ავტოსპორტი

2:27 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა ბაქოში 66-ე პოული მოიპოვა

ლუის ჰამილტონმა აზერბაიჯანის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო, რითაც მის მიერ კარიერაში მოპოვებული პოულების რიცხვმა 66-ს მიაღწია. ეს კი ერთით მეტია ლეგენდარული აირტონ სენას მიღწევაზე და ორით ნაკლები - მიხაელ შუმახერის რეკორდზე.

ჰამილტონმა თითქმის ნახევარი წამით აჯობა თავის თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს. თუმცა ეს გამარჯვება არ იყო ისეთი იოლი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ფინელმა პილოტმა ბოლო წამებზე მოახერხა მისი ჩამოქვეითება. და რომ არა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის თავგანწირული ბოლო ცდა, პოული ბოტასს დარჩებოდა.

დანარჩენები კი, რომელთა შორისაც ყველაზე წინ კიმი რაიკონენია, პოულის დროს წამზე მეტით ჩამორჩნენ. არადა, ბოლო ცდაზე ჰამილტონს მცირე შეცდომაც კი მოუვიდა - მე-16 მოსახვევში ძლივს ჩაეტია.

„ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო წრე იყო, რაც კი ოდესმე გამივლია. პიველ წრეზე შეცდომა მქონდა, მაგრამ ის მაინც დავაფიქსირე. საბურავების სამუშაო ტემპერატურამდე გახურება გამიჭირდა, მაგრამ ბოლო წრეზე სულ უფრო და უფრო ვუმატებდი. ბოლო მოსახვევიდან რომ გამოვედი, გავიფიქრე, ნეტა საკმარისი იყოს. წინ ძნელი რბოლა გვაქვს, მაგრამ მას საუკეთესო პოზიციიდან დავიწყებთ“, - ყვება ჰამილტონი, ვინც ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს 12 ქულით ჩამორჩება.

ფეტელი მეოთხე დროს დასჯერდა და რაიკონენთან ერთად, მეორე რიგში დადგება. თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, ბევრი ელოდა, რომ „რედ ბული“ კვალიფიკაციაზე „მერსედესის“ და „ფერარის“ პილოტებს მეტოქეობას გაუწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დანიელ რიკარდოს კვალიფიკაციის მესამე ნაწილში კედელთან კონტაქტი ჰქონდა და უბრძოლველად დარჩა მე-10 ადგილზე. მაქს ფერსტაპენი კი მე-5 დროს დასჯერდა. ნარბოლევს ჰოლანდიელმა თავისი შედეგი ნაწილობრივ გადაცემათა კოლოფის სინქრონიზატორს დააბრალა. ამის გამო, სწორ მონაკვეთებზე სიჩქარე მაკლდებოდაო...

ფერნანდო ალონსომ ამ სეზონში პირველად ვერ შეძლო კვალიფიკაციის პირველი ბარიერის გადალახვა. ჯოლიონ პალმერი კი კვალიფიკაციაზე საერთოდ არ გამოსულა - მესამე პრაქტრიკაზე მომხდარმა ხანძარმა მისი მანქანა ძლიერ დააზიანა და „რენოს“ მექანიკოსებმა მისი დროულად მომზადება ვერ მოასწრეს.

აზერბაიჯანის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:40.593
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:41.027
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:41.693
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:41.841
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:41.879
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:42.111
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:42.186
  8. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:42.753
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:42.798
  10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:43.414

- - - - - - - - - -

  1. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:43.186
  2. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:43.347
  3. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:43.796
  4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:44.267
  5. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:44.603

- - - - - - - - - -

  1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:44.334
  2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:44.468
  3. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:44.795
  4. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:45.030
  5. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) დროის გარეშე
0.224705