კალათბურთი

19:23 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

JUNIOR NBA-GBF ლიგის ფინალი და დაჯილდოვების ცერემონიალი 27 ივნისს გაიმართება

Junior NBA-GBF ლიგის ფინალისტები ცნობილია. 27 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 17:00 საათზე ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი „ჩიკაგო ბულსი“ და ქუთაისური „ლეიკერსი“ შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს ნახევარფინალური მატჩები მოიგეს და Junior NBA-GBF ლიგის მეორე გათამაშების მოსაგებად იბრძოლებენ.

პირველი ნახევარფინალი, რომელშიც „ზაზა-ჩიკაგომ“ „ჰიუნდაი-ფილადელფია“ 50:41 დაამარცხა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი პერიოდი ჰიუნდაელებმა 7:4 მოიგეს, ხოლო მეორე 8:9 დათმეს და დიდი შესვენებისთვის 2 ქულით ლიდერობდნენ. ზაზას აკადემიის გუნდმა გარდატეხა მესამე პერიოდში მოახდინა, რომელიც 20:12 მოიგო და წინ დამაჯერებლად გაჭრილს ლიდერობის ბოლომდე შენარჩუნება აღარ გასჭირვებია.

მეორე ნახევარფინალში „ლეიკერსის“ სახელით მოთამაშე ქუთაისის გუნდმა 55:29 დაამარცხა გორის „იუტა ჯაზი“ და ფინალში „ჩიკაგო ბულსს“ (ზაზას აკადემია) შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ Junior NBA-GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ. მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. Junior NBA-GBF ლიგა მეორე წელია, ტარდება და მასში 1000-ზე მეტი ბავშვია ჩართული მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სპეციალურად ფინალზე დასასწრებად დასაქართველოში Junior NBA-ის ევროპული ოფისის ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ, ხოლო ნბა-ს ელჩად Junior NBA-GBFლიგის ფინალზე წარმოდგენილი იქნება მარკო მილიჩი – სლოვენიის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რომელსაც ნბა-ში სოლიდური წარმატებით უთამაშია.

ხვალ, 27 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში 15:20 საათზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართბა, რომელშიც გორის „იუტა ჯაზი“ და „ჰიუნდაი-ფილადელფია“ დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი კი 17:00 საათზე დაიწყება. 13:00 საათზე გაიმართება საკალათურთო კემპი, რომელსაც ამერიკიდან ჩამოსული სპეციალისტები ქართელ მწვრთნელებთან ერთად ჩაატარებენ.

jrnbaleague.ge

თეგებიJunior NBA-GBF ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11016