ფეხბურთი

0:45 | 9.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დასანანია, მაგრამ ტრაგედია არ მომხდარა

წინასწარ დავწეროთ, რომ შედეგი ლოგიკური იყო: ჩეხებმა ქართველებზე უკეთ ითამაშეს და მოგება დაიმსახურეს. აშკარა იყო, იან სუხოპარეკს მეტოქე კარგად ჰყავდა შესწავლილი - უპირველესად, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი არაბიძის განეიტრალებაზე იზრუნა.

... ჯერ ატმოსფეროზე. გულს უხაროდა, რომ ამხელა ინტერესი გამოიწვია ამ მატჩმა. "მიხეილ მესხის" ტრიბუნები სავსე იყო - რა ცოტაა საჭირო, რომ ხალხი ფეხბურთისკენ მოტრიალდეს. ერთი გამარჯვებაც კი კმარა, ან ერთი მაგარი თამაში. შვედეთთან ორივე იყო: ფინტები, გარღვევები, რაც ფეხბურთში გვიყვარს ყველაფერი. და რაც მთავარია, შედეგიც. აი, ჩეხეთთან კი იგივე ვერ განმეორდა.

ის კი საშინლად ცუდი იყო, რაც ჰოლიკის გოლის შემდეგ მოხდა - ბოთლები ისროლეს ტრიბუნიდან, მსაჯსაც რაღაც საგანი მოარტყეს და თამაში შეწყდა. გასაგებია, ძალიან გულდასაწყვეტი გოლი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩეხ ფეხბურთელს გოლის აღნიშვნა უნდა ავუკრძალოთ, ან მსაჯს დავაბრალოთ რამე.

თამაშს რაც შეეხება, ტრაგედია არ მომხდარა. გულზე ხელი დავიდოთ, ამ სამ მატჩში საქართველოს ნაკრებმა იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ველოდით. ის კი არა, უიღბლობაზეც დაიჩივლებს ადამიანი - პორტუგალიასთან სულაც არ იყო წასაგები მატჩი, პირიქით, იქით მოგებაც შეიძლებოდა. ტრაგდია არ მომხდარაო, იმიტომ ვიძახით, რომ გამოჩნდა ქართული ფეხბურთის მომავალი. მათ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს და რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ ევროპის წამყვან ნაკრებებთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლიათ.

ორივე გოლი სადილეკის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა. ჯერ შაშინკამ გაიტანა თავით, მერე კი ჰოლიკმა ფეხით ერთ შეხებაში მშვენიერი დარტყმა შეაგება. ორივე შემთხვევაში თავისუფალი იყო კაცი - მეტი კონცენტრაცია იყო საჭირო. თანაც, რა ცუდ დროს გავუშვით პირველი ბურთი. ზედ შესვენების წინ, მალი დროულად ვერ გაერკვა, მოგერიება დააგვიანა და კუთხურზე გადავიდა ბურთი.

წეღან დავწერეთ, ჩეხებმა უპირველესად არაბიძისა და ჩაკვეტაძის განეიტრალებაზე იზრუნესო. შევადაროთ ჩაკვეტაძე შვედეთთან და ჩაკვეტაძე ჩეხეთთან - საკმაო განსხვავება იყო. ერთ კაცს თუ გასცდებოდა, მეორე იქვე ჩნდებოდა, დაზღვევა უმაღლეს დონეზე ჰქონდთ ჩეხებს. არაბიძემ უფრო იაქტიურა: გუნდს არ მისდიოდა თამაში და საკუთარ თავზე აიღო, რამენჯერმე საჯარიმოს უფლება მოიპოვა. ეგაა, ვერა და ვერ გაიტანა. ამ ტურნირზე უგოლოდ დარჩა.

ცენტრფორვარდი - ამ პოზიციის არცერთი ფეხბურთელი არ ყოფილა ნაკრებში. ვიცით, საერთოდ დეფიციტია. კარგი ცენტრფორვარდის შემთხვევაში კი, ჩეხებთან არ ვიცით და პორტუგალიასთან, ალბათ, მინიმუმ ერთ გოლს გავიტანდით.

რეალობას თვალი გავუსწოროთ. ეტყობა, მართლაც არ იყო ჩვენი ნაკრები იმ დონეზე, რომ სამივე მატჩი სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაეტარებინა.

ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელებში. A ჯგუფი. III ტური

თბილისი. "მიხეილ მესხი". 25 000 მაყურებელი

ჩეხეთი - საქართველო 2:0 (1:0)

ჩეხეთი: იედლიჩკა, ხალუში, კრალი, ჩვეია (გრანეჩნი 66), ჰოლიკი (ფრანტიშეკი 90+3), მარეჩეკი, სადილკი, ტიჩლერი, ჰაველკა, შაშინკა, ტურინა (გრაიციარი 81)

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვხლიანი, კუცია, ქოჩორაშვილი (საღრიშვილი 74), სამურკასოვი (არველაძე 67), არაბიძე, ჩაკვეტაძე, კოხრეიძე (ჩოგაძე 84)

გოლები: 1:0 შაშინკა (45+1), 2:0 ჰოლიკი (70)

გაფრთხილება: ჩვეია (55), ბურჯანაძე (61)

მსაჯი: კრისტოფენსენი (დანია)A

ბურთის ფლობა %: 48-52, დარტყმა: 12 (6) - 15 (3), კუთხური: 5-8, ჯარიმა: 15-10

1. პორტუგალია U19 3 2 1 0 5:3 7
2. ჩეხეთი U19 3 2 0 1 5:3 6
3. საქართველო U19 3 1 0 2 2:4 3
4. შვედეთი U19 3 0 1 2 4:6 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.330461