ფეხბურთი

19:10 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “ჰოლანდიაში ბევრი ვისწავლე”

არცთუ დიდი ხნის წინ შოთა არველაძემ უზბეკეთის ყველაზე სახელოვანი კლუბი “ფახთაქორი” ჩაიბარა. ამჟამად ტაშკენტელებს წარმატებული პერიოდი ნამდვილად არ უდგათ, თუმცა ქართველიც ამიტომ მიიწვიეს – კრიზისის დასაძლევად და ძველი დიდების დასაბრუნებლად.

“ფახთაქორის” ოფიციალურმა ვებგვერდმა შოთასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც საუბარი ძირითადად სწორედ უზბეკური გუნდის გარშემო იყო.

- როგორია თქვენი შთაბეჭდილებები “ფახთაქორსა” და უზბეკეთზე?

- პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შანსი მომცა მემუშავა და მეცხოვრა უზბეკეთში. განსაკუთრებით კლუბის პრეზიდენტ ბობურ შოდიევს. მან ამ მოკლე პერიოდში ბევრი გააკეთა “ფახთაქორისთვის”. ჩემთან ისაუბრა კლუბის შესახებ და დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდს ნათელი მომავალი აქვს. ვიცოდი, რომ უზბეკი ერი ძალიან სტუმართმოყვარე იყო და ტაშკენტში ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. აქ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და განწყობაც კარგი მაქვს.

- “ფახთაქორის” წინადადება მოულოდნელი იყო თქვენთვის?

- დიახ, არ ველოდებოდი. მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ მოულოდნელად ხდება და ასეთი რამ მომწონს.

- რა იცით, უზბეკური ფეხბურთი შესახებ?

- ვიცი გუნდის ისტორია – 1979 წლის წარმატებები და საჰაერო ტრაგედია, რომელიც ძალიან სამწუხაროა. ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ “ფახთაქორში”. მაგალითად, მანუჩარ მაჩაიძე. (ყველაზე დასამახსოვრებელი კარიერა "ფახთაქორში ზურაბ წერეთელს ჰქონდა - რედ) უზბეკეთის ნაკრების შესახებ კი, ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში გავიგებ.

- 1993 წელს თქვენ ითამაშეთ და ორი გოლიც გაუტანეთ “ფახთაქორს” თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში. “დინამომ” 5:2 მოიგო, ხოლო თქვენს გარდა არჩილმა და რეზიმაც ითამაშეს. გახსოვთ?

- ნამდვილად ვერ გავიხსენებ ამ შეხვედრას, მაგრამ მეგობრებმა მიამბეს ამის შესახებ. იმ პერიოდში, “დინამოში” სამი არველაძე მართლაც თამაშობდა.

- ყველაზე მეტად, რომელ უცხოურ გუნდს გამოარჩევდით თქვენი კარიერიდან?

- ყველა მომწონს – ისინი ჩემს კარიერას წინსვლაში დაეხმარნენ. სამწვრთნელო საქმიანობა კი, “აზ ალკმაარში” დავიწყე და ამას ყოველთვის ვამბობ. მარსელ ბრანსი და ლუის ვან გაალი ძალიან დამეხმარნენ. ამისთვის მათ მადლობას ვეუბნები. მე მიმუშავია ვან გაალთან, როლანდ კუმანთან, დიკ ადვოკაატთან.. “ქაისერისფორის” გენერალურ დირექტორ ჰურმას კი ჩემი სჯეროდა და იქ სამი წელი ვმუშაობდი.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ ჰოლანდიური სკოლის მოსწავლე ხართ?

- დიახ. რადგან, სწორედ ჰოლანდიაში ვისწავლე ძალიან ბევრი.

- ლუის ვან გაალი, რონალდ კუმანი და დიკ ადვოკაატი – რას სწავლობდით მათგან?

- მათ სხვადასხვა სტილი აქვთ და შესაბამისად ბევრი ვისწავლე. მათ შორის სხვაობაა როგორც მუშაობის სტილში, ისე პერსონაჟებში. თუმცა, სამივეს საერთო აქვს – წარმატებული მწვრთნელები არიან.

- როგორ ფეხბურთს ითამაშებს “ფახთაქორი”?

- უნდა გავაგრძელოთ კლუბის ტრადიცია – შემტევ და ლამაზ ფეხბურთს. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი და ეს მარტო სიტყვები არაა.

- რამდენიმე შეხვედრა ნახეთ უზბეკეთის ჩემპიონატიდან. რისი თქმა შეგიძლიათ ჩვენს ლიგაზე?

- ბევრის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. მაგრამ ვიცი, რომ გუნდები ტექნიკურ ფეხბურთელებს აქცევენ ყურადღებას და ყველას ბურთთან მუშაობა მოსწონს.

- როგორ მუშაობს თქვენ შტაბი?

- ყველა ასისტენტს თავისი მოვალეობა აქვს. ჩვენ ვმუშაობთ გუნდის პროგრესზე. დავაკვირდებით აკადემიასაც, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშონ. ჩვენი ფილოსოფია სწორედ ესაა – ახალგაზრდა მოთამაშეების კლასის ამაღლება.

- ვისი იდეა იყო არველაძეების ფონდის გახსნა და როგორ ხდება მისი საქმიანობა?

- სამმა ძმამ დავაფუძნეთ. მთავარი მიზანია დაეხმაროს ბავშვებს, რომ გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ამის შემდეგ ვფიქრობთ სპორტზეც. ფონდი უკვე 10 წელია არსებობს და შემიძლია ვთქვა, რომ დიდ შედეგებს მივაღწიეთ. ბავშვები უფრო მეტად დაკავდნენ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ პრემიერმინისტრის ფონდთან და ვცდილობთ დავეხმაროთ ბავშვებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

- რას ეტყვით “ფახთაქორის” გულშემატკივრებს?

- მივესალმები – მათ გარეშე ჩვენ არ ვართ დიდი კლუბი. ვმუშაობთ, რომ შევქმნათ ახალი და დიდი “ფახთაქორი”. კლუბის პრეზიდენტი და მთელი პერსონალი ყოველდღე მუშაობს ამისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105052