ძიუდო

21:09 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო რეპეტიცია, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ

22-23 ივლისს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი ძიუდოში ევროპის ღია ტურნირს უმასპინძლებს. სარეიტინგო ქულების თვალსაზრისით არც თუ მომგებიან შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს და საბოლოო შედეგებს გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობის დაკომპლექტებისას გაითვალისწინებს.

საქართველოს ნაკრები მინსკში უძლიერესი შემადგენლობით ჩავა და შეჯიბრების შემდეგ, ერთობლივ სანაკრებო წვრთნებში ჩაებმება. უშუალოდ ტურნირზე კი ნაწილობრივ გადახალისებული შემადგენლობით გავა - განაცხადში არ არიან ცირეკიძის გუნდის გამოცდილი წევრები ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქართული ძიუდოს ქომაგებისთვის უმთავრესი სიახლე ნაკრების შემადგენლობაში ავთანდილ ჭრიკიშვილის დაბრუნებაა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს (2014) და ევროპის 3-გზის (2013, 2014, 2015) ჩემპიონს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ხანგრძლივმა ტრავმიანობამ ჩვეული ფორმის აღდგენის საშუალება არაფრით მისცა. ამასთან, 90 კილოგრამში აინაცვლა და ახალ წონაში დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ შეძლო. ბოლოს ტურნირზე 5 თვის წინ იჭიდავა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხვედრა – დიუსელდორფის გრან პრის მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა, ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან წაგებით.

ავთანდილ ჭრიკიშვილი ბელარუსში სწორედ 90 კილოგრამში იჭიდავებს თანაგუნდელებთან: უშანგი მარგიანთან და ნოდარ ბერიანთან ერთად.

ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა ჩაერთვებიან კონკურენციაში ლუხუმ ჩხვიმიანი (66 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ). ჩხვიმიანის აქამდელ წონაში – 60 კილოგრამში კი საქართველოს ნაკრებს მომავალ ტურნირზე მონაწილე არ ეყოლება.

მძიმე წონაში ქართული დროშის ქვეშ, ტიტულისთვის ნაკრების ორი გამოცდილი წევრი იბრძოლებს – ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი.

მამაკაცების პარალელურად, ბელარუსულ ევროპის ღია ტურნირზე მედლები ქალთა შორისაც გათამაშდება. მამაკაცებში საქართველოს ნაკრებს სულ 1 მონაწილე ეყოლება. ქალებში კი კიმონოს მხოლოდ სამი ძიუდოისტი მოირგებს: მარიამ ჯანაშვილი (57 კგ), ნინო ოძელაშვილი (70 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ).

მინსკის შეკრებიდან ქართველი ძიუდოისტები მომავალი კვირის ბოლოს დაბრუნდებიან და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის დასკვნით ნაწილს საქართველოში გაივლიან. 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას 28 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები

მამაკაცები

66კგ - ლაშა გიუნაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი

73კგ - ფრიდონ გიგანი და ბექა შავდათუაშვილი

81კგ - თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და ბექა დონღვანი

90კგ - უშანგი მარგიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნოდარ ბერიანი

100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური

+100კგ - ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი

ქალები

57კგ - მარიამ ჯანაშვილი

70კგ - ნინო ოძელაშვილი

+78კგ - ელენე ქებაძე

0.114756