ფეხბურთი

0:15 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოფენდერაციათა თასი: გერმანია და ჩილე დაზავდნენ (+VIDEO)

ფიფას კონფედერაციათა თასის მეორე ტურის გამორჩეულ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა. მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია კოპა ამერიკის გამარჯვებულ ჩილეს ნაკრებს დაუზავდა და B ჯგუფში ორხელისუფლიანობა შენარჩუნდა.

არადა, მატჩი სამხრეთამერიკელთა სწრაფი გოლით დაიწყო და თითქოს ხუან ანტონიო პიცის გუნდი უფრო მეტად მოტივირებულიც ჩანდა. მეექვსე წუთზე შოკოდრან მუსტაფიმ უხეში შეცდომა დაუშვა, რასაც ჩილეს სწრაფი შეტევა მოჰყვა - არტურო ვიდალმა ალექსის სანჩესი მოძებნა და „არსენალის“ ფორვარდმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ადვილად აჯობა - 0:1. საერთოდ, პირველ ტაიმში ჩილეს ნაკრები უფრო გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებდა და შეეძლო სხვაობა გაეზარდა კიდეც, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე საკუთარ კარში გაუშვა.

იონას ჰექტორმა მარცხენა ფლანგზე ჩინებულად ითამაშა და ლარს შტინდლს უპასა - „გლადბახის“ ფორვარდმა კი ბოძებული შანსი დიდებულად გამოიყენა და მიმდინარე გათამაშებაში მეორე გოლი მიითვალა. ტაიმიც ასე დასრულდა - 1:1.

აი, მეორე ნახევარი მეტად მოსაწყენი სანახავი გამოდგა. გუნდებს თითქმის არ ჰქონიათ რეალური საგოლე მომენტი და შესაბამისად სრულიად ლოგიკური იყო, რომ საბოლოოდ შეხვედრაში პირველი ტაიმის ანგარიში რომ დაფიქსირდა. თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი ალექსის სანჩესი გახდა, დამსახურებულადაც. ალექსისი სხვების ფონზე მართლაც აქტიური გახლდათ და მშვენიერი გოლიც შეაგდო.

ბოლო ტურის წინ კი, B ჯგუფს გერმანია და ჩილე 4-4 ქულით ლიდერობენ, ხოლო ავსტრალიისა და კამერუნის აქტივში მხოლოდ თითო ქულაა.

გერმანია - ჩილე 1:1 (1:1) VIDEO

ყაზანი, „ყაზან არენა“

მაყურებელი: 38 222

გერმანია (3-4-2-1): ტერ შტეგენი; გინტერი, მუსტაფი, სულე; კიმიხი, ჯანი, რუდი, ჰექტორი; გორეცკა, დრაქსლერი; შტინდლი

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

ჩილე (4-3-1-2): ერერა; ისლა, მედელი (დიასი 71), ხარა, ბოსეჟური; არანგიზი (სილვა 90), დიასი, ერნანდესი; ვიდალი; ვარგასი (როდრიგესი 82), სანჩესი

მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი

გოლები: 0:1 სანჩესი (6), 1:1 შტინდლი (41)

გაფრთხილება: შტინდლი (20), რუდი (60) - სანჩესი (64), ბოსეჟური (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 11 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ალირეზა ფაგანი (ირანი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.178432