ავტოსპორტი

0:08 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს ქაოსური რბოლა რიკარდომ მოიგო

აზერბაიჯანის დიდი პრიზის ქაოსურ რბოლაში, რომლის დროსაც, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა სამჯერ გამოვიდა და ერთხელაც რბოლა საერთოდ შეწყდა, გამარჯვება დანიელ რიკარდომ მოიპოვა. მეორე ადგილი ვალტერი ბოტასმა რბოლის ბოლოს დაიკავა მას შემდეგ, რაც ზედ ფინიშის ხაზთან გადაასწრო ლანს სტროლს, ვინც პირველად შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.

მხოლოდ მეოთხე და მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ სებასტიან ფეტელი და ლუის ჰამილტონი, რომლებიც ტიტულისთვის იბრძვიან. შუა რბოლისას, როცა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა იმყოფებოდა, მათ შორის ინციდენტი მოხდა, რომელიც ფეტელს პიტლეინზე 10-წამიან სტოპ-გოუ გაჩერებად დაუჯდა. უფრო მეტიც, რბოლის შემდეგ, პირად ანგარიშზე სამი საჯარიმო ქულაც დაეწერა.

რბოლა იმითაც იყო საინტერესო, რომ მის კვარცხლბეკზე ასვლა კიდევ რამდენიმე პილოტს შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლათ. სამაგიეროდ, პირველი ქულები მოიპოვა „მაკლარენმა“, რომლის ფერნანდო ალონსომაც ფინიში მეცხრე ადგილზე გადაკვეთა. თუმცა ეს ის შედეგი არაა, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს უოკინგელებთან დატოვებს.

რბოლის დაწყებამდე, რიკარდოს რბოლის მოგების ნაკლები პერსპექტივა ჰქონდა - სტარტზე მეათე ადგილზე იდგა. თან პიტ სტოპი უკვე მე-6 წრეზე შეასრულა, რის შემდეგაც პელოტონს კუდში აღმოჩნდა. თუმცა რაც ამის შემდეგ მოხდა, იმან ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ინციდენტები რბოლის დასაწყისიდანვე დაიწყო. კიმი რაიკონენმა მესამე მოსახვევში ბოტასის გასწრება სცადა და თითქმის გამოუვიდა კიდეც მანევრი, მაგრამ მოულოდნელად „მერსედესი“ კერბზე გავლისას მოცურდა და „ფერარის“ დაეჯახა. ორივე მანქანა დაზიანდა. რაიკონენმა ორი პოზიცია დაკარგა, ბოტასს კი ბოქსში რემონტზე შესვლამ მოუწია და იქიდან გამოსული, პელოტონის კუდში აღმოჩნდა.

მე-6 წრეზე რიკარდომ პიტ სტოპი შეასრულა, რის შემდეგაც ისიც პელოტონის კუდში აღმოჩნდა. ქაოსი კი მე-12 წრეზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც დანილ კვიატი გაჩერდა. იმის გამო, რომ მისი „ტორო როსოს“ უსაფრთხო ევაკუაცია შეუძლებელი გახდა, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ლიდერებმა ამით ისარგებლეს და პიტ სტოპი შეასრულეს. რესტარტამდე მაქს ფერსტაპენი გაჩერდა - ტექნიკამ უმტყუნა. ჰოლანდიელისთვის ეს ბოლო ექვს რბოლაში მეოთხე გაჩერება იყო.

რესტარტზე ფეტელს სერხიო პერესმა შეუტია, მაგრამ ჩემპიონატის ლიდერმა შეძლო პოზიციის დაცვა. სამაგიეროდ, რაიკონენს ფელიპე მასამ და ესტებან ოკონმა გაასწრეს. თან ისე, რომ ფინელის „ფერარი“ კვლავ ვერ გადაურჩა დაზიანებებს. ნარბოლევს ის იტყვის, რომ ორჯერ გამოეთიშა რბოლას. პრინციპში, ასეც იყო. თუმცა, იმ მომენტში მან რბოლა გააგრძელა.

ტრასაზე ყველგან ნამსხვრევები ეყარა, რომელთა მოშორებასაც ისევ უსაფრთხოების მანქანა დასჭირდა. მაგრამ რბოლის უსაფრთხოდ და უინციდენტოდ გაგრძელება ვერც მან უზრუნველყო. ციხესიმაგრის სექტორტში, მოულოდნელად ლიდერ ჰამილტონს უკნიდან ფეტელი დაეჯახა. ორივემ გზა გააგრძელა, მაგრამ გერმანელი ემოციას აჰყვა, უმალ გვერდში ამოუდგა მეტოქეს და ეს ისე მკვეთრად გააკეთა, რომ მათი მანქანები ბორბლებით ერთმანეთს დაეჯახა. ეს ინციდნტი მალე სტიუარდებმა ფეტელს 10-წამიან ჯარიმად შეუფასეს, რაც მას გამარჯვების დაკარგვად დაუჯდა.

რბოლა მე-20 წრეზე განახლდა, მაგრამ მცირე ხნით. რესტარტზე მასამ პერესს გაასწრო, რომელსაც იქვე ოკონმაც გაუარა, მაგრამ სანამ გაცდებოდა, უკანა მარჯვენა ბორბლით, წინა მარცხენაზე გადაუარა. ორივე მანქანა დაზიანდა. ოკონმა გზა გააგრძელა, მექსიკელმა კი ბოქსებისკენ აიღო გეზი. მასამ ფეტელს შეუტია, რაიკონენს კი ორი „ფორს ინდიას“ შეჯახებისას დაყრილმა ნამსხვრევებმა უკანა მარჯვენა საბურავი გაუხეთქა. სანამ ის ბოქსებში შესვლას შეძლებდა, საბურავის ნაფლეთმა უკან ფრთა დაუმტვრია. ასპარეზობა გააგრძელა, მაგრამ ფინიშამდე 5 წრით ადრე მაინც გაჩერებამ მოუწია.

ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რომელმაც ერთხელ პელოტონი პიტლეინზე გაატარა, თუმცა 22-ე წრეზე წითელი დროშები აფრიალდა და რბოლაც შეწყდა - ტრასის თითქმის ყველა მონაკვეთი ნამსხვრევებისგან გასაწმენდი იყო და მოძრავი პელოტონის პირობებში ეს შეუძლებელი იქნებოდა.

რესტარტზე რიკარდომ ორივე „უილიამსს“ გაასწრო და კვალში ლიდერებს ჩაუდგა. ნიკო ჰულკენბერგმა მასას გაასწრო, ორივე კი ერთდროულად კევინ მაგნუსენმა ჩამოიტოვა. მასას სხვებმაც გაასწრეს და მალე ბრაზილიელი საერთოდ გაჩერდა. არც ჰულკენბერგს გაუმართლა, რომელმაც წინა მარჯვენა საკიდარი კედელს მიამსხვრია.

30-ე წრეზე ჰამილტონს მოულოდნელი პრობლემა შეექმნა - მის მანქანაზე თავის და კისრის დამცავი რკალი დაიბერა... ბრიტანელს ხელით უწევდა რკალიდან ჰაერის გამოდევნა, რაც ხიფათის შემცველი იყო. ამიტომ, გუნდმა ბოქსში უხმო. იმავდროულად, სტიუარდებმა ჰამილტონსა და ფეტელს შორის მომხდარ ინციდენტში ფეტელს საქციელი დაუწუნეს და ჯარიმა გამოუწერეს. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ტრასაზე დაბრუნებულებმა პოზიციები გაცვალეს. ოღონდ, უკვე არა პელოტონის წინ, არამედ შუაში იმყოფებოდნენ.

ეს 34-ე წრეზე მოხდა. ლიდერის პოზიცია რიკარდომ გადაიბარა, რომელმაც ის აღარავის დაუთმო. „არ მჯერა. გადარეული რბოლა იყო. ასეთს შარშან ველოდით. ვიცოდი, კვარცხლბეკი შესაძლებელი იყო. მერე კი ლუისს და სებს პრობლემები შეექმნათ“, - ყვება რიკარდო, რომელმაც შარშანდელი მალაიზიური რბოლის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა. და ამას ისე როგორ აღნიშნავდა, თუ არა საკუთარი ფეხსაცმლიდან დალეული შამპანურით. სხვათა შორის, თასმები დევიდ კულტჰარდმა გაუხსნა. და სანამ თავად დალევდა, განსხვავებული სასმისით ღვინო კვარცხლბეკის ახალბედა სტროლს გაასინჯა. ჰო მართლა, სტროლი ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტია (18 წლისაა), ვინც კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო.

ქაოსი კი ბოლომდ გაგრძელდა. სტროლი კარგა ხანს მეორე ადგილს ინარჩუნებდა და ბოლო სწორზე რომ გავიდა, საკმაო მანძილით უსწრებდა ბოტასს, მაგრამ ფინელმა სლიპ სტრიმის და DRS-ის მეშვეობით შეძლო გასწრება.

აზერბაიჯანის დიდი პრიზი

ბაქო, ქალაქის ტრასა. დისტანცია 306.51 კმ (6.001 კმ, 51 წრე)

  1. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 2:03:55.573
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) +00:03.904
  3. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 00:04.009
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:05.976
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:06.188
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 00:30.298
  7. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 00:41.753
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:49.400
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 00:59.551
  10. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 01:29.093
  11. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 01:31.794
  12. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 01:32.160
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე

14გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 5 წრე

გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 12 წრე

გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 26 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 27 წრე

გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 40 წრე

გ. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 42 წრე

გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 45 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:43.441, 47-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 153 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 139; 3. ვალტერი ბოტასი - 111; 4. დანიელ რიკარდო - 92; 5. კიმი რაიკონენი - 73; 6. მაქს ფერსტაპენი - 45; 7. სერხიო პერესი - 44; 8. ესტებან ოკონი - 35; 9. კარლოს საინსი - 29; 10. ფელიპე მასა - 20; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 18; 12. ლანს სტროლი - 17; 13. კევინ მაგნუსენი - 11; 14. რომენ გროჟანი - 10; 15. პასკალ ვერლაინი - 5; 16. დანილ კვიატი - 4; 17. ფერნანდო ალონსო - 2

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 250 ქულა; 2. ფერარი - 226; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 137; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 79; 5. უილიამს-მერსედესი - 37; 6. ტორო როსო-რენო - 33; 7. ჰაას-ფერარი - 21; 8. რენო - 18; 9. ზაუბერ-ფერარი - 5; 10. მაკლარენ-ჰონდა - 2

0.113816