ფეხბურთი

11:30 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ლეგიონერები და ევროტურნირები

უეფას ტურნირების ახალი სეზონის დასაწყისი კარსაა მომდგარი. უკვე ცნობილია ქართული გუნდების მომალავი მეტოქეებიც და ამის შესახებ ბუნებრივია, უკვე გამცნეთ. ახლა კი, ქართველ ლეგიონერებზეც გეტყვით. ანუ, ვისთან მოუწევთ ჩემპიონთა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების გუნდებს დაპირისპირება.

თავიდანვე გეტვით, რომ ასეთი საწყის ეტაპზე ბევრი არაა - ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართველის გუნდი ითამაშებს, ხოლო ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე - ოთხი.

ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგით დავიწყოთ: მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება გათამაშებაში ბელარუსის ჩემპიონი ბორისოვის „ბატე“, რომლის მეტოქე ჯერაც არაა ცნობილი. უფრო სწორედ, „ბატეს“ ორი ვარიანტი აქვს: სომხური „ალაშკერტი“ ან ანდორის ჩემპიონი „სანტა კოლომა“. მოკლედ, ბელარუსებს წესით შემდეგ ეტაპზე გასვლის პრობლემა არ უნდა შეექმნათ. მოგეხსენებათ, „ბატეს“ ღირსებას ნახევარმცველი ვაკო გვილია იცავს.

სამაგიეროდ, სერიოზული მეტოქე ჰყავს მაკედონიის ჩემპიონ „ვარდარს“, რომლის ღირსებას ჯაბა ჯიღაური იცავს. სკოპიელებს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად შვედეთის ჩემპიონის, „მალმეს“ ბარიერის დაძლევა მართებთ.

ოთხი წარმომადგენელი გვეყოლება ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე: ბაქოს „ინტერი“ სერბულ „მლადოსტს“ გაეჯიბრება. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანულ გუნდს ზაურ სვანაძე წვრთნის, ხოლო დაცვის ხაზში ვეტერანი ზურაბ ხიზანიშვილი ირჯება.

პავლოდარის „ირტიშიც“ აქვეა - ყაზახების რიგებში ლაშა დვალი დიდი ხნის გადასული არაა და ამჯერად ევროპა ლიგაზე მოუწევს ძალების მოსინჯვა. მეტოქე არცთუ ისე სახიფათოა - ბულგარული „დუნავი“.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს გიორგი გოროზია და კიდევ ერთი აზერბაიჯანული გუნდი „ზირა“ - მათი მოწინააღმდეგეც ბევრს ვერაფერს გვეუბნება: „დიფერდანჟი“ ლუქსემბურგიდან...

და ბოლოს, გიორგი ბერიძე - მას დაპირპისპირება ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოუწევს, რადგან სლოვაკური „ტრენჩინის“ ფეხბურთელია და ერთ-ერთი გამორჩეულიც.

მოკლედ, ესეც ქართული ლეგიონი ევროსარბიელის საწყის ეტაპზე. ვნახოთ როგორ გამოვლენ, როგორც ისინი, ისე რაც მთავარია ქართული კლუბები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134678