ვთქვი და დავწერე ეს ასე არაა და უსაგონოდ ვინმეს ვებრძვი, ჩახედეთ, კარგად ჩახედეთ ბოლო წლებში ქართული კლუბებისა და ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენებ შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეფაროს ვინმე ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე.

დაბოლოს, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიის მანძილზე, ქართულმა ფეხბურთმა რამდენიმე მმართველი გუნდი გამოიცვალა და გასაოცარი შედეგები ნამდვილად არავის ქონია, მაგრამ სტატისტიკა აქაც მარტივად და უტყუარად გვეუბნება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს არსებელ ძალაზე ცუდი შედეგები არც ერთ (ხაზს ვუსმავ - არც ერთ!) გუნდს არ ქონია! გრცხვენოდეთ!

0.125564